საქონელი შეიძლება საკვების გარეშე დარჩეს. უამინდობის გამო პრობლემამ უკვე იჩინა თავი და ზამთარი რაც უფრო მოახლოვდება, კიდევ უფრო გამწვავდება. ცალკე საძოვრებისა და სათიბების პრობლემა, ცალკე მოუსავლიანობა, ფერმერებს რთულ ვითარებაში ამყოფებს.
როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, კახეთში გვალვის გამო მოსავალი გაფუჭდა, ხოლო საძოვრებზე ბალახი გახმა. მისივე ინფორმაციით, კახეთში ყველაზე რთული ვითარება დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მოსავალი ხალხმა, ფაქტობრივად, ვერ აიღო. ჰექტარზე 300-400 კილო მოსავალი აიღეს (ყველაზე რეკორდული მოსავალი რაც 1 ჰექტარზე ვინმემ აიღო ეს - 1,5 ტონაა). არადა, წელს ნაკვეთები ყველამ კარგად დაამუშავა და შესაბამისი სასუქებიც შეიტანა. თუმცა, ამინდმა და ბუნებამ ასე გადაწყვიტა და მოსავალი აღარ არის. საკვები ბაზა საშინელ მდგომარეობაშია. საძოვრებზე საერთოდ ბალახი არ არის და რა ეშველება ჩვენს ხალხს არ ვიცი", - აცხადებს გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამომავლოდ ხორცისა და რძის პოდუქტების გაძვირებასაც არ გამორიცხავს, რადგანაც მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის გამოკვება ფერმერებს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ზამთრის პირზე ფერმერები მხოლოდ იმპორტირებული მარცვლეულის იმედად რჩებიან.
"ზამთარში საკვები ისედაც ძვირდებოდა. შარშან ქერის ფასმა ერთ კილოზე 0,60-0,70 ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც მოსავლის აღების პერიოდში ქერის ღირებულება 0,35-0,40 ლარი იყო. წელს კი მოსავლის აღების პერიოდში მისი ღირებულება უკვე 0,50 ლარია და ზამთარში მისი ფასი, შესაძლოა, 1 ლარამდეც კი ავიდეს. ეს ყველაფერი კი ფერმერისთვისაც საკმაოდ რთულია და მას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
გლეხებს, ზამთრისთვის, ზოგადად საკვების მომარაგება უჭირთ და ამ ზამთარში პირუტყვს როგორ შეინახავენ ,არ ვიცი. ზოგი იმაზეც ფიქრობს, რომ თუ როგორ მოიშოროს პირუტყვი, რადგანაც ზამთარში მის შენახვას ვერ მოახერხებენ", - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მთლიანად ქვეყნის პრიორიტეტია, მათ შორის, მეცხოველეობაც. ამ ეტაპზე დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იგეგმება საჯიშე მეურნეობების გაძლიერება, ხელოვნური განაყოფიერების სადგურების ქსელის გაფართოება, საკვები კულტურების წარმოება და ხარისხის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტის მკაცრი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა საძოვრების დეფიციტია.
"საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და საძოვრების დეფიციტი ისედაც არსებობდა. ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს. არ შეიძლება გადახნა ისეთი საძოვარი, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ასეულობით სახეობის ბალახი ამოდის", - განაცხადეს სამინისტროში.
გონაშვილს კი იმედი აქვს, რომ სახელმწიფო რაიმე სახით სექტორს დახმარებას გაუწევს, რათა სამომავლოდ მაინც ადამიანებმა მიწის დამუშავება და მარცვლეულის დათესვა შეძლონ, მით უმეტეს, რომ ფერმერთა ნაწილმა ბანკებს საკუთარი პრობლემების შესახებ უკვე აცნობა.
"ქერი და ხორბალი აუცილებლად შემოსატანი გვექნება, რადგან ადგილობრივი წარმოება, ფაქტობრივად, არ არის. ეგ კი არა, სამომავლოდ სათესლე მასალაც აღარ არსებობს. ამ მიმართულებით მაინც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სათესლე მასალით მაინც მოამარაგოს, თორემ გამორიცხულია, რომ მომავალი წლისთვის ფერმერებმა რაიმის დათესვა მოახერხონ", - აცხადებს ბექა გონაშვილი.
ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება რელიგიურ
და ეთნიკურ დაპირისპირებად არ უნდა გადავაქციოთ!
საქართველოს ეკლესია სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს გმობს
საქართველოს ეკლესია სომხური ეკლესიის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს გმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
ა.წ. 22 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში, ვაზგენ მირზახანიანს შორის.
შეხვედრა ეხებოდა თბილისში სომხური ეკლესიის მიმდებარედ 20 ივლისს მომხდარ ფაქტს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოიშვა და არ ატარებს რელიგიურ და ეთნიკურ ხასიათს, რასაც თითქმის ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. თუმცა, არიან ერთეული გამონაკლისები, რომლებიც არასწორ და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც სამწუხაროა.
საქართველოს ეკლესია გმობს აღნიშნულ ინციდენტს და დაპირისპირებაში მონაწილეთ სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. ამასთან იგი, როგორც ყოველთვის, შეეცდება, ხელი შეუწყოს პრობლემების მოგვარებას და ქვეყანაში არსებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010