მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-07-23
"ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ავანსად გაცემული ნდობის მანდატი უსაზღვრო არაა"

არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საარჩევნო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელს კახა კახიშვილს ესაუბრა.- ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, უკანასკნელი არჩევნები საქართველოს არჩევნების ისტორიაში ყველაზე კომპლექსური და რთული არჩევნები იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით, ერთი მხრივ, ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობას და, მეორე მხრივ, არჩევნების შედეგებს.
- თვითმმართველობის არჩევნები, სხვა დანარჩენთან შედარებით, ყველაზე რთულია. თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიები თავისი კანდიდატის გამარჯვებისთვის იბრძვიან, თუ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია და მისი მხარდამჭერები იბრძვიან პარტიისთვის და თავისი მაჟორიტარებისთვის ხმების მოსაზიდად, თვითმმართველობის არჩევნებში ჩართულია პარტიების მთელი სპექტრი, ვინაიდან ამ არჩევნებზეა დამოკიდებული მომავალი სამი წლის განმავლობაში მათი და მათი ახლობლების დასაქმების საკითხი - განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენთან ხომ დასაქმება იმას უკავშირდება, რომელი ახლობელი სად დაინიშნება. პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული არიან არა მარტო ამა თუ იმ კანდიდატის პოლიტიკური პარტნიორები, არამედ ახლობლები და ნათესავები. ამიტომაც იყო, რომ ხშირად დაპირისპირება კონფლიქტებში გადადიოდა. ამ არჩევნებზე იყო ბრძოლა დაახლოებით 1900 მანდატისთვის.
ეს არჩევნები ჩატარდა იმ საარჩევნო კოდექსის პირობებში, რომელიც მიიღო და აგურ-აგურ ააწყო "ერთიანმა ნაცმოძრაობამ" თავისი მმართველობის პერიოდში. ფაქტობრივად, ეს კოდექსი სახელისუფლებო პარტიას აძლევს ისეთ ბერკეტებს, რომ ყველა არჩევნებზე მუდმივად გამარჯვებული გამოვიდეს. განურჩევლად იმისა, რეალურად რა რაოდენობის ამომრჩეველი უჭერს მას მხარს. "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შეიტანა ერთადერთი ცვლილება, რომელიც უკავშირდებოდა 50(-იანი ბარიერის აწევას მერების არჩევისთვის. ამან გამოიწვია მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა. მეორე ტურის ჩატარება ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე პირველ ტურში მერების 30(-ით არჩევა.
თუ ამ არჩევნებს შევადარებთ "ნაცმოძრაობის" დროინდელს, ეს არჩევნები აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. "ნაცმოძრაობა" არჩევნებს არჩევნებამდე იგებდა - თუ როგორ, ეს ცალკე საუბრის თემაა.
- "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა არჩევნების მსვლელობისას და არჩევნების შეფასებისას საკმაოდ ბევრი კრიტიკული შენიშვნა გამოთქვეს. თქვენ როგორ შეაფასებდით მათ. რომელს გაიზიარებდით, რომელს - არა და რატომ.
- "ნაცმოძრაობა" ცდილობდა მაქსიმალურად გაემწვავებინა პროცესები. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული ხარვეზები იყო. ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია ხელოვნურად აცხადებდა უარს საარჩევნო საჩივრების განხილვაზე. ძირითადად, ეს ხდებოდა საუბნო და საოლქო კომისიებში. ვინც დღეს არიან წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, წინა წლებშიც იყვნენ და საკმაოდ გამოცდილები არიან. ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ რაც შეიძლება ნაკლები საჩივარი განეხილათ ადგილებზე. ამის საშუალებას მათ არსებული საარჩევნო კოდექსი აძლევდა.
მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებს "ნაცმოძრაობის" დროინდელ არჩევნებს ვერ შევადარებთ. "ნაციონალების" დროს არჩევნების დღეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მაგრამ კენჭისყრის დღემდე საარჩევნო წლის დადგომისთანავე იწყებოდა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მორალური განადგურება. ამას ემსახურებოდა მთელი მედია გამონაკლისების გარდა და ამას ემსახურებოდა მთელი ძალოვანი სტრუქტურა დაწყებული ფინანსური პოლიციით, დასრულებული საგადასახადო სამსახურებით. აღარაფერს ვამბობ ამ მიმართულებით სპეცსამსახურების ქვედანაყოფების, კუდისა და სოდის და შსს-ს აქტიურობაზე. ლიდერებს ხელს არ ჰკიდებდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მუშაობდა მედია. ძალოვნები ამ ლიდერს აცლიდნენ მხარდამჭერებს და კენჭისყრის დღეს ლიდერი პრაქტიკულად მარტო რჩებოდა.
- ფაქტია, რომ როგორც 15 ივნისის არჩევნებზე, ისე განმეორებით ტურში ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო. თქვენი აზრით, ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნების არსი მთელი სისრულით ვერ გააცნობიერა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო დაბალი აქტივობის მიზეზი.
- არ ვეთანხმები აზრს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის გამოირჩევა დაბალი აქტიურობით. აქტივობა მაშინ იყო დაბალი, როცა ხალხი ირჩევდა უუნარო საკრებულოს წევრებს. ყველამ კარგად იცოდა, რომ საკრებულო აბსოლუტურად არაფერს არ წყვეტდა და ვინ იქნებოდა რომელი ქალაქის საკრებულოს წევრი, ეს მოსახლეობას დიდად არ ანაღვლებდა. ხალხმა კარგად იცოდა, რომ რეგიონებში ყველაფერზე გადაწყვეტილებებს გუბერნატორი და მერი იღებდნენ. საკრებულოები იყო მხოლოდ დემოკრატიის ანტურაჟი. დღეს, როცა თითქმის ყველა საკრებულოში მანდატები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს აქვთ მიღებული, საქართველოს პირობებში არჩევნებზე აქტივობა უნდა ყოფილიყო საკმაოდ მაღალი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყოს მაღალი აქტივობა. საარჩევნო კოდექსში რომ ყოფილიყო დათქმა, როდის ითვლება არჩევნები ჩატარებულად, მოსახლეობის რა პროცენტმა უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, მაშინ ხელისუფლებას მოუწევდა ემუშავა აქტივობის ასამაღლებლად.
არჩევნებმა აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებაში" მართვის კრიზისია. აშკარად ჩანდა, რომ ლიდერებამდე ამა თუ იმ საკითხზე სრული ინფორმაცია არ აღწევდა, ან თუ აღწევდა, მხოლოდ დაგვიანებით და ისიც არასრულყოფილად. "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო მმართველი კოალიცია, ჩვენ ნამდვილად არ ვიმსჯელებდით მისი საარჩევნო შტაბის გამართულობაზე და იმაზე, თუ რამდენად სწორი ინფორმაცია მიდიოდა მათ შტაბში რეგიონებიდან. არ ვისაუბრებდით კოალიციის შეცდომებზე არჩევნების მსვლელობისას. ვინაიდან, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და იკვეთება მართვის კრიზისის ნიშნები - იგი დამაფიქრებელი უნდა იყოს თავად ხელისუფლებისათვის.
ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ძალიან მაღალი მოტივაცია ჰქონოდა. მეტიც, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ის, რომ საარჩევნო ბიულეტენებში გაჩენილიყო ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმის გრაფა. იმ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ მოხიბლულები არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციის კანდიდატებით, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. იმ ადამიანების ბიულეტენი, ვისაც ყველას წინააღმდეგ შეეძლოთ მიეცა ხმა, მოქმედი კანონმდებლობით, ბათილად მიიჩნევა, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გაიზარდოს მის მიერ მიღებულ ხმათა პროცენტი.
არჩევნების შედეგით ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ 2012 წელს "ქართული ოცნებისათვის" ავანსად გაცემული ნდობის მანდატი უსაზღვრო არ არის და იგი იწურება. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის მართვას იმ სტილში, რა სტილშიც 2012 წლის ოქტომბრიდან მართავს, ეს მისთვის აშკარად წამგებიანი იქნება. ხელისუფლებას არა აქვს ხალხთან კომუნიკაცია, გადასულია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, კაბინეტების რემონტზე, პრემიების გამოწერაზე და ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე, რაზეც საზოგადოება უარყოფითად რეაგირებს.
- ახალარჩეულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება. რეგიონებშიც ნავარაუდევია საჯარო მოხელეებისათვის ატესტაციების ჩატარება. თქვენი აზრით, მმართველი პარტია ხომ არ გაიმეორებს "ნაცმოძრაობის" პრაქტიკას და საჯარო სამსახურიდან დაითხოვს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით.
- ახალარჩეულ თბილისის მერს დავით ნარმანიას საკმაოდ რთული პერიოდი ელის. დღევანდელ პირობებში მერიის მართვა მისთვის მარტივი ნამდვილად არ იქნება. დღევანდელი საკრებული აღარ იქნება მხოლოდ დემოკრატიის ანტურაჟის როლში, როგორც ეს უგულავას დროს იყო. ნარმანიას ძალიან სერიოზულად მოუწევს მუშაობა იმისთვის, რომ ოპტიმიზებული მერიის თანამშრომლებთან ერთად თბილისს შესთავაზოს განვითარების ისეთი გეგმა, რომელიც მისაღები იქნება თბილისელებისთვის.
საკრებულოში რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტია შესული და არის ნიშნები, რომ საკრებულო აღარ იქნება მორჩილი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ისინი აღარ შეასრულებენ მერიისათვის ნოტარიუსის როლს. ფაქტია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა საკმაოდ გავლენიანი იქნება. ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საჭირო იქნება აქტიურ კომუნიკაციაში ყოფნა.
რაც შეეხება სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის ალბათობას. ილუზიაა იმის მტკიცება, თითქოს "ნაციონალების" დროს თვითმმართველობის ორგანოებში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ ინიშნებოდნენ და ინიშნებოდნენ მხოლოდ ცოდნითა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით კონკურსის საფუძველზე. კონკურსები დე იურე ტარდებოდა, მაგრამ დე ფაქტო ამ "კონკურსებს" კონკურსთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. კონკურსი იყო ფიქცია. კონკურსებს დღევანდელი ხელისუფლებაც ჩაატარებს.
- რა იქნება ნარმანიას პირობებში. ყველამ იცის, რომ დღემდე თბილისის მერიაში დასაქმებული იყვნენ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით. ზოგი უბრალოდ ხელფასს იღებდა სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში თითქოსდა საქმიანობით. "ნაცმოძრაობის" აქტივი სახელმწიფოს ხარჯზე ემსახურებოდა პარტია "ნაცმოძრაობას". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნარმანიამ ყველა ერთი ხელის მოსმით უნდა გაუშვას. ეს დამოკიდებული უნდა იყოს იმ ცოდნაზე და კვალიფიკაციაზე, რომელიც მათ აქვთ. ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამსახურიდან უმიზეზოდ გაშვებული თანამშრომლები სასამართლოში გაასაჩივრებენ გათავისუფლებას. მერია მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მას სასამართლოებში ბევრ საკითხებზე დავა მოუწევს.
- აშშ-ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოებმა არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ "გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრულმა სამართლებრივმა ქმედებებმა დაძაბა წინასაარჩევნო გარემო". საელჩოებმა ასევე მიმართეს მთავრობას "შეინარჩუნოს სტანდარტი სამართლებრივი პროცედურების წარმოებისას". უგულავასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების, გამოძიების წარმოებისა და პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით უამრავი შენიშვნა და კრიტიკა იქნა გამოთქმული. ახალი ხელისუფლება "პროცედურულ დემოკრატიას" კი დაგვპირდა, მაგრამ საკმაოდ ბევრ ადამიანს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების მისამართით პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
- ვიცი, რომ თქვენ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ, საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებს პროკურატურა ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეების კვალიფიციურად გამოძიებას.
- როდესაც მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენზე უფრო ღრმა და ძველი დემოკრატიის ქვეყნებში აქცენტი კეთდება საქმეების პოლიტიზებაზე. სარკოზის დაკავების შემდეგ თავად სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის სასამართლო იმყოფება პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მან თავისი განცხადება არგუმენტებით ვერ გაამყარა, სამწუხაროდ, ჩვენთან არის მაგალითები, როცა "ნაცმოძრაობას" ეძლევა საშუალება არგუმენტებით გაამყაროს კონკრეტული მოსაზრება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.
უგულავასთან დაკავშირებით ძირითადი აქცენტი, მათ შორის, ქალბატონ ეშტონის განცხადებაში, გაკეთებულია მორატორიუმის დარღვევაზე. არავინ არ საუბრობს ბრალის საფუძვლიანობაზე, პროკურატურის კონკრეტულ არგუმენტებზე, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების კანონიერებაზე.
- ისმის კითხვა - რა არის მორატორიუმი. პროკურატურის საქმიანობა დადგენილია კანონით "პროკურატურის შესახებ". პროკურორები და გამომძიებლები ქმედებებს ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, არც კანონში "პროკურატურის შესახებ", სიტყვა "მორატორიუმის" შესახებ არაფერია ნათქვამი. საარჩევნო კოდექსშიც, რომელიც არეგულირებს საარჩევნო კამპანიას და ხმების შეჯამებას, ასევე არაა არაფერი ნათქვამი "მორატორიუმზე". ისმის კითხვა, საერთოდ, რა მორატორიუმზეა საუბარი და რატომ დათანხმდა მორატორიუმს ხელისუფლება.
- ყველაზე სასაცილო და უცნაური არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ღარიბაშვილისგან ითხოვდნენ ხელები შორს ჰქონოდა პროკურატურისაგან და გავლენის ბერკეტები არ ჰქონოდა მასზე, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეუბნებიან ბატონ ღარიბაშვილს: იქნებ რამე ბერკეტი აღმოაჩინო და პროკურატურაზე და შსს-ზე იქონიო გავლენა და მათ ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გადადონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გამოძიების ჩატარებაო. ეს თავისთავადაა აბსურდი. იგივე რომ მოეთხოვათ ღარიბაშვილისაგან კუბლაშვილთან დაკავშირებით - იქნებ, კუბლაშვილს უთხრათ, რომ სასამართლომ გადადოს იმ საქმეების განხილვა, რომელშიც პოლიტიკოსები ფიგურირებენო, - რამხელა აბსურდი იქნებოდა.
ჩემი აზრით, თავად ღარიბაშვილის მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც იგი დათანხმდა საერთოდ უკანონო მორატორიუმს. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერმა მიმართა პროკურორს მორატორიუმის დაცვასთან დაკავშირებით, პროკურორს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ პროკურატურა არის დეპოლიტიზებული, ის ვერ დაემორჩილება პოლიტიკურ ამინდს. მისი სამსახურის, ანუ პროკურატურის ამოცანაა მხოლოდ გამოძიებაზე ჭეშმარიტების დადგენა და არა გამონაკლისების და მორატორიუმების დაცვა, რომელიც საერთოდ არ ზის სამართლებრივ ჩარჩოებში. იგივე უნდა გაეკეთებინა სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც. სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზების ნიშნები არსებობს, მაგრამ მორატორიუმები და გამონაკლისები სისტემას ვერანაირად ვერ გამოასწორებს. ამას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა, რომელიც ნამდვილად მოახდენს სისტემის რეალურ დეპოლიტიზებას.
- იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა -- კარგია, რომ შევარდნაძე "ვარდების ხელისუფლების" სცენიდან გაყვანას მოესწროო. თუ ქალბატონი თეა ქართულ პოლიტიკურ სცენას გულისხმობდა, ფაქტია, რომ ამ სცენაზე "ნაცმოძრაობა" საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი და იგი ამ სცენის აქტიური აქტიორია. კოალიციის ლიდერები ხშირად იმასაც აცხადებდნენ, რომ მათ უკანასკნელი არჩევნებით ხელისუფლებიდან გააცილეს "ნაციონალები". თქვენც ასე ფიქრობთ.
- ჩემი აზრით, ეს არის მითი, რომელიც, ალბათ, სასიამოვნო მოსასმენია ძალიან ბევრი ადამიანებისთვის, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ 2016 წლამდე საკმაოდ ბევრი დროა. ჯერ ერთი, თვითმმართველობის არჩევნებზე არ წყდება პოლიტიკური პარტიის "რადარიდან გაქრობა."
2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელზეც კოალიციას არ ჰყავდა პოპულარული კანდიდატი, "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო მილიონ 12 ათასი ხმა, მაშინ, როდესაც დავით ბაქრაძემ მიიღო 364 ათასი ხმა. ადგილობრივ არჩევნებზე პირველ ტურში "ოცნებამ" მიიღო 720 ათასზე მეტი ხმა. თბილისში "ნაცმოძრაობამ" დაახლოებით დაკარგა 30 ათასი ამომრჩეველი. ვინაიდან დააფიქსირა 340 ათასამდე ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობა" რადარიდან არ გამქრალა. იგი 2016 წლამდე ისარგებლებს საპარლამენტო ტრიბუნით როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
ასე რომ, არ ვფიქრობ თითქოს ადგილობრივი არჩევნების შედეგად "ნაცმოძრაობა" პოლიტიკური სცენიდან გაქრა. პირიქით, იგი "ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა. მას შეუქმნა ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტის იმიჯი. ვიმეორებ, ხელისუფლებას აწყობს "ნაციონალების" მსგავსი დისკრედიტებული პოლიტიკური ძალა, რომელიც 2016 წლამდე ყველა პოლიტიკურ პროცესში და გადაწყვეტილებების მოღებაში იქნება ჩართული.
თუ "ოცნებამ" ასე გააგრძელა საქმიანობა, შესაძლოა, მან 2016 წლის არჩევნები მოიგოს, სხვაზე უფრო წარმომადგენლობით შევიდეს პარლამენტში, მაგრამ მარტო ვერ შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. თავად კოალიციას მოუწევს სხვა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად უმრავლესობის შექმნა.

ესაუბრა კობა ბენდელიანი











ავტორი:  მანანა ნოზაძე


კალენდარი
აპრილი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
13
14
15
19
20
21
22
27
28
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი