ამ ჩვენს მყვირალა სატელევიზიო რეკლამებს თუ დავუჯერებთ (ან რატომ არ უნდა დავუჯეროთ, როდისმე მოვუტყუებივართ, თუ.!), ან კიდევ ღია ეთერით მმოძღვრავ სამკურნალწამლო დარგის ცალკეულ თავკაცებს, ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისეთი საღსალამათი კონკურენციაა გაჩაღებული, რომ მედიკამენტებზე აქა-იქ შემორჩენილი მაღალი ფასებიც კი სულ პანტაპუნტით ცვივა. მეც ასე მეგონა, მაგრამ ორი დღის წინათ ერთ-ერთ ასეთ იაფფასიან აფთიაქში წამლების საყიდლად რომ შევედი, იქ სულ სხვა სურათი დამხვდა.
- შვილო! - მიმართავს თეთრწვერა პენსიონერი თეთრხალათიან ქალბატონს, - აბა ნახე მაგ კომპიუტერში, "სენადე" არა გაქვთ.
- კი, ბაბუ, გვაქვს, როგორ არა გვაქვს, რამდენ ფირფიტას ინებებთ.
- ერთი იყოს, შვილო, ბევრის ფული სადა მაქვს.
- კეთილი, ერთი ფირფიტა ლარი და 70 თეთრი დაგიჯდებათ.
- ვა, ამდენი კაცო. - განცვიფრდა ბერიკაცი, - ამ ერთი კვირის წინათ რო ვიყიდე, ლარი და 10 თეთრი გადავიხადე, ახლა რა ბზიკი შეუჯდა.
- ბზიკი რა შუაშია, ბაბუ, ამ ბოლო დროს მარტო "სენადემ" კი არა, სხვა წამლების ფასმაც მოიმატა - აუხსნა აფთიაქარმა.
- ხედავთ, რას მეუბნება, ხალხო. - შემოტრიალდა მოხუცი, - სხვა წამლების ფასმაც მოიმატაო! თითქოს ეს ჩემთვის შეღავათი იყოს. მე თქვენ გეკითხებით, ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დამთავრდეს წამლებზე ცეცხლის კიდება.
- დამშვიდდით, ბაბუ, - შეეცადა თეთრხალათიანი პენსიონერის დაწყნარებას, - წამლები მართალია გაძვირდა, მაგრამ სამაგიეროდ მათ ფასდაკლებით ვყიდით.
- ფასდაკლებით. - შეეჭვდა ბერიკაცი.
- ჰო, ფასდაკლებით. აი, მაგ "სენადეში", მაგალითად, რომელიც ლარი და 70 თეთრი ღირს, ფასდაკლებით სულ რაღაც ლარსა და 35 თეთრს გადაიხდით.
- ნუ გააძვირებდით, ბატონო, და აღარც ფასდაკლება დაგჭირდებოდათ. ახლა რა გამოდის, მეუბნებით ფასდაკლებით გაძლევთო და სინამდვილეში ფასნამატით მაყიდებთ. ტარანი ანგარიშით არ არის, კაცო, ფირფიტა "სენადე" ლარი და 10 თეთრი ღირდა, ახლა ლარი და 35 თეთრი უნდა გადავიხადო და თანაც უნდა დავიჯერო, რომ ფასდაკლებით მომცეს. ეს ხომ აშკარა თვალმაქცობაა.!
- გშველით მაინც, ბაბუ, ეგ რაღაც "სენადე", ავადობის დაძლევაში. - დაინტერესდა ახალგაზრდა სათვალიანი მამაკაცი.
- არა შვილო, ეს სენს არ კურნავს, უბრალოდ კუჭს ეხმარება საჭმლის მონელებაში. ამ წამალს ძირითადად ჩემნაირი ხანდაზმული ადამიანები ხმარობენ, მაგრამ ისე ვატყობ, მოკლე ხანში პენსია მარტო წამლებსაც არ ეყოფა, საკვებს საერთოდ ვეღარ ვიყიდი და შესაბამისად მისი მომნელებელი პრეპარატიც აღარ დამჭირდება.
- აი, მაშინ კი ნაღდად გაიაფდება "სენადე"! - გაიღიმა ირიბად სათვალიანმა.
- ზოგს შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს ეს ამბავი, - ჩაერია საუბარში ხანდაზმული მსუქანი ქალბატონი, - მაგრამ რეალობა, რომელშიც პენსიონერები აღმოვჩნდით, მძიმე და შოკისმომგვრელია. ფართო მოხმარების პრეპარატი "ნოშპაა", რომელიც 5,40 ლარი ღირდა, ახლა 6,60 ლარი გახდა, "პუროქსანის" ფასი 15 ლარიდან ერთბაშად 19 ლარამდე გაიზარდა. გული სისტემატურად მაწუხებს და მუდმივად მჭირდება წამლები, რომელთა შეძენის შემდეგ ლამის პურის ფულის გარეშე ვრჩები. ჩემი დაკვირვებით, ხალხის მოსაჩვენებლად გამოცხადებულ ფასდაკლების დღეებში აფთიაქები პრეპარატებს ძველი ფასებით ყიდიან, დანარჩენ დღეებში კი მომატებულ ფასში. გამოდის, რომ გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლითაც ასერიგად ამაყობენ ფარმაცევტული კომპანიები, უბრალოდ მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი.
- სრულ სიმართლეს ღაღადებთ, - დასტური მისცა მსუქანას მის უკან მდგომმა ჩაფსკვნილმა მამაკაცმა. მართალია, ფასდაკლების დღეებში წამლები შედარებით იაფი ღირს, მაგრამ დანარჩენ დღეებში იმდენად ძვირია, რომ იმ ორი დღის შეღავათს მთლიანად ფარავს. ეგეც არ იყოს, პაციენტს ზოგი მედიკამენტი სასწრაფოდ სჭირდება და ფასდაკლების დღეებს ხომ ვერ დაელოდება.
ვერაფერს იტყვი, მძიმე სურათია. მომხმარებელი წუხს, რომ ის მედიკამენტებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ როგორღაც გაიაფდა, სულ მალე ისევ გაძვირდა. ამიტომ მოსახლეობის უკმაყოფილება თანდათან იზრდება, როგორც ისინი აცხადებენ, თითქმის ყველა აფთიაქში მორიგი ვიზიტისას მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები ხვდებათ. ეს ეხება წამლების დაბალი ფასებით გამორჩეულ "ფარმადეპოებსაც", რომელიც ფასების ზრდის ქართულ ეპიდემიას ვერც თავად გადაურჩა. პირიქით, ზოგი მედიკამენტი "ფარმადეპოს" ქსელში უფრო ძვირიც კი ღირს, ვიდრე სხვა ფარმაცევტულ ობიექტებში.
იქნებ ვინმემ აგვიხსნას, ფარმაცევტულ ბაზარზე ასეთი ვაიუშველებელი რა ხდება. არაფერიც არ ხდებაო, გულს გვიმშვიდებენ თავად ფარმაცევტული კომპანიების თავკაცები, ზოგს შეიძლება ეჩვენება, თორემ აფთიაქებში ფასები სულ უფრო იკლებს და ეს ტენდენცია მომავალში უალტერნატივოდ გაგრძელდებაო.!.
ასე ფიქრობენ ფარმაცევტულ კომპანიათა მესვეურები და მე პირადად ამაში ულოგიკობას ვერ ვამჩნევ. რა თქმა უნდა, იმათთვის, ვინც თავის დროზე ნაცების ხელისუფლებასთან იყო ჩახუტებული და არც ამჟამად კოალიციურ მთავრობასთან გრძნობს თავს დაჩაგრულად, არაფერიც არ შეცვლილა, სამკურნალწამლო ბიზნესში ადრეც მონოპოლისტები აწესებდენნ ფასებს და ახლაც, ჩვენ გვაბოლებენ კონკურენტები ვართო, თორემ სინამდვილეში ერთმანეთს ფასების მომატებაში ეჯიბრებიან.
ზემოთაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, დედაქალაქის ფარმაცევტულ ბაზარზე ამ ხუთიოდე წლის წინათ "ფარმადეპოს" სახელით შემოსულმა აფთიაქმა წამლების 25-30 პროცენტის ფასდაკლებით გაყიდვა რომ დაიწყო, ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. იმხანად ვინც კი ფინანსურ ხელმოკლეობას განიცდიდა (ასეთი კი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტია), ყველა იმ აფთიაქს მიაწყდა. მაგრამ განვლო ცოტა დრომ და "ფარმადეპოს" გვერდით სოკოებივით იბარტყეს "ფარმაცენტრებმა", რომლებმაც ვითომ კონკურენციის მოტივით, წამალზე ფასები დროებით დასწიეს.
როგორი კონკურენტებიც არიან ისინი, ვაჟა-ფშაველას 6 ნომერში ერთმაენეთის გვერდიგვერდ მომუშავე "ფარმადეპოსა" და "ფარმაცენტრის" მოღვაწეობიდანაც ჩანს. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ კონკურენციას გარიგება ამჯობინეს და დეზერტირის ბაზარში მოვაჭრე გადამყიდველებივით, ფასებზე წინასწარ შეთანხმდნენ. მათ მიემატნენ სადაზღვევო კომპანიები და ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც მოეპრიანებათ და რაც მოეპრიანებათ, იმას აკეთებენ.
სადაზღვევო საქმიანობას აემგზავრა სხვა უარესი სენიც - კომერციალიზაცია, რომელიც აღვირახსნილად შეიჭრა სადაზღვევო მედიცინაში. ამაზე უკვე ღიად საუბრობს პროფესორი არჩილ ხომასურიძე, რომელიც აცხადებს, რომ "ზოგიერთი მისი კოლეგა პაციენტს უნიშნავს წამალს, რომელც მას არ სჭირდება" (ეტყობა, მოქრთამულია ფარმაცევტული კომპანიის მიერ). მეტიც, მაგალითად, ქალს უკეთებენ ოპერაციას, რომელიც მას არ სჭირდება (ჩვენ სფეროს ვგულისხმობ). კომერციალიზაციის გამოვლინებაა ჰიპერდიაგნოსტიკა, ანუ არ სჭირდება ამდენი ანალიზი, გამოკვლევა და მაინც აიძულებენ"...
ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი - ეს ვაიუბედურება კარტერული გარიგებებით ხომ არ არის ნაკარნახევი. ანუ ხომ არ არსებობს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის წამლებზე მაღალი ფასის დასაწესებლად წინასწარი შეთახმებები. და თუ არსებობს, რას უყურებს ხელისუფლება, ნუთუ არ გააჩნია ასეთი პროცესების გაკონტროლების მექანიზმი.
განვითარებული ქვეყნების ხელისუფალნი ასეთ მექანიზმად იყენებენ კომპანიებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, რასაც ახალმა მთავრობამ (ნაცებზე აღარ ვლაპარაკობ) დაპირების მიუხედავად, დღემდე ვერ მიაღწია. საქართველოში წელიწადნახევარი დასჭირდა კონკურენციის შესახებ კანონის მიღებას. ახლა გვაქვს კანონი და კონკურენციის სააგენტოც, მაგრამ მის ამუშავებას საშველი ვერ დაადგა იმ "უბრალო მიზეზის" გამო, რომ არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რის საფუძველზეც ამა თუ იმ კომპანიის მონოპოლიურობას და ცალკეულ კომპანიათა შორის კარტერულ გარიგებათა ფაქტებს გამოავლენენ.
აქაც ჩნდება ეჭვი, ხომ არ აჭიანურებენ ნორმატიული ბაზის შესახებ კანონის მიღებას იმ ბიზნესის მეპატრონეები, რომელნიც დღესაც პარლამენტში არიან მოკალათებულნი. რა თქმა უნდა, სულაც არ არის გამორიცხული, ის ბიზნესელიტა, რომელიც წინა ხელისუფლებასთან სიამტკბილურად იყო ჩახუტებული, ახლაც აგრძელებდეს არსებული პრივილეგიით ტკბობას. ეს რეალობაა და მას "ოცნების" ხელისუფლებამ დროა, თვალი გაუსწოროს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010