"ვითანამშრომლოთ, რათა მოვარგოთ მსოფლიო ბავშვებს" - ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა" განახორციელა. "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის" შესახებ უფრო ვრცლად ამ ორგანიზაციის პიარ-მენეჯერმა ინგა დუმბაძემ გვესაუბრა.
- ორგანიზაცია 2002 წლის 5 ივნისს დაფუძნდა. ორგანიზაციის აქტიურ წევრებს და დამფუძნებლებს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის თოთხმეტწლიანი გამოცდილება აქვთ. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე. ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ოზურგეთში. დაარსების დღიდან დღემდე "გურიის ახალგაზრდულის რესურსცენტრი" 3000-ზე მეტ ახალგაზრდას მოემსახურა სხვადასხვა სათემო პროექტისა და საგანმანათლებლო კურსების საშუალებით. პროექტები ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორისაა "იუნისეფი", ევროკავშირი, "ქეა", ამერიკის მშვიდობის კორპუსი, ამერიკის საელჩო საქართველოში, მსოფლიო ბანკი და სხვა. ორგანიზაციის მისიაა, ახალგაზრდების მონაწილეობის, განვითარებისა და აქტიურ მოქალაქეობის ხელშეწყობა; მიზნები კი ბავშვების და ადამიანების უფლებების დაცვაა; ახალგაზრდების დემოკრატიულ პრინციპებში ჩართვის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა; ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება ჯანდაცვითი, სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვით, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.
- ამჟამად რა მიმართულებით მუშაობთ?
- ამჟამად ორგანიზაციაში ფუნქციონირებს მიმართულებები: არაფორმალური განათლების ცენტრი - "ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა", რომელიც 2002 წელს დაარსდა, 2007 წელში კი არაფორმალურ განათლების ცენტრად გარდაიქმნა, რომელშიც 250-ზე მეტი ახალგაზრდა გაწევრიანდა; კომპიუტერისა და ინტერნეტის შესწავლა, სადაც წელს 1500-მა ადამიანმა გაიარა კურსები; ინგლისური ენის შესწავლის კურსები...
- რას გვეტყვით პროექტზე "ვითანამშრომლოთ, რათა მოვარგოთ მსოფლიო ბავშვებს"?
- 2006 წლის ოქტომბერში "გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა" დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, რომლის ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირმა უზრუნველყო. მისი მიზანია ბავშვების უფლებათა პოპულარიზაცია გურიის რეგიონში. პროექტი ხორციელდება გურიის 7 სკოლაში: ოზურგეთის #1, #3 და ბახვის საჯარო სკოლებში, ჩოხატაურის #1 და ჩაისუბნის საჯარო სკოლებში და ლანჩხუთის #1 და #3 საჯარო სკოლებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: გამოიცა ბავშვის უფლებათა გამარტივებული წიგნი; ჩატარდა ტრენინგების სერია მიზნობრივი სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის... მომზადდა ორი თეატრალური წარმოდგენა; ჩამოყალიბდა მოზარდთა და მოზრდილთა გუნდები; შეიქმნა ფილმები... პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ის 2008 წლის 1 თებერვლამდე გრძელდება.















































































