საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში პლეი ოფის დრო მოვიდა და წინა კვირაში რეგულარული ჩემპიონატის მიხედვით საუკეთესო ოთხეულებმა ერთმანეთში საქმის გარკვევა დაიწყეს. ფინალში გასვლა ორ მოგებამდეა და რამდენიმე გუნდმა ეს ამოცანა უკვე გადაჭრა...
16-წლამდელები
23-24 აპრილი
მართვე-3 65:76 51-ე სკოლა
მართვე-3 87:85 51-ე სკოლა
24-25 აპრილი
მართვე-4 48:99 ქუთაისი
მართვე-4 68:69 ქუთაისი
პირველ მატჩში წაგების მერე "მართვე-3" მეორე შეხვედრაში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და დიდი შესვენებისას 18-ქულიანი სხვაობითაც იგებდა. მართველებს განსაკუთრებით 3-ქულიანები გამოსდიოდათ, ამაში კი ყველაზე მეტად გუგა აბდუშელიშვილი გამოირჩა. მაგრამ, როგორც ხშირად მომხდარა, დაწინაურებულმა გუნდმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და კინაღამ დაისაჯა. 51-ე სკოლამ ანგარიში ხომ გაათანაბრა და ბოლო წუთზე ოთარ ფხაკაძემ მისიანები სულაც წინ გაიყვანა. გიორგი ბეგაშვილს ორიდან ერთი ჯარიმაც რომ ჩაეგდო, საქმე მესამე მატჩამდე აღარც მივიდოდა, მაგრამ ვერ შეძლო და ბოლო წამზე დაჩი დოლიძემ გაათანაბრა. თამაში ოვერტაიმში გადავიდა და "მართვემ" ორი ქულით იმარჯვა.
მესამე თამაში დღეს ჩატარდება და გამარჯვებული ფინალში "ქუთაისს" შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, იოლად მოგებული პირველი თამაშის მერე მეორეში ოდენ ერთი ქულით დაამარცხა "მართვე-4".
18-წლამდელები
23-24 აპრილი
დინამო 66:58 რუსთავი
რუსთავი 58:59 დინამო
25-26 აპრილი
აკადემია 86:63 ენერჯი
ენერჯი - აკადემია
რუსთავში, იქაურთა და "დინამოს" მეორე მატჩში, მაპინძლები 8 ქულით იგებდნენ და თითქოს ფინალისტის ვინაობა მესამე თამაშში უნდა გარკვეულიყო. მაგრამ დინამოელები ბოლო წუთებზე ისე ათამაშდნენ, რუსთაველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და დასრულებამდე წამებით ადრე "დინამომ" გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.
"ენერჯი" - "აკადემიას" მეორე მატჩის შედეგი კი 31-ე გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
20-წლამდელები
23-24 აპრილი
აკადემია 85:69 მართვე
მართვე 77:82 აკადემია
26-27 აპრილი
რუსთავი - მაკაბი
მაკაბი - რუსთავი
"აკადემიამ" ორი მატჩი იკმარა "მართვეს" დასამარცხებლად და ფინალში გავიდა. მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.















































































