კარიერის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი იშვიათად ჩნდება კამერებთან და კიდევ უფრო იშვიათია მისი ინტერვიუები. სამხრეთ აფრიკაში სტუმრად ჩასულმა ზიდანმა ხუთი-ხუთზე ტურნირში მონაწილეობა მიიღო, ქვეყანა ნახა და აშაფყსწქ-ს ინტერვიუ მისცა...- სამხრეთ აფრიკაში გატარებული დღეების შემდეგ როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე.
- ძალიან ლამაზია. დიდად მოხიბლული და ნასიამოვნები ვარ. ბევრი არ იცნობს ამ ქვეყანას და ვინც ნახავს, დარწმუნებული ვარ, ჩემსავით კმაყოფილი დარჩება
- თქვენ წარმოშობით ალჟირელი ხართ. როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად ჩაატარებს აფრიკის კონტინენტზე.
- აფრიკული ფეხბურთისთვის ეს განსაკუთრებული ამბავია. ჩემთვის მეტად ამაღელვებელია, კონტინენტისთვის კი იმის დამტკიცების შანსია, რომ აქ დიდი ტურნირის მასპინძლობა კარგად შეუძლიათ. მჯერა, რომ აფრიკული ნაკრებები, როგორც შინაურები, ამ ტურნირზე საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ. ყველა ფეხბურთელისთვის ხომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში დიდი პატივია და თავს არავინ დაზოგავს.
ფრანგებმა საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ შენი გულშემატკივრის თავლწინ მოტივაცია გემატება და უკეთესად თამაშობ. სწორედ ეს დაგვეხმარა 1998 წელს ჩემპიონობაში.
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთაფრიკელი ხალხისთვის.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ამბავია და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი სამხრეთაფრიკელებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ხალხს გააერთიანებს და გაახარებს. მსგავსი რამ ხომ ყოველ წელს არ ხდება.
- თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა, რადგან 1998-ში საფრანგეთმა ჩემპიონატი შინ მოიგო. ეგებ გაგვიზიაროთ მაშინდელი შთაბეჭდილება.
- არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ფინალის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოიშალა და მათ შორის ბევრი სიხარულისგან ტიროდა. ყველა ბედნიერი იყო, შავიც და თეთრიც.
ასე ძლიერ, ალბათ, არაფერი არ მოქმედებს ხალხზე.
- ივნისში ფიფას კონფედერაციათა თასს ვინ მოიგებს.
- ვერ გეტყვით, ძნელი სათქმელია. ის კი ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ტურნირი იქნება.
- ალბათ ბევრს უკითხავს თქვენთვის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მომხდარზე. კიდევ ერთხელ რომ გქონდეთ ამ ფინალის თამაშის შანსი, იგივეს გაიმეორებდით.
- ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსურდა. ძალიან ბევრი ითქვა იმ თამაშზე და ბევრი დაიწერა მომხდარზე და ჩემთვის ის უკვე ისტორიაა, წარსულია. დიდებული მატჩი გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ პენალტებში დავმარცხდით.
- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატამდე "რეალის" შემადგენლობაში ბოლო მატჩი "ვილიარეალის" წინააღმდეგ ითამაშეთ. რას გრძნობდით "სანტიაგო ბერნაბეუდან" გასვლისას.
- ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბევრი, ვინც მიცნობს, იტყვის, რომ ემოციებს ძალიან იშვიათად გამოვხატავ, მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო.
ტრიბუნაზე ჩემი ცოლ-შვილი და მეგობრები დავინახე. ისინი ჩემს მხარდასაჭერად იყვნენ მოსულნი. ამანაც დიდად იმოქმედა ჩემზე და ის მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა ცრემლის შესაკავებლად. ყველაზე მძიმე კი იმის გააზრებაა, რომ ეს შენი ბოლო საკლუბო მატჩია.
- კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევად რა მიგაჩნიათ.
- რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონობა.
- თქვენს მერე საფრანგეთის ნაკრებს რთული პერიოდი დაუდგა. ამაზე რას ფიქრობთ.
- გასაგებია, რომ გულშემატკივრები გუნდისგან უკეთეს შედეგებს ელიან, მაგრამ არასწრია იმის თქმა, რომ ჩვენ ცუდი ნაკრები გვყავს. საფრანგეთში ნიჭიერი ფეხბურთელები კვლავაც არიან და ამ რთულ პერიოდს ნაკრებიც მალე გადალახავს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010