პეპეს წიხლის ქნევით რინგზე მოჩხუბრები ისე მოხიბლულან, რომ რინგზე საჩხუბრად ეპატიჟებიან.
მსოფლიო ვარსკვლავები 2 მაისს პორტუგალიის ქალაქ მატუზინიუშში იკრიბებიან მორიგი შოუს გასამართად და ამ საქმის ორგანიზატორმა თქვა: "ოფიციალურად ვეპატიჟებით პეპეს, რათა აგრესია რინგზე გამოავლინოს".
ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, მეტსახელად "აისბერგმა", პეპესთან შერკინების სურვილი გამოთქვა.
30 მილიონ ევროიან პორტუგალიელს კი სულ არ ეაისბერგება.
მისი საქციელი არ იყო ის, რასაც ფეხბურთში წესის დარღვევა ჰქვია. ეს ფაქტობრივად კრიმინალია მოედანზე - სხეულის განზრახ დაზიანება დამამძიმებელ გარემოებაში. ამ შემთხვევაში, წაქცეულის წიხლით ცემა.
რა სატანა შეუძვრა პეპეს, ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტურში, ასე რომ გაიმეტა ხეტაფელი ხავიერ კასკერო. ჯერ ხელი ჰკრა და წააქცია, მერე ორჯერ წიხლი ჩააზილა და ვითომ ბოდიშის მოსახდელად მისულმა, ქაცვები ჩააზილა წვივსუკანა კუნთში.
ამით არ დამთავრებულა.
კასკეროს გამოესარჩლა ხუან ალბინი, რომელსაც გაგოს ზურგსამოფარებულმა პეპემ ყბაში წაარტყა.
არც აქ დამთავრებულა.
მოედნიდან გასვლისას მეოთხე მსაჯი გალანძღა და მიუხედავად იმისა, რომ გაძევებული იყო, იგუაინის გოლის მერე მოედანზე საზეიმოდ შევარდა.
პეპეს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, რომელიც მომდევნო სეზონში გადაჰყვება. 4 კასკეროს ჩაწიხვლისთვის, 4 ალბინის ცემისთვის, ერთი მსაჯის გალანძღვისთვის და ერთიც წითელი ბარათისთვის.
ამ რიარიაში გაერია "რეალის" ბრაზილიელი მარსელოც, რომელიც ნამატჩევს ხეტაფელებს ენას უყოფდა, ხელს ფეხებშუა იკიდებდა და ცდილობდა, რომ როგორმე მეტოქის ნერვებზე ეთამაშა.
ბრაზილიელემა საქციელისთვის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოიბოდიშა და თქვა, რომ კლუბი თუ დასჯის, მართალიც იქნება.
"რვა წელია პროფესიულ ფეხბურთში ვარ და ასეთი საშინელი დღე კარიერაში არ მქონია - დაიჩივლა პეპემ - იმ წუთას რას ვაკეთებდი, თვითონაც არ ვიცი. ისე ძალიან მინდოდა მოგება, რომ ბრძოლაში საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე. ბოდიშს ვუხდი ყველას.
ეპიზოდი განმეორებით რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ საკუთარი თავი ვერ ვიცანი. იმ წუთას ის ადამიანი მე არ ვიყავი.
პირობას ვდებ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება. მატჩის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილიც კი გამიქრა".
პეპემ კასკეროს დაურეკა მოსაბოდიშებლად, მაგრამ ნაცემმა არ უპასუხა და პორტუგალიელმა შეტყობინება დაუტოვა.
ალბათ, ხუან ალბინსაც დაურეკავს, როცა ნომერს გაიგებს.
"ხეტაფეს" პრეზიდენტი ანხელ ტორესი გაცოფებული იყო:
"ყელში ამომივიდა ამ ლაწირაკების თავხედობა! "რეალის" შეფების ადგილზე პეპეს დაუყოვნებლივ გავუშვებდი გუნდიდან. რა არის ეს.! ჯერ ერთი ფეხბურთელი ჩაწიხლა, მეორეს მუშტი ჰკრა, იგუაინის გოლის მერე მოედანზე შემოვარდა და ყველას ნაბიჭვრები გვეძახა.
კიდევ იმ წვინტლიანი მარსელოს საქციელი არ მესმის. შეშლილივით დარბოდა, ხელს იკიდებდა ასოზე და პროვოკატორობდა.
პეპეს და მარსელოს შემხედვარე ბავშვებმა რა უნდა ისწავლონ."
"არ ვიცი რა გადაუბრუდნა თავში პეპეს, მაგრამ ის, რაც მან ჩაიდინა, ყველა საზღვარს სცდება - თქვა ბარსელონელმა ხავიმ -ეს ძალიან სამარცხვინოა. "ბარსელონას" და "რეალის" ფეხბურთელები სამაგალითონი უნდა იყვნენ, ჩვენ კი რას ვხედავთ."
"რეალის" მწვრთნელი ხუანდე რამოსი: "პეპემ გაისიგრძეგანა, რომ საზიზღრად მოიქცა და პირობა დადო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ამიტომაც მოითხოვა მედიასთან შეხვედრა და საჯაროდ მოიბოდიშა".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010