მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
სარბიელი
2009-05-03
გვაზა-ვაა! ექვსი ქართული ევროგოლი და თარხნიშვილი მეცხრედ

გერმანია: წარმატებული ტური ჰქონდათ ბუნდესლიგელ ქართველებს - გელზენკირხენის "შალკემაც" და "კარლსრუემა" სამ-სამი ქულა აიღეს, თანაც ურთულეს მატჩებში.

"ხუმარებმა" სტუმრად 1:0 დაამარცხეს მიუნხენის "ბაიერნი".

ლევან კობიაშვილმა სრულად ითამაშა და ერთხელ გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აუღო.

შალკელთა მეორე ქართველი ლევან ყენია კი სათადარიგო იყო.

ალექსანდრე იაშვილის გუნდმა კი ასევე სტუმრად სენსაციურად დაამარცხა "ლევერკუზენი" - 1:0.

ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე შევიდა მოედანზე და ხუთ წუთში მისიანებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

ამ მოგებით "კარლსრუეს" ბუნდესლიგაში დარჩენის იმედი ისევ მიეცა და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ამ ურთულეს ამოცანას.

მეორე ბუნდესლიგაში "მიუნხენ 1860"-მა სტუმრად 1:1 ითამაშა "ობერჰაუზენთან" და მათე ღვინიანიძე სათადარიგო იყო.

"ვეენმა" ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 0:1 წააგო "კაიზერსლაუტერნთან" და, ფაქტობრივად, ლიგაში დარჩენის იმედი გადაიწურა.

ლევან ცქიტიშვილს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ამიტომ ვეღარ ეხმარება თავის გუნდს.

ლიდერმა "ფრაიბურგმა" 2:1 სძლია "ზანკტ პაულს" და დავით თარგამაძე ამჯერადაც სათადარიგო იყო. "აუგსბურგი" კი 1:2 დამარცხდა "ფიურტთან" და ოთარ ხიზანეიშვილის განაცხადში არყოფნას უკვე შევეჩვიეთ კიდეც.

იტალია: ქართველების გუნდები, "მილანი" და "პალერმო" ერთმანეთს შეხვდნენ და "შავ-წითლებმა" უპრობლემოდ, 3:0 მოუგეს სიცილიელებს.

მილანელი კახა კალაძე რომ ტრავმას იშუშებს, გეცოდინებათ, პალერმოელი ლევან მჭედლიძე კი 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ინგლისი: "ბლექბერნმა" საჭირო სამი ქულა აართვა "უიგანს" - 2:0.

"ვარდების" ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ამჯერადაც სათადარიგო გახლდათ.

ავსტრია: გრაცის "შტურმმა" 2:0 სძლია "ლინცერს".

ილია კანდელაკმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი შაშიაშვილი კი სათადარიგო იყო.

რუსეთი: ყაზანის "რუბინმა" შინ 0:2 წააგო მოსკოვის "სპარტაკთან".

ქართველთაგან მხოლოდ დავით კვირკველია იყო შემადგენლობაში, მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი ლაშა სალუქვაძე კი განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ სალუქვაძემ წინა ტურში ფეხი დაიშავა და შესაცვლელი გახდა, თუმცა საშიში არაფერია - ქართველი ფეხბურთელი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

ნალჩიკის "სპარტაკმა" 4:1 გაანადგურა პერმის "ამკარი" და ერთი გოლი გოგიტა გოგუამ მიითვალა.

გოგუა 74-ე წუთზე შეცვალეს, ალექსანდრე ამისულაშვილმა კი სრულად ითამაშა.

გია გრიგალავას "მოსკვამ" შინ 2:1 აჯობა "ტომს".

გრიგალავა სრულად გაისარჯა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მოსკოვის "ლოკომოტივი" ისევ უგერგილოდ თამაშობს და ამჯერად კრასნოდარის "ყუბანთან" წაიფორხილა - 0:1.

დავით მუჯირი 21-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში...

გროზნოს "ტერეკი" შინ ქულასღა გამორჩა "სატურნს" (1:1), მაგრამ ამ მატჩში ლევან გვაზავამ ისეთი გოლი გაიტანა, რომ...

ქართველმა ნახევარმცველმა 26-ე წუთზე ორი მცველი მოატყუა და უძლიერესი დარტყმით შორეულ ცხრიანში შეაგდო ბურთი.

და აქვე, უკვე მერამდენედ გვიჩნდება ეს კითხვა: მეტი რა უნდა ქნას ამ ბიჭმა, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და თუნდაც ამხანაგურ მატჩში გასინჯვა დაიმსახუროს.!

ჩვენი თუ არ სჯერა ექტორ რაულ კუპერს, იქნებ, რუსულ პრესას ან სულაც საკუთარ თვალებს დაუჯეროს და ერთხელ მაინც ნახოს გვაზავას თამაში.

უკრაინა: ჯაბა კანკავას, ბექა გოცირიძის და სანდრო კობახიძის "დნიპრომ" შინ 2:1 სძლია ლაშა ჯაკობიას "არსენალს".

ამ შეხვედრაში ქართველთაგან მხოლოდ ჯაკობია გამოჩნდა - 63-ე წუთზე შევიდა მოედანზე, დნიპროელები კი უქმობდნენ.

ოდესის "ჩერნომორეცი" სტუმრად 0:1 დამარცხდა დონეცკის "შახტართან", თუმც შავიზღვისპირელთა განაცხადში ირაკლი მოდებაძის გვარი ვერ ამოვიკითხეთ.

კიევის "დინამომ" 1:0 მოუგო "ხარკოვს" და კვლავ არ უთამაშია მალხაზ ასათიანს. უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, იური სიომინმა ის შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ამ კვირაში უეფას თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

"კარპატიმ" სტუმრად 1:2 დათმო "ვორსკლასთან".

ლვოველთა ქართველი ნახევარმცველი სანდრო გურული 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გურულის ძირითად შემადგენლობაში არდაყენება იმ ტრავმის ბრალია, რომელიც ჩვენიანმა ახლახან მოიშუშა.

სიმფეროპოლის "ტავრია" ვასილ გიგიაძისა და ლადო ბურდულის გარეშე დაუხვდა გიორგი ციმაკურიძის "ზარიას" - 2:1.

ციმაკურიძე მე-19 წუთზე ჩაერთო თამაშში და 20 წუთში გოლითაც გამოირჩა.

ჩეხეთი: "პლზენმა" შინ 3:1 აჯობა "ბოჰემიანსს".

დიმიტრი ტატანაშვილი, ჩვენდა გასაკვირად, ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა დაშავდა და 33-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

უნგრეთი: "დიორ ეტომ" 4:1 მოუგო "პაკშს". რატი ალექსიძემ ბოლო ხუთი წუთი ითამაშა, დავით ოდიკაძე კი განაცხადში არ იყო.

დავით იმედაშვილის "ნიირედიჰაზა" უგოლოდ დაშორდა მტკ-ს.

ქართველი მცველი 85-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვია: "სკონტომ" შინ 1:3 წააგო "ვენტსპილსთან" და ამ მატჩში ერთი ქართული გოლი გავიდა. ექსსკონტოელმა ზურაბ მენთეშაშვილმა სტუმრები მე-12 წუთზე დააწინაურა.

მენთეშაშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს, რიგელმა დავით გამეზარდაშვილმა და ვლადიმერ დვალიშვილმა კი სრულად ითამაშეს.

მოლდოვა: "დაჩიამ" მოულოდნელად 1:2 წააგო "დინამოსთან".

ეს ერთადერთი ბურთი ჯაბა დვალმა გაიტანა 75-ე წუთზე.

დვალის გარდა "დაჩიაში" კახა მჟავანაძემაც ითამაშა, ლევან კორღალიძე კი არ გამოჩენილა.

კიშინიოველთა წაგებით უმალ ისარგებლა ტირასპოლის "შერიფმა", სტუმრად 3:0 დაამარცხა "ნისტრუ" და ზედიზედ მეცხრედ გახდა მოლდოვის ჩემპიონი.

ჩვენც ვულოცავთ ტირასპოლელთა ქართველ კაპიტან ვაჟა თარხნიშვილს მორიგ ტიტულს!

აზერბაიჯანი: "სიმურგმა" 3:1 მოუგო "სტანდარდს" და პირველი ბურთი დავით ბოლქვაძემ შეაგდო, ვინაც 67-ე წუთზე გააძევეს. "სტანდარდიდან" კი დავით ჭიჭვეიშვილი ავტოგოლით "გამოირჩა".

"სიმურგში" კახა ჩხეტიანმა და მიხეილ მახვილაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ისევე, როგორც ჭიჭვეიშვილმა. მისი თანაგუნდელი ლევან სილაგაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს.

"ოლიმპიკმა" სტუმრად 0:1 წააგო "თურანთან".

ბაქოელთა შორის ალექსანდრე გოგობერიშვილმა სრულად ითამაშა, რევაზ გეწაძე 67-ე წუთზე შეცვალეს, რომან ახალკაცი კი ბოლო 33 წუთი გაისარჯა.

"გაბალამ" შინ 0:1 წააგო "ბაკისთან". მასპინძელთა შორის თორნიკე აფციაურმა და გოგა ბერაიამ 90-90 წუთი ითამაშეს, სტუმართაგან კი მხოლოდ გიორგი ადამია იყო შემადგენლობაში (85-ე წუთზე შეცვალეს). ამირან მუჯირი და გიორგი დემეტრაძე არ გამოჩენილან.

"ქარვანმა" 3:0 გაანადგურა მოიკ-ი. ევლახელთა შორის მიხეილ მესხმა და ალექსანდრე ინწკირველმა სრულად ითამაშეს.

გივი ჩხეტიანის "მუღანმა" 1:0 დაამარცხა "ბაკილი". ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა.

ავტორი: კახა შალამბერიძე


კალენდარი
აპრილი  2009
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი