"თაიმსის" ჟურნალისტი დუგლას ალექსანდერი შოთა არველაძეს ამსტერდამის სასტუმრო "ლეიდსპლეინის" ბარში შეხვდა და აქ ამ ინტერვიუს თარგმანს შემოგთავაზებთ.
შოთა არველაძესთან ინტერვიუ არასდროს ყოფილა უინტერესო და ახლაც არაერთ საგულისხმო ამბავს ამოიკითხავთ. მაგალითად, როგორ უთხოვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შოთასთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა...
შოთა არველაძე კითხვებს ამომწურავად და გულღიად პასუხობს, თუმცა არის ერთი კითხვა, რომელზე პასუხიც მას არ აქვს...
"ჩემი შვილებისთვის ვერ ამიხსნია, როცა ევროპა ასეთი გახსნილია და ადამიანებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურს. ჩვენ არ ვართ ტერორისტული ქვეყანა, ჩვენ გვინდა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველი საუკეთესო ორგანიზაციის, ნატოს წევრები ვიყოთ. ქართველები ის ერი ვართ, რომელსაც სიძულვილი არ შეუძლია, ჩვენ მხოლოდ სიყვარული შეგვიძლია. არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ ვიცით, როგორ გავუფრთხილდეთ ადამიანებს."
ეს მცირე ნაწილია ყოფილი რეინჯერსელის შთამბეჭდავი გულისთქმისა. საქართველო და რუსეთი დღემდე ერთმანეთს ადანაშაულებენ ხუთდღიან ომში, რომელიც აგვისტოში მოხდა სამხრეთ ოსეთში და რომელმაც საერთაშორისო კონფლიქტის სახე მიიღო.
დიახ, არველაძე სულაც არ იხდის ბოდიშს თავისი პატრიოტიზმის გამო, როცა "დედა რუსეთსა" და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის რთულ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს.
"როგორ უნდა დაეწყო 5-მილიონიან ქვეყანას ომი 600-მილიონიანი ქვეყნის და მისი არმიის წინააღმდეგ.! მთელი ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, მშობლები, ძმები, მათი შვილები. მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ - ყველა საელჩო დაკეტილი იყო."
რუსეთმა დაბომბა საქართველოს აეროპორტები და სამხედრო ბაზები იმ მოტივით, რომ სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდობო ჯარებზე თავდასხმა მოხდა.
არველაძე კი გვეუბნება, რომ რუსი ჯარისკაცები უნიტაზებს იპარავდნენ.
არველაძე დასავლეთ ევროპაზეც განაწყენებულია...
"გერმანია ევვროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა და ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოვიდა. გერმანელებს აღარ ახსოვთ, რომ მათი ქვეყნის ნახევარს ცოტა ხნის წინ რუსეთი აკონტროლებდა. ან, კარგი იქნება, ვინმე რომ მოვიდეს და ნიდერლანდების სამეფოს ჰოლანდია წაართვას.!"
შოთა არველაძემ შოტლანდია და ესპანეთი მოიარა და ახლა მისი სახლი ჰოლანდიაშია. ფეხბურთელის კარიერა "ლევანტეში" თამაშისას, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" წინააღმდეგ მატჩით დაასრულა. იქამდე მუხლზე ხუთი ოპერაცია გადაიტანა და კარიერის დასრულებაც ამ მიზეზით მოუხდა.
კარიერის დასრულებისთანავე ორი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სამწვრთნელო შეთავაზება მიიღო. ერთი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა იყო, მეორე - "ალკმაარში" ლუის ვან გაალის თანაშემწეობა, ვისთანაც ფეხბურთელობისას უმუშავია.
არველაძე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ნათელი გონება აქვს და იუმორის შესანიშნავი გრძნობის გამო როუენ ატკინსონს ადარებენ.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზა, რამაც ძალიან მომხიბლა. ჩემს თავს ვუთხარი, მიდი, შოთა, დათანხმდი ნაკრების მწვრთნელობას, მაგრამ უარის თქმა მომიხდა, რადგან "ოჯახური არჩევნები" წავაგე. ჩემი ცოლი, ძმა, ყველანი ამის წინააღმდეგნი იყვნენ. "ალკმაარში" მუშაობით კი სამწვრთნელო გამოცდილებას მივიღებდი."
"ალკმაარში" მუშაობა მშვენივრად აეწყო. გუნდმა "აიაქსს" და "ტვენტეს" გადაუსწრო, ერედივიზიონი მოიგო და ჩემპიონთა ლიგაში ადგილი მოიპოვა. სხვათა შორის, ამან ძალიან გაანაწყენა "აიაქსის" მწვრთნელი, რომელიც არასდროს ყოფილა ვან გაალის ფანი.
არველაძე ამის თაობაზე ამბობს: "მარკო ვან ბასტენმა ერთხელ თქვა, რომ "ალკმაარი" არ თამაშობს საუკეთესო ფეხბურთს. ხანდახან, როცა თამაში არ მიგვდის, მას ვეთანხმები კიდეც, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ საუკეთესონი და ყველაზე ორგანიზებული გუნდი ვართ. და რით მოგვხიბლა ვან ბასტენმა. მწვრთნელ ვან ბასტენს ვგულისხმობ და, ცხადია, არა ფეხბურთელ ვან ბასტენს."
"რვა თვეა, რაც ვან გაალთან ერთად ვმუშაობ და გაოცებული ვარ, რამდენი რამ ყოფილა, რაზეც ფეხბურთელობისას წარმოდგენაც არ მქონდა. ვან გაალი საოცარი ენთუზიასტია. უამრავ მწვრთნელს ვიცნობ, თამაშის მერე გასახდელში ფეხბურთელებს რომ უყვირის. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია. მე ყოველი თამაშის წინ და შესვენებისას ვუყურებ, და მესმის, როგორ ნათლად და მკაფიოდ უხსნის ვან გაალი თითოეულ ფეხბურთელს, თუ რა უნდა გააკეთონ მოედანზე. ვან გაალი ძალიან მკაფიოდ ხედავს და აღიქვამს თამაშს. ისიც მინახავს, რომ გასახდელში მწვრთნელს არავინ უსმენს, ვან გაალი კი 10 წუთში ახერხებს ყველაფრის ახსნას."
















































































მთავარი
კონტაქტი




2010