საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. "ენერჯის", "ავიამშენს" და "სასოფლოს" წინა კვირაში თსუ შეურთდა, რომელმაც ორ მატჩში სძლია "ბათუმს". პირველი მატჩში სტუდენტებმა 104:80 მოიგეს. მეორეც მათივე გამარჯვებით - 103:73 დასრულდა.
ორივე მატჩის ანგარიში ისეთია, კითხვებს არ უნდა ტოვებდეს, მაგრამ რად გინდა...
საქმე ის არის, რომ მეორე მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე ზღვისპირელთა მოთამაშე-პრეზიდენტმა ვანო მაისურაძემ ბურთს ფეხი ამოარტყა და მეტოქის სათადარიგოთა სკამისკენ მოისროლა. ბუნებრივია, რომ მსაჯმა პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვისთვის მაისურაძე გააძევა. ამას კი თავის მხრივ, ბათუმელთა მოედნიდან გასვლა მოჰყვა.
ბოლოს როგორც იქნა, ვნებები ჩაცხრა და თამაში დასრულდა.
ვანო მაისურაძის საქციელს მარცხით გამოწვეულ ნერვიულობად მივიჩნევდით, რომ არა თავად ბათუმელთა განმარტება, თუ რამ გამოიწვია მათი აღშფოთება.
დამარცხებული გუნდი რომ ცუდ მსაჯობაზე ლაპარაკობს არახალია, მაგრამ აქ საქმე სხვა პრობლემასთანაც გვაქვს. ბათუმელთა მოთამაშე-მწვრთნელის ლაშა კეშელავას მტკიცებით, სამდივნომ თსუ-ელი ახალკაცის ორი პერსონალური ჯარიმა "მოიპარა".
დაგვეთანხმებით, აქ საქმე სერიოზულადაა. თუ მოანგარიშეებმა კალათბურთელს ორი ჯარიმა დააკლეს, რაც მას 5-ჯარიმიან ლიმიტს ამოუწურავდა, გამოდის, რომ მოედანზე ყოფილა კალათბურთელი, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა...
მაგრამ ვინ დაამტკიცებს, რომ მართლა ასე მოხდა. ეს უპასუხო კითხვაა, თუკი არ გაქვს მატჩის ჩანაწერი, რომელზეც ყველაფერი ნათლად ჩანს.
მატჩის კომისარმა მურმან ქურიძემაც თქვა, როცა ორი მხარე განსხვვაებულად ითვლის, ოფიციალურ წყაროს უნდა დავეყრდნოო.
კომისარი მართალია, იმის დამტკიცებაც შეუძლებელია, რომ სამდივნო შეცდა და იმისიც, რომ ბათუმელებმა ყველაფერი სწორად დაითვალეს.
მოკლედ, რას გაიგებ. ეს ხომ საქართველოა...















































































