ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელიც პროფესიას ლოს ანჯელესის კინოსკოლაში დაეუფლა, კანის კინოფესტივალზე საკუთარი ფილმის "დავიწყებული მეფე" წარსადგენად ემზადება. ფილმი რეჟისორმა 105 წუთიანი უწყვეტი კადრით გადაიღო და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის მიერ დაარსებული "ნიკოლოზ ფილმსი" კინოს მოყვარელებს კიდევ არაერთ გრანდიოზულ პროექტს შესთავაზებს.
ნიკოლოზ ხომასურიძე ქართული კინოს მოყვარულ საზოგადოებას 17 მარტს "მამაჩემის გელფრენდს" წარუდგენს, რომელიც საქართველოს კინოთეატრებში 17 მარტიდან გავა. ფილმში მონაწილეობენ დავით ქაცარავა, გიორგი მეგრელიშვილი, შორენა ბეგაშვილი, სალომე ფაღავა, ალეკო მახარობლიშვილი, სოფო სებისკვერაძე, იმედა არაბული, ანი იმნაძე. ფილმი შემოქმედებითმა ჯგუფმა ორ კვირაში გადაიღო. გადამღები ჯგუფის ქართველ წევრებთან ერთად გადაღების პროცესში ლოს ანჯელესიდან ჩამოსული ხმის ოპერატორიც მონაწილეობდა. ფილმი კრიმინალური კომედიაა და მასზე მისული მაყურებელი ბევრს იცინებს.
თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ ნიკოლოზ ხომასურიძეს და გააუმჯობესებს თუ არა თავის რეკორდს, ამის შესახებ რეჟისორი "ახალ თაობას" ესაუბრა.
ნიკოლოზ ხომასურიძე:
- "მამაჩემის გელფრენდი" "ნიკოლოზ ფილმსის" პროექტი არ არის. ის გადავიღე როგორც რეჟისორმა, მომეწონა სცენარი, საკმაოდ დინამიური ფილმი გამოვიდა, შემდგომ პროცესებში არ ვიყავი ჩართული, რადგან ცოტა დროში გაიწელა, მერე ავცდით ერთმანეთს, სხვა საქმეები გამომიჩნდა. დამთავრებული ფილმი რომ ვნახე, ძალიან მომეწონა. 14 დღეში გადავიღეთ. ჩვენ გვაქვს სისტემა, ცოდნა, გამოცდილება და კარგი დაგეგმვა, თან რაც უფრო ნაკლებ დროში იღებ, ნაკლები თანხა გეხარჯება. ამ ფილმზე მუშაობით გამოცდილება შევიძინე, ვიმუშავე ქართულ ჯგუფთან, რომელთანაც სხვა პროექტებშიც მაქვს თანამშრომლობის სურვილი. "მამაჩემის გელფრენდი" თემატურად დინამიურია - კრიმინალური კომედიაა.
- პრემიერაზე სიამოვნებით დაჯდებით დარბაზში?
- კი, სიამოვნებით დავჯდები და მაყურებელთან ერთად ვუყურებ.
- ახალი პროექტები რა გაქვთ? თუ წინასწარ არ გიყვართ თქმა?
- მე პირიქით ვარ, მიყვარს, როდესაც ვამბობ და ვაგებინებ ყველას, რისი გადაღება და გაკეთება მინდა. ჩვენ გავაკეთეთ "დავიწყებული მეფე", რომელიც არის 105 წუთი ერთ უწყვეტ კადრად, რაც დღესდღეობით მსოფლიო რეკორდია კინოინდუსტრიაში. ტექნიკურად რთულად შესასრულებელი იყო, მაგრამ გამოგვივიდა.
- როდის გამოვა ფილმი?
- ფილმი ოფიციალურად მაისში გამოვა, პირველი ჩვენება კანის კინოფესტვიალზე გვაქვს დაგეგმილი. "დავიწყებული მეფე" მსოფლიო პროექტია. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოდის სპეციალურად კანში ჩვენთან შესახვედრად, ინვესტორები, დაინტერესებული პირები, რომ შემდეგ პროექტებზე შევთანხმდეთ. ახლა სუბტიტრებს ვადებთ და ფილმს კანის კინოფესტივალში 14 მარტს გავაგზავნით.
- სად ვითარდება ფილმის სიუჟეტი?
- ფილმი იწყება სასტუმრო ტიფლისიდან, შემდეგ არის 11 კილომეტრი გზაზე, სანაპიროზე მანქანებით რბოლა და სრულდება ქართული ფილმის პავილიონში, სადაც აწყობილია 14 სცენა სამ სართულზე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ისტორიული მომენტებითა და პიროვნებების მონაწილეობით.
- ასეთი ფილმის გადაღება რატომ მოგინდათ?
- ძალიან პრესტიჟულია უწყვეტი კადრით ფილმის გადაღება თანამედროვე კინოში. ლოს ანჯელესის კინოსკოლაში პირველ სემესტრში გასწავლიან უწყვეტი კადრით ფილმის გადაღებას. 45 წამიდან იწყებ და 6 წუთამდე ადიხარ, ეს არის მაქსიმუმი. ექვსწუთიან უწყვეტ კადრზე ბევრი ვიწვალეთ. დამაინტერესა, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე გრძელი დუბლი. ეს აღმოჩნდა რუსული "კიდობანი", რომელიც 90 წუთია. სხვა ფილმებიც მოვიძიე და შევისწავლე, აღმოჩნდა, რომ ასეთი ექსპერიმენტები ჰიჩკოკსაც დაუწყია, მაგრამ მას რვა ჭრა ჰქონდა ფილმში, იმიტომ, რომ მაშინ ფირები იყო და არ არსებობდა ციფრული. მერე ვიფიქრე, ამ ხალხმა თუ გააკეთა, ე.ი. შესაძლებელი ყოლფილა-მეთქი. შევისწავლე ეს მიმართულება, რადგან ასეთი მიმართლუების პროექტს რომ აკეთებ, ძალიან მაგრად ვითარდები. გადავწყვიტე, ეს გამოწვევა მიმეღო და უწყვეტი კადრით ფილმი გადამეღო. სცენარიც სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა, გვინდოდა საინტერესო ყოფილიყო თავისი შინაარსით და ისტორიით. ეს ისტორიული ფანტასტიკა და დროში მოგზაურობაა. ეს ფილმი ჩემი სავიზიტო ბარათია კინოინდუსტრიაში. "დავიწყებული მეფისთვის" დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ქართულ ფილმს", მათ ყველანაირად შეგვიწყეს ხელი, რომ ფილმზე უპრობლემოდ გვემუშავა. "ქართულმა ფილმმა" ფინანსური მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ პავილიონები, გახმოვანების სტუდია ყველაფერი დაგვითმო. დიდი მადლობა "სოკარს". ეს არის კომპანია, რომელიც თავდებში დაგვიდგა ბანკთან, რომ სესხი აგვეღო და ფილმი გაგვეკეთებინა.
- ფილმებს ვალებით იღებთ?
- ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. ყველა ბიზნესს თანხა სჭირდება. ბიზნესისთვის იღებ სესხს, შემდეგ ბიზნესს მოაქვს მოგება, თან აბრუნებ სესხს და ასე გრძელდება.
- მთავარ როლზე დათო ქაცარავა რატომ დააკავეთ?
- დათო უკვე ბევრ მსახიობზე კარგი პროფესიონალია. ის ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მუშაობს თავის თავზე, სწორი ამბიციით არის და სწორ ნაბიჯებს დგამს. მომავალში მასთან თანამშორომლობას არ გამოვრიცხავთ.
- მსახიობებმა როგორ მიიღეს 105 წუთი უწყვეტად მუშაობის შეთავაზება?
- ჩემს გარდა არავის სჯეროდა, რომ გამოგვივიდოდა. მსახიობებსაც ძალიან გაუჭირდათ ამის დაჯერება. ყველამ იცოდა, რომ რაღაცას ვაკეთებდით, მაგრამ რომ გამოგვივიდოდა, ამის დაჯერება უჭირდათ. საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ ფილმი, რომელიც მსოფლიო რეკორდსმენია. მეორე დღეს დავსხედით და ფილმს ვუყურეთ ყველამ ერთად.
- უწყვეტი კადრით ფილმს კიდევ გადაიღებთ?
- არა. მეტჯერ ამის გამკეთებელი აღარ ვარ.
- რეკორდი არ უნდა გააუმჯობესოთ?
- სჯობს ეს რეკორდი სხვამ გააუმჯობესოს. მე საკმარისად ვიმუშავე.
- კანის კინოფესტივალზე ფილმი კონკურსში მიიღებს მონაწილეობას?
- ეს ჯერ არ ვიცით. ჩვენ თვითონ დავგეგმეთ ამ ფილმის ჩვენება ფესტივალის ფარგლებში. 15 აპრილს გახდება ცნობილი, მიიღებენ თუ არა საკონკურსოდ კანის კინოფესტივალზე ჩვენს ფილმს.
- ამ ფილმს წარადგენთ საქართველოდან თუ ლოს ანჯელეს სკოლის სახელით?
- ეს "ნიკოლოზ ფილმსის" პროდუქციაა და ის ქართულია. ამით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც, ქართველებსაც, შეგვიძლია კინოში შევქმნათ ისეთი პროდუქტი, თან ისეთ თემებზე, რომელიც მსოფლიო ბაზარს დააინტერესებს.
- კიდევ რას გადაიღებთ?
- ჩვენი შემდეგი პროექტი არის "ჯინსების თაობა". დათო ტურაშვილისგან შევიძინეთ უფლება, რომ მისი "ჯინსების თაობის" მიხედვით გადავიღოთ ფილმი. სცენარი გაკეთებულია, მიდის მზადება და 30 მაისს დავიწყებთ გადაღებებს. ამ ფილმში მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად იქნებიან ქართველი მსახიობებიც. ფილმი ინგლისურად იქნება.
- თქვენ ფილმებს ძირითადად მეფეებზე იღებთ. დავიწყებული მეფე, მანამდე იყო დავით აღმაშენებელი. ისტორია ასე ძალიან გიყვართ?
- მანამდე დავით აღმაშენებელზე გადავიღე ფილმი, რომელიც ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო. დავიწყებულ მეფე დემნა ბატონიშვილზეა. ძალიან მიყვარს ისტორია. იმიტომ წავედი სასწავლებლად ლოს ანჯელესში, რომ მინდა ჩემი ცოდნით საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები გავაცოცხლო. მაგარი თემებია საქართველოს ისტორიაში. დიდგორი სადიპლომო ფილმი იყო, მაგრამ 2012-ში იგეგმება უფრო დიდი პროექტი გაკეთდეს დიდგორის თემაზე. ისეთი გრანდიოზული გადაღებები იქნება, როგორც გლადიატორის, მამაცი გულის გადაღებებზე. ეს ძალიან დიდი პროექტია, მანამდე კი უნდა გავიზარდოთ და ვისწავლოთ, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს. მეტი სანდოობა მოვიპოვოთ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გავაკეთოთ.
- თქვენ ამერიკული კინოსკოლა გაიარეთ. თქვენი გადმოსახედიდან, რა ეტაპზეა ქართული კინო?
- ჩემი გადმოსახედიდან, რაც საქართველოში ხდება, ამ ეტაპზე უფრო ვიდეოწარმოებაა, ვიდრე კინოწარმოება, მაგრამ კარგია, რომ მიმდინარეობს პროცესები იმისთვის, რომ კინოინდუსტრიამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს. მთავარია კინოს სწორი სისტემის ჩამოყალიბება. სტუდენტმა კარგი განათლება უნდა მიიღოს, რომ მას შემდეგ ჯანსაღი ამბიცია გაუჩნდეს, რაღაც თავისი შექმნას. ამის გარეშე კინოინდუსტრია არ განვითარდება. ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. თუ განათლებული კადრი არ გეყოლება, კინოინდუსტრიაც არ იქნება.
- თქვენ გარდა კიდევ ვინმემ თუ მიმართა ლოს ანჯელესის კინოსკოლას?
- არა. ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ვარ. არ არის იქ მოხვედრა ადვილი. ყველანაირ გაჭირვებას გადიხარ, უნდა გაუძლო და სამშვიდობოს გახვიდე. თუ სწავლა არ გინდა, ამ ყველაფერს ვერ გადაიტან. მარტო სწავლაში ფულის გადახდა არ არის მთავარი. მონდომება აუცილებელია. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩემნაირი, უკეთესია. ერთად გავაკეთებთ ფილმებს. კინობიზნესი არის ის სფერო, რომელიც საქართველოს განავითარებს.
- დიდგორი ამერიკელ მეგობრებთან ერთად გადაიღეთ. ახლაც თანამშრომლობთ მათთან?
- მაისიდან უკვე საქართველოში ვარ. ჩვენ სულ ვთანამშრომლობთ, რადგან შეკრული გუნდი ვართ და ვმეგობრობთ. "მამაჩემის გელფრენდზე" ადგილობრივი კადრები იყო, მხოლოდ ხმის ჩამწერი ადამიანი ჩამოვიყვანე. დავიწყებულ მეფეზე ათი ადამიანი წამოვიყვანე - კამერების, დიზაინის და კოსტიუმების დეპარტამენტი. ჯინსების თაობაზე აქაური კადრებიც იქნებიან, მაგრამ ეს იმ დონის პროექტია, რომ დიდი დონის კადრები გვჭირდება, ამიტომ ჩემი ამერიკელი მეგობრებიც იქნებიან ჩართული. რაც უფრო ინტერნაციონალურია შემოქმედებითი ჯგუფი და მსახიობთა დასი, მით უფრო კარგი პროდუქტი გამოდის, იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთისგან რაღაცს სწავლობს, გამოცდილებას უზიარებს, კონტაქტები მყარდება. მსოფლიო რეალურად ძალიან დაპატარავდა. რაც მეტი ნაცნობი გეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან, მით უფრო საქმიანი და მდიდარი ხარ. ეს ინდუსტრიაა, არ უნდა გვინდოდეს ქართველებს, რომ მარტო ჩვენ გავაკეთოთ და სხვა არავინ გვაინტერესებდეს.
- ჯინსების თაობაში ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოიწვევთ?
- რა თქმა უნდა. ახლა ვაწერთ კონტრაქტებს ხელს, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ იქნებიან ფილმში. მსოფლიო ვარსკვლავების რიცხვი 11-დან 15-მდე იქნება.
- არ ჭირს მათი დაყოლიება?
- გააჩნია მიდგომას და შენ მიერ განხორციელებულ პროექტებს, პერსპექტივას, ხედვას, სცენარს. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა. მიხარია, რომ ბევრი საკმაოდ ცნობილი მსახიობი წამოვიდა თანამშრომლობაზე. წესით, კარგი ფილმი უნდა გამოვიდეს.
- ფინანსურად როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?
- ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. თუ გინდა ეს ბიზენსი, მაშინ რაღაც უნდა მოიფიქრო, ხალხი დააინტერესო, ხანდახან შენიც გაიღო. როგორც ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესი არსებობს, ასევეა კინობიზნესი. უბრალოდ, ეს უფრო ზედმეტად ჩანს, რადგან უფრო პრესტიჟული, ელიტარული და მაღალი დონის ბიზნესია. შენ უნდა იმოძრავო, გამოვიყენებ ჟარგონს და ვიტყვი "იჩალიჩო", ისეთი პროდუქტი შექმნა, რომელიც გაიყიდება, თავის თავსაც ამოიღებს და მოგებასაც მოიტანს.
- სპონსორების დაყოლიებას ახერხებთ?
- ეს არ არიან სპონსორები, ეს ინვესტიციაა. ჩვენში სპონსორობა აღარ არის.
- არ უჭირთ კინოში ფულის ჩადება?
- შენ არ გაგიჭირდებოდა? როცა კინოში ფულს დებ და ის არ იყიდება, ხომ დაკარგავ ინტერესს? ჩვენ, "ნიკოლოზ ფილმსის" წარმომადგენლები, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კინოს ბიზნესი გახდეს მომგებიანი, რათა ხალხიც დაინტერესდეს. ჩვენთვის ეს ექსპორტია. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ფილმი გავიდეს საქართველოდან. ყველას კარგად ახსოვდეს, რომ ტურიზმი და კინო გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. გარკვეული პოლიტიკა უნდა იქმნებოდეს, კინოკანონმდებლობაც გადასახედია, რადგან ძალიან ძვირი ღირს საქართველოში ფილმის გადაღება. მაგრამ რადგან დიდი თანხა კინოში არ ტრიალებს, კანონების მიღება და დროის ხარჯვა ამ ეტაპზე არამომგებიანია, მაგრამ როცა დიდი ფულის ტრიალი დაიწყება, მაშინ უნდა გადაიხედოს თუ სერიოზული ბიზენსი უნდათ. ამით ყველა იხეირებს, ბიზნესიც, სახელმწიფოც და კინომწარმოებლებიც.
- "ნიკოლოზ ფილმსი" მხოლოდ ფილმებზე მუშაობს?
- არა. ახლა დავიწყებთ მუსიკალურ რგოლებზე მუშაობას. სატელევიზიო პროექტზეც ვიმუშავებთ, მაგრამ ეს იქნება საერთაშორისო პროექტები.
- ადგილობრივ პროექტებზე რატომ არ იმუშავებთ?
- ჩვენი მიზანია, ისეთი პროექტები დავამზადოთ, რომელსაც მსოფლიო ნახავს. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი პროექტებით საკუთარ თავს ვიზღუდავთ. შეიძლება, როცა ჩვენი კომპანია ცოტა გაიზრდება, სხვა დეპარტამენტმა იმუშაოს ადგილობრივ პროექტებზე.
- ამერიკაში ისევ წახვალთ?
- კი, ზაფხულში ვბრუნდები ლოს ანჯელესში. შემდეგ ისევ ჩამოვალ და კიდევ ახალ პროექტებს განვახორციელებთ.
- როგორ ეგუება ოჯახი თქვენს ასეთ გრაფიკს?
- ეს ჩემი საქმეა, რომელიც ავირჩიე და ძალიან მიყვარს, ამიტომ უკვე ყველაფერს მიეჩვივნენ. ისე უნდა მოვიქცე, როგორც საქმეს სჭირდება. თან ხომ გითხარით, ეს მსოფლიო ძალიან დაპატარავდა-მეთქი.
- არის კიდევ ისეთი მეფე, რომელზეც ფილმს გადაიღებთ?
- საქართველოს ისტორიაში ბევრი კარგი მეფეა. ამ ეტაპზე გვაქვს ორი პროექტი, ერთი არის ქართული ღირსების მეომარი, რომელიც სამაჩაბლოს და აგვისტოს ომს ეხება და მეორე არის კომედია კლიპმეიკერებზე, რომელიც ლოს ანჯელესში ხდება. შემდეგი არის დიდგორი, მერე მამლუქი და შემდეგ ვეფხისტყაოსანი. ჩვენ 2014 წლამდე გრაფიკი უკვე გაწერილი გვაქვს, ამიტომ სხვა მეფეზე არ გვაქვს პროექტი. შეიძლება გადავიღო ფილმები გიორგი მეთერთმეტეზე, ვახტანგ გორგასალზე, ფარსმან ქველი იყო ძალიან მაგარი მეფე და თამარ მეფის სიცოცხლის ბოლო პერიოდი და გარდაცვალების მომენტი. ესენი უფრო შორეული პერსპექტივებია. დაახლოებით ორ წელიწადში დიდი მასშტაბის ფილმი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მას დიდი მომზადება, დიდი ყურაღდება სჭირდება. თუკი საშუალება მექნება, ყველა ქართველ მეფეზე გადავიღებ ფილმს.
- ვინც ჩამოთვალეთ, პირადი სიმპათიით გყავთ შერჩეული?
- კი, ეს მეფეები პირადი სიმპათიით შევარჩიე, თუმცა საქართველოს სხვა მეფეებიც არანაკლებ კარგები ჰყავდა. ვინც ჩამოვთვალე, ამ მეფეებზე გადაღებული ფილმები ისეთი თემები იქნება, რომელსაც მსოფლიო უყურებს. გამორჩეულად მყავს ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც ადამიანურ ცდუნებებზე გაიმარჯვა. არ მეგულება მეორე მსგავსი პიროვნება ამ მსოფლიოში. მას ანალოგი არ ჰყავს, ის ჩემთვის უდიდესი პიროვნებაა. ექვთიმეზე სცენარის გაკეთება უკვე დავიწყეთ და მასაც აუცილებლად გადავიღებთ.
- ეს დოკუმენტური ფილმები იქნება?
- არა, ჩვენ დოკუმენტურ ფილმებს არ ვაკეთებთ. ყველა ფილმი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი იქნება.
- უახლოესი გადაღებები როდის გაქვთ?
- 25, 26 და 27 მარტს გვაქვს გადაღებები მოკლე ფილმისა, რომლის რეჟისორიც გიორგი გერსამიაა. საინტერესო სცენარი მოგვაწოდა, ის ჩვენთან მუშაობდა "დავიწყებულ მეფეზე". ფილმი იქნება მწერალზე, რომელიც ითხოვს, ჩასვან საკანში, რომ შემდეგ დაწეროს ნაწარმოები სიკვდილმისჯილებზე. სამდღიანი გადაღებები გვექნება, მე ვიქნები მისი პროდიუსერი და ასისტენტი. თუკი ასეთი საინტერესო სცენარები შემოვა, ყველანაირად გვერდზე დავუდგებით დამწყებ რეჟისორებს. ჩვენც ახლა ვიწყებთ, მაგრამ შედარებით მეტი გამოცდილება ნამდვილად გვაქვს. გვინდა, ამ სფეროში ბევრი საინტერესო ადამიანი გაერთიანდეს.
- ქართული ფილმები ძირითადად ან ძალადობაზეა, ან ნარკომანებზე, რაც, რეჟისორთა აზრით, მომგებიანია. თქვენთვის არ არის ასეთი თემები მომგებიანი?
- არ ვიცი, ვისთვის რა არის მომგებიანი, მაგრამ ამერიკაში ასეთი თემები ნაკლებად აინტერესებთ. ჩვენს ფილმებში არასოდეს იქნება არც სიგარეტი, არც ნარკოტიკი და არც ძალადობა. ჩვენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს "ვაწვებით", რისთვისაც მინდოდა განათლება და რისთვისაც ვიწვალე, უნდა გამოვიყენო იმის კეთებაში, რაც მსიამოვნებს. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი ფილმები უფრო მაინტერესებს და ასეა მსოფლიო კინობაზარი. ჩვენ ქართულ ბაზარზე არ ვმუშაობთ. მსოფლიო ბაზარზე ნარკომანები და ძალადობა არავის აინტერესებს.
















































































მთავარი
კონტაქტი





2010