გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაცია (UN FAO) უკიდურესად შეშფოთებულია მსოფლიო ბაზრის ფასებით. შარშანდელი წლის ბოლოს 55 სახეობის ძირითად პროდუქტზე ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. თუმცა ექსპერტებს მხოლოდ ეს როდი აღელვებთ _ შარშან ნახევარი წლის განმავლობაში სურსათის ფასი `სტაბილურად~ იზრდებოდა. თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, მსოფლიო თავიდან ვერ აიცილებს `ფასების შოკს~, რასაც უდავოდ სასურსათო კრიზისი მოჰყვება.
2010 წლის ბოლოს სურსათი, წინა წელთან შედარებით, 25 პროცენტით გაძვირდა, ძირითადად სიმინდის, შაქრის, კარაქისა და ხორცის ხარჯზე. მარცვლეულის ფასმა მაქსიმუმს აგვისტოში მიაღწია _ ერთ-ერთ მიზეზად რუსეთში ანომალიური სიცხე სახელდება, რის გამოც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა, შესაბამისად, ხორბლის მსოფლიო ექსპორტიორმა ერთ-ერთმა ძირითადმა ქვეყანამ _ რუსეთმა ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა. რადგან მარცვლეულზე მოთხოვნილება კვლავინდებურად აჭარბებს არსებულ რესურსს, ამიტომაც უახლოეს ხანში მისი გაიაფება მოსალოდნელი არ არის.
გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშკარა ობიექტური მიზეზების გარდა, სურსათზე ფასების ზრდა სპეკულაციური მომენტებითაც არის განპირობებული _ ამ აჟიოტაჟის დროს ბევრი ხელის მოთბობას ცდილობს.
ერთ ქვეყანაში მოუსავლიანობას მეორეში უხვმოსავლიანობა აბალანსებს ხოლმე, მაგრამ ნავთობის ახლანდელი ფასი 2008 წლის კრიზისისწინა პერიოდს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ინფლაციამ ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა შეუქმნა არა მარტო ღარიბ, არამედ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთსაც და ინდოეთსაც.
2007-2008 წლებში, ფასების მკვეთრ ზრდასა და შიმშილს ოცდაათ ქვეყანაში ამბოხი მოჰყვა. ისტორია მეორდება _ დეკემბრის ბოლოს საპროტესტო აქციები გაიმართა ტუნისში, ხოლო იანვრის პირველსავე დეკადაში მსგავსი დემონსტრაციების ტალღამ უკვე ალჟირის ქალაქებს გადაუარა. მასობრივ არეულობებს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ძირითად პროდუქტებზე გადასახადსა და ექსპორტზე საბაჟო მოსაკრებელს შეამცირებს.
სახელმწიფოებისა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სურსათის უსაფრთხოების ინტერნაციონალური პროგრამის სასწრაფოდ შემუშავებას ურჩევს. ამ მოწოდებას უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი _ საკვებ პროდუქტებზე ფასების ცვლილება ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრობლემად დაასახელა იმ პერიოდში, როცა მისი ქვეყანა G20-ის თავმჯდომარე იქნება. სარკოზი აპირებს, სურსათის უსაფრთხოების საკითხები განსახილველად `ოცეულის~ უახლოეს სხდომას შესთავაზოს. ამის შესახებ განცხადება სწორედ ახალი წლის დღეებში გააკეთა. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა რობერტ ზელიკმა განაცხადა, რომ მის უწყებას დამშეული ქვეყნებისთვის დაკრედიტების 49-მილიარდიანი პროგრამა აქვს მომზადებული. ბანკმა შექმნა სურსათის უსაფრთხოების ფონდიც და მზად არის, `ფასების შოკის~ პერიოდში კრედიტებზე გადასახადების გადავადება მოახდინოს.
უტრო.რუ
















































































მთავარი
კონტაქტი




2010