2011 წელი ხელისუფლებამ ცემა-ტყეპით მოგვილოცა _ 3 იანვარს ვეტერან მეომართა აქცია დაარბია, მოშიმშილე, ვეტერანები მიტყიპა და ზედ ქალბატონებიც მიაყოლა.
_ ზღვარს გადავიდა ამათი საქციელი, გმირთა მემორიალთან თვითნაკეთი კარვები გაშალეს, პოლიციას არ დაემორჩილნენ, ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომაც იძულებულნი გავხდით სათანადო ზომები მიგვეღოო _ ასე განმარტეს აქციის დაშლის მიზეზები შსს-ში.
მოგვიანებით დასახელდა სხვა მიზეზიც _ აქციის მონაწილეებთან ოპოზიციონერებმა დაიწყეს სიარული, რომლებიც ცდილობდნენ ვეტერანთა პრობლემები პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოეყენებინათო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, აქცია დააშალეს, 11 კაცი დაიჭირეს და გმირთა მოედანზე გმირულად მოშიმშილე ვეტერანების საპროტესტო აქციას წერტილი დაუსვეს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გაუებარია, საერთოდ რატომ გადაწყვიტა პოლიციამ ამ აქციის დაშლა და დარბევა?
ვეტერანები არაფერს არ აშავებდნენ _ ისხდნენ მდუმარედ თავიანთი დაღუპული მეგობრების მემორიალთან და სვეგამწარებული ცხოვრების გამო შიგადაშიგ პროტესტს გამოთქვამდნენ უგულო და უყურადღებო ხელისუფლების მისამართით.
_ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ, ბატონო, აქვე, მემორიალის გვერდით, რაც ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფააო _ თქვა ერთმა ჭკუისკოლოფმა უმრავლესობიდან.
აქციის მონაწილენი მსგავს ვანდალურ საქციელს კატეგორიულად უარყოფენ და სამართალდამცავებს ცილისწამებაში სდებენ ბრალს _ ქუჩას გადახვალ და ქვემოთ იმხელა ხევია, რაღა აქ ვიზამდით რაიმეს? თანაც ამ მოშიმშილე ხალხს ისეთი რა ბიოლოგიური მოთხოვნილება უნდა გვქონოდა, რომ ამის გამო პოლიციელები მოგვისიეს და გაგვლახეს, დაგვიჭირეს.
ტუალეტების საქმე რომ მართლაც მოსაგვარებელია ქალაქში, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობასაც ვერ გაამტყუნებ ამ დაკრიალებულ-გაბრდღვიალებულ ქალაქში ტუალეტების ჩადგმა ქალაქის იერ-სახეს ნამდვილად დაამახინჯებს.
აი, კარვები რომ ჰქონდათ გაშლილი ვეტერანებს, თანაც თვთნაკეთი კარვები, ეს უკვე საგანგაშო ფაქტია, თუმცა ამ ქალაქში კარვები კი არა ვიღაც-ვიღაცებს სასახლეები აქვთ გადაშლილი, მაგრამ ამის გამო ჯერჯერობით არავინ დაუჭერიათ.
პოლიტიკოსებმა იწყეს იქ სიარული პოლიტიკური სპეკულაციის ასაგორებლადო, რომ ამბობთ, ეს პოლიტიკოსები თითქმის 20 წელია მეშაბაშეებივით დადიან ასე მიტინგ-მიტინგ და აქცია-აქცია და ამისთვის ვეტერანებს რას ერჩოდით _ თვითონ ამ `პოლიტიკური სპეკულიანტებისთვის~ გეტაცათ ხელი.
რაც შეეხება ქალბატონისთვის მუშტის ჩარტყმას პოლიციის მხრიდან, როგორც ირკვევა, ეს პოლიციელი სპეციალურად იყო ჩანერგილი ერთ-ერთი ოპ-პოლიტიკური პარტიის მიერ პოლიციის რიგებში, რომ უდროო დროს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის ხან მუშტი ჩაერტყა, ხან პანღური ამოერტყა და ამით პოლიციის უმწიკვლო სახელისთვის ლაფი და ტალახი მოეცხო.
ბატონ ვანოს უთქვამს: _ ეგ მუშტი მაგ ქალბატონს კი არა, მე მომხვდა პირდაპირ სახეში... ამოარტყით მაგ მუშტის პატრონს ერთი-ორი პანღური და გააგდეთ აქიდანო.
უკვე დაიწყო სერიოზული გამოძიება შსს-ში სხვადასხვა პარტიების მიერ შეგზავნილი აგენტების გამოსავლენად, რომლებიც თავიანთი უღირსი ქმედებებით დიდი ხანია მიზანმიმართულად უტეხენ სახელს სამართალდამცავ ორგანოებს.
ფაქტობრივად, ყველა კითხვა ამ ამბავთან დაკავირებით პასუხგაცემულია, გარდა ერთისა: რატომ დაარბიეს მოშიმშილე ვეტერანების მშვიდობიანი აქცია, როცა აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ?
თუმცა იმდენ კითხვას გაეცა პასუხი, ეს ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, საერთოდ, რა სახსენებელია?
















































































მთავარი
კონტაქტი




2010