თამრიკო ჭოხონელიძე - მომღერალი, რომლის იავნანაზეც თაობები იზრდება. ხშირად ხუმრობს კიდეც: "ჩემი დედ-მამის ამხანაგები ხუმრობდნენ, თამრიკოს სიმღერებზე ვართ აღზრდილებიო". პირველი სიმღერა სიყვარულზე იმღერა. შემდეგ იყო "მზიური", რომლიდანაც გზა დიდ სცენამდე გრძელი და შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ თავისი საქმის დიდი სიყვარული ყოველთვის თან ახლდა და ამ გზას უადვილებდა.
ერთხელ კულისებში მდგომს, ბიჭიკო ჩხეიძე მიახლოებია და გულზე ხელი დაუდვია მისთვის. გული ისე უძგერდა, ჩხეიძეს უთქვამს: "ამ ბავშვს პატრონი არ ყავსო?" ის ბავშვური ღელვა, დღემდე გამოჰყვა. დღესაც ისე ღელავს სიმღერის წინ, როგორც დებიუტის დროს.
"მეშინია, ჩემი საფლავის ქვაზე აკვანი არ დაახატონ, - ამბობს ქალბატონი თამრიკო, - იცით, რატომ? ჩემი სტუდენტები გოგი დოლიძის საფლავზე წავიყვანე და როგორც იცით, მისი საფლავის ქვას საქართველოს რუკა ახატია. იმიტომ, რომ მთელი მისი შემოქმედება მან საქართველოს მიუძღვნა. მე კი სულ "იავნანას" ვმღერი და ამიტომ მეშინია".
ძალიან ლამაზი შეხვედრა შედგა მომღერალთან ნოემბრის პირველ დღეს ჩოხატაურის რაიონში. დედით გურულმა ქალბატონმა თამრიკომ, დიდი სიყვარულით და გულით უმღერა გურულებს. ჩვენი ინტერვიუც ამ შეხვედრის დროს ჩაიწერა.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი გამოსვლა სცენაზე...
- პირველად სცენაზე რომ დავდექი, ოთხწლინახევრის ვიყავი. მიმიყვანეს ვოკალურ წრეზე, რომლის ხელმძღვანელი იყო ციცინო ციცქიშვილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველად რუსული სიმღერა ვიმღერე, რომელიც სიყვარულზე იყო. ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ იცინოდნენ დარბაზში მაყურებლები. 6 წლისა კი უკვე ანსამბლ "მზიურში" შევედი.
- რას ნიშნავს თქვენთვის "მზიური"?
- "მზიური" პირველ რიგში, მეგობრებს ნიშნავს ჩემთვის. იმ მეგობრებს, რომლებიც "მზიურმა" მაჩუქა. გვასწავლა ერთმანეთის გატანა, გვერდში დგომა, მაყურებელთან ურთიერთობა. ასევე, ერთმანეთის სიხარულის გაზიარება, შემდეგ კი - სცენაზე დგომის უდიდესი გამოცდილება. პოპულარობაც იყო. ძალიან დიდი სიყვარულიც ხალხისგან, ჩვენს მიმართ რომ იჩენდნენ. მგონი, უკვე საკმარისია პატარა ბავშვისთვის.
- ვინ იყო თქვენი პირველი მასწავლებელი?
- დედა. დედეჩემი ლიზიკო კალანდაძეა, მუსიკოსი. ჯერ დედამ მასწავლა და მერე მამამ. მამაჩემი თვითონ იყო ფოლკლორისტი. ის იყო უდიდესი პიროვნება, რომელმაც უამრავი თაობა გაზარდა. სამწუხაროდ, დღეს ის ჩემს გვერდით არ არის და ძალიან მაკლია.
- ცხოვრებაში ალბათ, ბევრი დაბრკოლება გადაგილახიათ. რა გეხმარებოდათ მათ გადალახვაში?
- კი, დაბრკოლებები იყო. ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ უფრო მეტად მეხმარებოდა ის, რომ მე მაქვს ერთი თვისება, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში, ეს არის ჩემი თავის უცხოდ დანახვა. ხშირად, როცა მგონია მართალი ვარ და უცებ თავი დამნაშავედ დამიჭერია. ჩემი აზრით, ეს უკვე დაბრკოლების გადალახვაა. როცა სამყარო ჩემს ირგვლივ ემოციურად დატვირთულია და უკვე ვეღარ ვფარავ ემოციას, სიმღერა მეხმარება, ოღონდ, მარტო უნდა ვიყო. ყველაზე მეტად მეხმარება მაყურებელი, როცა ვამბობ: "ჩუმად" და სიჩუმეა, ყველაფერი გვარდება.
- ჯეოსტარის" შესარჩევ კონკურსზე გურულებს სიმღერა დაუწუნეს ორგანიზატორებმა. "სიმღერა დაგვიწყებიათო" უთხრეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა დაგვავიწყდა გურულებს სიმღერა?
- კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ დაგვიწყებიათ. ჩემთვის "ჯეოსტარი" არ არის საზომი, იმიტომ, რომ მასზე ბევრ ისეთს ვხედავ, რომელიც შესამჩნევიც არ იყო. ჩემთვის ბევრი რამ კომპეტენტური არ არის მათი მხრიდან. ამიტომ ვამბობ, ეს ეხება ძალიან დიდ სიწმინდეს, სიმღერას და მასთან, დიდი სიფრთხილეა საჭირო. გურულები იმდენად ნიჭიერები არიან, რომ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ სიმღერა დაგვიწყებიათ.
- საერთოდ, მსგავს კონკურსებზე რა აზრის ხართ?
- წინააღმდეგი ვარ. სიმღერა აღქმითი მოვლენაა და შეუძლებელია, როგორც ერთმა ადამიანმა აღიქვა, ისევე აღიქვას მეორემ. არ შეიძლება მისი სპორტულად გატარება. სიმღერა და შეჯიბრი სხვადასხვა მცნებებია. მე პირადად, არასდროს მიმიღია მონაწილეობა კონკურსში, არც ჩემს შვილს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010