2011 წლის ბათუმისა და თბილისის საახალწლო კონცერტები საქართველოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა. გარეგნულად ეს ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ბედნიერი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისათვის იქნება ჩვეულებრივი ამბავიც იყო, მაგრამ ჰქონდა თუ არა ჩვენნაირ გაღატაკებულ, უმუშევარი მოქალაქეებით სავსე ქვეყანას ასეთი ფუფუნებისათვის ბიუჯეტიდან დასახარჯი ასეთი თანხა _ ეს კიდევ საკითხავია.
ვინ როგორ შეხვდა ახალ 2011 წელს _ რას ელის მისგან, სიკეთეს და ბედნიერებას თუ სირცხვილსა და შიმშილს?
`საერთო გაზეთი~ შეხვდა დედაქალაქის მოსახლეობას და მათი აზრი დავაფიქსირეთ:
მერაბი, 41 წლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი: როგორ გავატარე ახალი წელი? იცით, რას გეტყვით, თითქოს სასმელიც მქონდა, საჭმელიც და ოჯახის წევრებიც ერთი შეხედვით სიხარულით შევხვდით ამ ახალ წელს, მაგრამ ნაძალადევი სიხარულით, მომავლის შიშით; ვერ დაგიკონკრეტებთ რისი მეშინია, მაგრამ ეს გრძნობა არ მტოვებს. ყველაფრის მეშინია, სამსახურის დაკარგვის, პროდუქტების გაძვირების, იმის, რომ შვილის სწავლის საფასურს ვერ გადავიხდი. მოკლედ, ყველაფრის, ანუ ხვალინდელი დღის. სიკეთეს ან სიახლეს არსაიდან არ ველი. ჩემი შვილების მომავლის მეშინია.
ვიქტორი, 32 წლის: იმ ასაკში არ ვარ, რომ ქუჩაში ვმდგარიყავი და `ნაციონალების~ მიერ მოსყიდული მომღერლებისა და მსახიობებისათვის მესმინა და უცხოური ტელევიზიისათვის ყალბი ბედნიერი სახე მეჩვენებინა, არც იმ ხალხის მესმის, იქ ვინც მივიდა, ცოტა მეცოდებიან კიდევაც ისინი.
მარიამი 78 წლის, პენსიონერი: შვილო, მე მარტოხელა მოხუცი ვარ, ამ საახალწლო დღეებშიც გარეთ ქუჩაში პურის საყიდლად გამოვედი, თითქმის აქ არავინაა, ბედნიერები არიან და რისთვის გამოვლენ? არ იფიქროთ, რომ ვინმესი მშურს. ჩემი საცოდავი პენსიით მცირედი პროდუქტი თუ ვიყიდე მხოლოდ. მეზობლების მადლიერი ვარ, იმათ მომიკითხეს, ღმერთმა მიცოცხლოს ისინი, თორემ ხელისუფლებას არ გავხსენებივარ. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კატეგორიას ვეკუთვნი, დეკემბერში მოვიდა ჩემთან სოციალური მუშაკი, მონაცემები ჩაიწერა, ვიფიქრე საახალწლოდ იქნებ მთავრობა რაიმეთი დამეხმაროს-მეთქი, მაგრამ ამაოდ, ორმოცდათი წელი ქიმიკოსად ვიმუშავე, მეცნიერებათა დოქტორი ვარ და საქართველოში რომ არ ვცხოვრობდე და მეზობლები არ მეხმარებოდნენ, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდი; მე რაღა საკითხავი ვარ შვილო, როცა დღეს ბავშვებს შიათ საქართველოში?
ირინა, 41 წლის: მარტოხელა, უმუშევარი დედა ვარ, ერთი თხუთმეტი წლის შვილი მყავს და მეუღლე გარდაცვლილი. განათლების სამინისტრო შემპირდა, რომ როგორც უმწეო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს, ჩემს შვილს მეათეკლასელ მოსწავლეს, ნახმარ წიგნებს მაინც, უფასოდ დაურიგებდა 180 სკოლა. ნახევარი წელი გავიდა, და ეს წიგნები დღემდე არ მიუციათ. ახალ წელს როგორ შევხვდი? უფულოდ, შიშით, არ ვიცი, სად ვიშოვო წიგნების ფული, რომ შვილი საჯარო სკოლიდან არ გამომიგდონ, ეს ფიქრი არ მასვენებს, არც ახალი წელი მახსოვს, არც ბედნიერი დღეები ჩემი ცხოვრებისა.
ლელა, 58 წლის, პედაგოგი: ახალ წელს სახლში შევხვდი ჩემს შვილთან და შვილიშვილთან ერთად, ქუჩის ქალი არა ვარ, რომ ქუჩის კონცერტებს დავსწრებოდი. სვანეთში რომ არ გაემართათ კონცერტი, ფილარმონია აქ არ იყო? ნუთუ შეიძლება, რომ ერთი კაცის უაზრო ახირებებს მთელი ქვეყანა ეწირებოდეს? მარტო სააკაშვილი ვერ წავიდოდა მესტიაში? როგორც ჟურნალისტს გეკითხებით, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი ასეთი უბედური ცხოვრება?
ნუნუ, 49 წლის: ახალი წელი უღიმღამოდ, უემოციოდ გავატარე, ოჯახში შვილები რომ არ მყავდეს და მათი ხათრით არ ვინარჩუნებდე ზოგჯერ მხნეობასა და სიხარულს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. გარეთ რომ გამოვდივარ და ვხედავ ამდენ მათხოვარს, გული მიწუხს, რა ვქნა, ვერ ვეხმარები, საკუთარი ოჯახის გამოკვება მიჭირს და ვის დავეხმარო?
ისეთ ახალ წელს ვისურვებ, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ელემენტარული პირობები, სიმდიდრე არ გვინდა, ერთი მითხარით, საბჭოთა დროს არ ვიყავით ბედნიერები? რაიმე გვაკლდა? ჩვენ რა გვიჭირს, სოფლად იცით, რა შიმშილობაა?
ლევანი, პედაგოგი: ახალი წელი მოკრძალებულად გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად. ბედნიერი ვინ არის საქართველოში, მე რომ ვიყო? სვანეთში რომ ჩავიდა პრეზიდენტი და კონცერტი გაიმართა, ერთი დღით რომ ჩადის იქ, დარჩეს რამოდენიმე თვე, ერთი ნახოს რას ნიშნავს მკაცრი ზამთარი და მერე ილაპარაკოს! ნუთუ ეს გარშემომყოფი ხალხი მაინც ვერ ხვდება, რომ სამხიარულოდ არ გვაქვს საქმე. პედაგოგი კაცი ვარ, სრულიად უცოდინარი ახალგაზრდობა რომ მოდის, ძალიან მაშინებს.
ჩემთვის უიმედო 2011 წელი დადგა, ვინ იცის, რას გვიმზადებს ის? ღმერთმა გადაგვატანინოს.
ვალერიანი, 68 წელს, პროფესორი: ახალი წელი ისე გავატარე, რომ ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მეტი არაფერი მიხარია. ჩემი შვილიშვილები იყვნენ კარგად და ღვთის შეწევნით, თორემ მე რაღა სიკეთეს უნდა ველოდე, ჩემი ქვეყანა უკიდურეს გასაჭირს განიცდის როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მთელი სიცოცხლე ვიშრომე, ახალგაზრდობის აღზრდას ვემსახურე და დღეს მათთვის თვალებში შეხედვის მრცხვენია, ისეთ საქართველოს ვუტოვებთ რა ქნან ან სად იმუშაონ, ან სად ისწავლონ, როცა საკვების ფულს ძლივს შოულობენ. ღმერთის იმედად ვართ დატოვებული შვილო, მეტი არაკაცის იმედი არა მაქვს ამ ქვეყანაზე. ან რა ახალი წელი გავატარე მე ოჯახთან ერთად, რისი უნდა გამხარებოდა, რას უნდა ველოდე?
დიმიტრი: 43 წლის: ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს, ოჯახის წევრებიც კარგად მყვანან, მაგრამ ეს შინაგანი მწუხარება ვერ მოვიცილე, ადგილს ვერ ვპოულობ სადაც ბედნიერად ვიგრძნობ თავს, არ ვიცი ახალი წელი რას მომიტანს... ვითომ კარგს? არ ვიცი... არ მჯერა უკვე არაფრის.
გოგი, 38 წლის: ეს ახალი წელი თბილისისა და საერთოდ საქართველოსათვის იყო ფარსი, მოტყუება, ვის რაში სჭირდებოდა ეს ძვირადღირებული კონცერტები? უბრალოდ სააკაშვილის პიარტექნოლოგებმა ასე დაგეგმეს, რომ ხალხი ბედნიერია, ვითომ საქართველოში და ეს მსოფლიოს უნდა დაანახონ? ამით ვინმე კიდევ ტყუვდება? უცხოელების მოტყუებას რა აზრი აქვს, ჩვენზე დარდობენ თუ რა?
ამ კვირაში ძველი ახალი წელი იქნება და მინდა ამ ქალაქიდან შორს წავიდე, კერძოდ აბასთუმანში მივდივარ ოჯახთან ერთად, არ მინდა ისევ აქ შევხვდე ძველ ახალ წელს, ამ ბინძურ და მოტყუებულ გარემოში, ამ ტყუილში ცხოვრებით დავიღალე.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010