თაობები იცვლებიან და ამასთან ერთად, იცვლება მათი აზროვნება, მენტალიტეტი, ცხოვრების წესი... აზრთა და იდეათა სხვადასხვაობა კი საზოგადოებაში კამათის საგნად იქცევა ხოლმე. "მამათა და შვილთა ბრძოლა" ყველა დროისა და ეპოქის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
რა იყო გუშინ და რით განსხვავდებოდა იგი დღევანდელობისგან? თუმცა, ისიც ცალკე თემაა, როდის იყო ეს "გუშინ", 10-15-50 წლის წინ თუ კიდევ უფრო ადრე?! ისე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამასაც არ აქვს, რადგან უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელი, უხეშად რომ ვთქვათ, პირდაპირ მიწასთან ასწორებს თანამედროვე ახალგაზრდობას. რატომ? იმიტომ, რომ ერთ დროს ვიღაცას კოჭებამდე კაბა ეცვა, მერე წვივებს ძლივს უფარავდა, მერე კიდევ ვიღაც უფრო გათამამდა და მუხლები გამოაჩინა...
1840 წელს საფრანგეთში ჩაიცვა პირველად ქალმა შარვალი და კინაღამ ჩაქოლეს, მაგრამ სამაგიეროდ, დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. მერე "დეკოლტეს" და "ტოპს" ვინღა ამბობს, მანდილოსანი თუ "შორტით" გაივლიდა, საერთოდ ვერავინ წარმოიდგენდა.
ადრე მამაკაცი ქალს გზას უთმობდა, ახლა - არა.
ადრე ახალგაზრდა - მოხუცს, კაცი - ქალს ადგილს უთმობდა ტრანსპორტში, ახლა - არა. დიდი-დიდი, ფეხმძიმეს მიაქციონ ყურადღება და ადგილი დაუთმონ.
ეგრედწოდებული, "ბოიფრენდისა" და "გელფერნდის" მნიშვნელობა არ იციან ბებია-ბაბუებმა (ცუდად ესმით ინგლისური), თორემ მაგას რომ გაიგებენ, მერე ნახეთ...
ჩვენი მშობლების თაობაში ბავშვს რომ კითხავდნენ ვინ გინდა გამოხვიდეო, თურმე, ყველა კოსმონავტს, ექიმს და ინჟინერს ასახელებდა, სასოფლოც მოდაში ყოფილა; ახლა კი საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების ყველა გოგონა მოდელობაზე, მსახიობობაზე, მომღერლობასა და ჟურნალისტობაზე ოცნებობენ, ბიჭებს კი ბიზნესმენობა ან პატრულობა უნდათ.
თურმე, კომუნისტების დროს, 16 წლამდე ბავშვებს ეროტიკულ ფილმებზე (მაგალითად ისეთი, როგორიცაა "ჯაყოს ხიზნები") არ ასწრებდნენ, სამაგიეროდ, ახლა უსაყვარლესი ბებიები სიამოვნებით უყურებენ არგენტინულ თუ ბრაზილიურ ეროტიკას, მაპატიეთ, სერიალებს...
აბა, სიგარეტს ვინ მოსწევდა მანდილოსნის თანდასწრებით?! სამაგიეროდ, ახლა გაკვეთილზე "შმონზე" შესულ ორგანოს თანამშრომლებს, გოგონების ჩანთები ხვდებათ "ბალახ-ბულახით" სავსე.
დახეულ შარვალზე ერთმა ქალბატონმა თქვა: "იმ ბაღანას იგი შარვალი გახეული რომ აცვია, ხორცი არ უჩანსო?".
თანამედროვე ესტარდასაც გადასწვდნენ: "რას უსმენს აი, ბაღნები, ყურიდან ყურში არ გეიშობაო"...
ძველად 13-14 წლის გოგონებს ათხოვებდნენ, ახლა 17 წლისა რომ გათხოვდება, უსიამოვნო რეპლიკებით ამკობენ ხოლმე. თუმცა, შესაძლოა 20 წლამდე ამ გოგომ მინიმუმ, სამჯერ მაინც მოასწროს გათხოვებ-გამოთხოვება.
თაობებს შორის დავა საუკუნეებს ითვლის და კარგა ხანია მოვლენად იქცა. "ის ურჩევნია მამულს,ა რომ შვილი სჯობდეს მამასაო" ნათქვამია, მაგრამ ისიც უთქვამთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენიო". დროს კი ყველა - ახალგაზრდაც და მოხუციც, ერთნაირად ქმნის.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010