ჩემი რესპონდენტი 21 წლისაა და ნიკა ჰქვია. მან უამრავი ტანჯვა გადაიტანა ცხოვრებაში. ბოლოს, როცა ეგონა, ბედნიერებამ შეაბიჯა მის ცხოვრებაში და უფერული დღეები გაუფერადდა, სწორედ მაშინ დაენგრა ყველაფერი: ოცნებებიც, მიზნებიც... ნიკა თავის მძიმე ცხოვრებაზე თავად გვიამბობს.
- საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა. დედაჩემს მაშინ მივუტოვებივარ, როცა 2 წლის ვიყავი. მამა, ბიძა და ბიცოლა მზრდიდნენ. როცა ვთქვი, დედა მენატრება-მეთქი, გამიბრაზდნენ, მაგრამ როცა მასიურად ვიმეორებდი, დედა მენატრება და მანახეთ-მეთქი, წამიყვანეს მასთან. დედამ კი არ მიმიღო. მას სხვა ოჯახი ჰყავდა და ჩემი ნახვა არც სურდა. ყოველთვის მაკლდა დედის სითბო და სიყვარული. სკოლაში ბავშვებს დედები აკითხავდნენ, მე კი ამ დიდ ბედნიერებას მოკლებული ვიყავი. ყოველთვის მშურდა ჩემი მეგობრებისა, მეც მინდოდა მზრუნველი დედა მყოლოდა, ვყვარებოდი და გულში ჩავეკარი. წლები გავიდა. რამდენიმე თვის წინ ერთი ლამაზი გოგონა გავიცანი. მისმა სილამაზემ ლამის გამაგიჟა. ერთ დღესაც გამოვუტყდი, რომ მიყვარდა. მასაც მოვწონდი. ერთმანეთს ვხვდებოდით. ასე კარგა ხანს გრძელდებოდა. აღარც დედაჩემზე ვბრაზობდი წინანდებურად. ბედნიერი ვიყავი. დაქორწინებასაც კი ვაპირებდით, მაგრამ ბედის ირონიით, დაუჯერებელი რამ მოხდა, ამან თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი დამაწყებინა.
- რამ გაფიქრებინა ეს?
- ჩემმა საცოლემ თავისთან მიმიწვია. კარგად ვიმხიარულეთ, ჯერ მხოლოდ ორნი ვიყავით, შემდეგ კი დედამისიც მოვიდა. რატომღაც საუბარი მშობლებზე ჩამოვარდა. იმ ქლამა ტირილი დაიწყო, წარსულში დიდი ცოდვა ჩავიდინეო და სურათი გამოიტანა, სადაც ბავშვთან თვითონაც იყო. ძლივს ვკითხე, რა ჰქვია იმ ბავშვს-მეთქი. როცა ჩემი სახელი თქვა, თვალებგაფართოებული შევაცქერდი. ეს ქალი დედაჩემი იყო. ჩემი საცოლე თავიდან ვერაფერს მიხვდა, მერე ჰკითხა, ამაზე ხომ არ ლაპარაკობო და ჩემზე ანიშნა. ასე გაირკვა, რომ ეს ქალი დედაჩემი, ჩემი საცოლე კი - ჩემი ნახევარდა. თავზარი დამეცა. თურმე ჩემი და მყვარებია. სიმართლე რომ დროზე არ გამჟღავნებულიყო, ცოლად ჩემს დას შევირთავდი. არადა, რამდენ ხანს ვგეგამვდით ცხოვრებას, ერთად ყოფნა გვიხაროდა. სიმართლის გარკვევამ მთელი ცხოვრება თავდაყირა დამიყენა.
- შენმა დამ ეს როგორ მიიღო?
- ძალიან ცუდად გახდა. საშინელი დეპრესია დაეწყო. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და, უცებ ერთმანეთს ისე შევხედეთ, როგორც და-ძმამ. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე წუთები იყო.
- დედაშენს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, მისი შვილი იყავი?
- დაიჩოქა და გოდება დაიწყო. პატიებას მთხოვდა, მაგრამ ისეთი რამ გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა და რასაც არასდროს ვინანებ: დედაჩემს დანა დავარტყი, ორჯერ. ჩემმა დამ კივილი დაიწყო. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა. სასწრაფო და პოლიცია ერთდროულად მოვიდა. გონს მაშინ მოვეგე, როცა ხელებზე ბორკილები დამადეს.
- დედაშენი სიკვდილს გადაურჩა?
- მგონი კი. მის შესახებ არაფერი ვიცი. მხოლოდ ის გავიგე, რომ ჩემი და ამერიკაში წასულა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ არ მოხერხდა. ალბათ, ასე სჯობს. რამდენიმე დღით გამომიშვეს ციხიდან, მაგრამ მალე ისევ გისოსებს მიღმა აღმოვჩნდები და "მკვლელი" დამერქმევა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010