საქართველოში უნივერსიტეტების პირველი ნებაყოფლობითი გაერთიანება - საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია შეიქმნა. აღნიშნული ორგანიზაციის კარი ღიაა, როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტებისათვის. კონფერენციაზე თითოეულ უნივერსიტეტს რექტორი წარმოადგენს. Kკონფერენციის მიზანია საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის შეთავაზება საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის დანერგვის მაქსიმალური ხელშეწყობა. კონფერენციის მონაწილე უნივერსიტეტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საზღვრავენ და ახორციელებენ შიდასაუნივერსიტეტო პოლიტიკას და სტრატეგიას. ამავე დროს კონფერენციის ყველა მონაწილე გამოხატავს შეთანხმებულ პოზიციას ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება საქართველოში უმაღლესი განათლების და კვლევის პოლიტიკას და სტრატეგიას.
კონფერენციას ექვსი თვის განმავლობაში თავჯდომარეობს კონფერენციის დამაარსებელი ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი.ექვს თვეში ერთხელ ხდება თავჯდომარის როტაცია იმ რიგითობის მიხედვით, რომელიც დადგენილია კონფერენციის პირველ სხდომაზე. Kკონფერენციის ახალი წევრების მიღება დამაარსებელი ყველა უნივერსიტეტის რექტორის თანხმობით მოხდება. მიღების შემდეგ, კონფერენციის ახალ წევრებს ენიჭებათ იგივე უფლებები, რაც დამაარსებელ წევრებს. K
კონფერენცია დააარსა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის უნივერსიტეტმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.