განათლება სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. უკანასკნელ წლებში განათლების სფეროში გატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია აზრთა დაპირისპირება. თუმცა, საბოლოო ჯამში, იქნა მიღებული ის ნორმები, რომლის განხორციელებაც იყო დაგეგმილი. ერთი სიტყვით, გატარდა რეფორმები და დღემდე გარკვეული ძვრები აღინიშნება.
როდესაც განათლების სფეროში გარკვეული სახის რეფორმები გატარდა, იგივე კორუფციის აღმოსაფხვრელად, ალბათ, იმაზე არავინ ფიქრობდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სწავლის ხარისხი იმ გადასახადს, რომელსაც უნიშნავდნენ სტუდენტს; არ არის გამორიცხული, რომ ბევრმა აბიტურიენტმა მანამდე თუ ახლა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ შეძლო ჩაბარება იმ გადასახადის გამო, რომელსაც პირობითად სასწავლებელი უწესებდა. ეს აიხსნება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორით, იგივე ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით. ფაქტია ისიც, რომ სინამდვილეში არაა ფორმულირებული ის სქემა, სადაც ადამიანის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა იქნება სწავლის საფასურის ვალიდური.
თითოეული ადამიანის სურვილია ჰქონდეს დასაქმების მრავალგვარი შესაძლებლობა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისთვის კი საჭიროა ხარისხიანი უმაღლესი განათლება, მობილობა, კვალიფიკაციის აღიარება და კონკურენტუნარიანობა. რა კეთდება ამისათვის?
ყველა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის წარმატების გარანტი არის ბევრი კვალიფიცირებული, განათლებული ადამიანის დასაქმება, თითოეული ინდივიდის საქმიანობის რეალიზაცია. ჩვენს ქვეყანაში, მეტნაკლებად, შეიძლება მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ შემდგომ ამის რეალიზაციის გარანტიას დაწესებულება, სახელმწიფო არ იძლევა. ასე რომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ წარმატებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს კარგი საგანმანათლებლო ბაზა, მას პრაქტიკულად დასაქმების არანაირი პერსპქტივა არ გააჩნია.
ამავე დროს, ისიც საინტერესოა, რატომ არის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში მაშინ, როდესაც ბიზნესი კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას უჩივის? მიუხედავად იმისა, რომ განათლების სფეროში მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო დიდი ინვესტიციები იდება, უწიგნურობა მაინც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუნდაც ფორმისა და შინაარსის ფილოსოფიური კანონიდან გამომდინარე - ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შინაარს - შინაარსი ფორმას - სწავლის გადასახადი შეესაბამება თუ არა სწავლის დაწესებულების მთლიან სტრუქტურას? ჩვენ ვთვლით, რომ არა. როდესაც სტუდენტს უწესებენ ისეთ გადასახადს, რომელიც მას პრაქტიკულად არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ აქვს განათლების მიღების კარგი პოტენციალი და უნარჩვევები. არსებობს მეორე მხარეც, როდესაც სტუდენტს აქვს სწავლის გადახდის საფასური, მაგრამ იღებს თუ არა ის შესაბამის განათლების დონეს, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა; რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სწავლის ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი.
Yგარდა ნათქვამისა, ყველას ესმის, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. საქართველოში უმუშევართა რიცხვი, გაეროს მონაცემებით, 100 000-ით გაიზრდება. ამის პარალელურად კი საქართველოში სწავლის გადასახადი ძვრიდება. შესაბამისად, მშობლებს შვილისთვის განათლების მიღება საკმაოდ ძვირი უჯდება. სად არის გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ამდენის გადახდის საშუალება არა აქვთ? მივდივართ უტოპიამდე, რომ ახალგაზრდა ასეთ პირობებში რჩება განათლების გარეშე.
ევროკავშირის ქვეყნების აქტივობა განათლების სფეროში მიმართულია 2010 წლისთვის საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნისკენ.
ბოლონიის პროცესის 10 მთავარი ამოცანას, მოდით, კიდევ ერთხელ, გადავხედოთ და დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს, რამდენად რეალურად სრულდება ქვემოთ ჩამოთვილი მოთხოვნები:
- ადვილად გასაგები და შესადარებელი კვალიფიკაციები;
- სამსაფეხურიანი სისტემა;
- საკრედიტო სისტემა (ECTS);
- მობილობა;
- ხარისხის უზრუნველყოფა და აკრედიტაცია;
- ევროპული განათლების მიმზიდველობა;
- უმაღლესი განათლების დაწესებულებები და სტუდენტები;
- ცხოვრების მანძილზე სწავლა;
- ევროპული განზომილება უმაღლეს განათლებაში;
- განათლებისა და კვალიფიკაციის შერწყმა.
საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა 2007 წელს ბოლონიის პროცესის ფარგლებში დადებითად შეფასდა. მისი მოთხოვნების შესაბამისად, 2008 წლიდან უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში მეორე ეტაპზე გადავიდა. ორგანიზაციული რეფორმების შემდეგ იწყება ხარისხის სრულყოფისა და პროგრამულად დასავლეთის უნივერსიტეტებთან დაახლოვების ეტაპი.
პარალელურად, სახეზე გვაქვს დინამიკა, რომლის მიხედვითაც, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება - ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველ წელს სტუდენტი დაახლოებით 28 000 აბიტურიენტი გახდა, შარშან - 17 000, წელს - 15 000-მდე შემცირდა.
თუ ჩვენს ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ თავისი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით/ბაზით არაფრით არ ჩამოუვარდეს ევროპის ქვეყნებს, შექმნას თანამედროვე განათლების სისტემა, თავისთავად ცხადია, რომ უნდა შეასრულოს ყველა ის დებულება, რომელიც წარმოდგენილია ბოლონიის პროცესის 10 მთავარ ცნებაში და სწავლის გადასახადის გაზრდაზე შემდგომ იზრუნოს.
დაბოლოს, ბევრი სტუდენტი მიდის განათლების მისაღებად საზღვარგარეთ, რათა აიმაღლოს კვალიფიკაცია. საბოლოო ჯამში ისმევა კითხვა, ვის სჭირდება დასავლური განათლება ქართული დასაქმებით?!
რედაქციისგან:
გვესმის რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან მეტი ფინანსური რესურსის გაღებაა საჭირო. რათა, თუნდაც, კვალიფიციური პედაგოგები ლექციის წასაკითხად მოიწვიოს. ზოგი უმაღლესი სასწავლებელი ნამდვილად უზრუნველყოფს და შედეგიც აქვთ, კურსდამთავრებულთა 90 პროცენტი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციებში თუ სახელმწიფო სტრუქტურებში. მაგრამ უმრავლესობა უმაღლესი სასწავლებლებისას, საგანმანათლებლო საქმიანობა ბიზნესადააქვთ ქცეული და სწავლის გაძვირება მათ წისქვილზე ასხამს წყალს. სამაგიეროდ, ვერ უზრუნველყოფენ სწავლის მაღალ დონეს და, ჩვენში რომ დარჩეს, არც ადარდებთ. სამაგიეროდ ადარდებს მშობელს, რომელიც ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და საკამოდ ძვირი უჯდება შვილისთვის განათლების მიცემა. შეიძლება ვინმე შეგვეკამათოს და გვითხრას, თუ აბიტურიენტი ნიჭიერია, მას შეუძლია საგრანტო დაფინანსება მოიპოვოსო. კი, გვესმის, მაგრამ გრანტის მოსაპოვებლად მოსწავლეს მარტო სკოლაში მიღებული განათლება სამწუხაროდ არ ჰყოფნის. მის მშობელს კი რეპეტიტორებთან გადასახდელი თანხა არ აქვს. რა ქნას ახალგაზრდამ, რომელსაც ცოდნის მიღება უნდა?
დღეს ჩვენი ქვეყანა, და მთლიანდ მსოფლიო, ეკონომიკურ კრიზისშია. შედეგად, ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება. სწავლის საფასურის გაზრდა დღის წესრიგში ნამდვილად არ უნდა დამდგარიყო. ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ახალგაზრდებს მომავლის იმედი სამუდამოდ არ უნდა დაუსამაროთ. დაფიქრდით სანამ სწავლის საფასურს გაზრდიდეთ და ჩვენი თხოვნაა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგი იქნებოდა იმ აბიტურიენტების ოჯახებში შეიხედოთ, ვისაც, ხვალ თქვენთან სწავლის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010