რათა უფრო უკეთ გადმოგცეთ ის განწყობა, რომელიც 19 სექტემბერს "კავკასიურ სახლში" სუფევდა, გთავაზობთ მოკლე რეპორტაჟს კლუბის დაფუძნების ადგილიდან.
შოთა იათაშვილი (კლუბის გამგეობის წევრი): "კავკასიური სახლის" ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი და ჩვენ გადავწყვიტეთ, ის ხალხი, რომელიც "კავკასიურ სახლთან" მეგობრობს და თანამშრომლობს, უფრო შევამჭიდროვოთ და ჩვენს მეგობრობას უფრო დაკონკრეტებული სახე მივცეთ. ვფიქრობთ, ამისათვის კლუბის ფორმა ყველაზე კარგია, ეს ძალიან მიღებული და გამოცდილი ფორმაა დასავლეთში. ჩვენ დავწერეთ წესდების პროექტი, სადაც დაფიქსირებულია, რა გვინდა გავაკეთოთ და რატომ უნდა გავერთიანდეთ ამ კლუბში... თუმცა გამოცდილება ნაკლები გვაქვს, იმედია მას ნელ-ნელა შევიძენთ და მივხვდებით, როგორ ვიმოქმედოთ, რათა ფორმალური კი არა, მართლა სისხლსავსე იყოს კლუბის ცხოვრება...
გია სიამაშვილი (კლუბის გამგეობის წევრი): იმ ავადსაძრახისი კომუნისტების დროს დავდიოდით ბაქრაძის ლექციებზე, მერე მამარდაშვილის ლექციებზე, ანუ იყო რაღაც კულტურული ცენტრები, სადაც იკრიბებოდა საბჭოთა ინტელიგენცია, როგორც მას ვეძახდით პირობითად, მაგრამ ინტელიგენციას როგორც მაშინ, ისე დღეს, უცხოელის სტატუსი ჰქონდა საზოგადოებაში, ამიტომ გაერთიანების მოთხოვნილება იმ ხალხში, ვინც ინტელექტუალურ მოღვაწეობას ეწევა, ნამდვილად არის... რაღაცნაირად დაქსაქსულები ვართ, ვიკრიბებით ეპიზოდურად, ან შემთხვევით ვხვდებით ერთმანეთს, ან ტელეფონით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ გავიზიაროთ, რას აკეთებს ჩვენთვის საინტერესო ადამიანი, რა შემოქმედებით პროცესშია და ამით სტიმულირება მივცეთ ერთმანეთს შემოქმედებითი აქტივობის პროცესში... მე ვფიქრობ, რომ ამ კლუბს ის ფუნქცია ეკისრება, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარი ცნობიერების, თანაბარი ინტერესების ადამიანების ადგილსამყოფელი გახდეს...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010