მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
დილის გაზეთი
2001-05-30
ის ფეხბურთის დიდოსტატი იყო

სლავა მეტრეველი, კაცი-ლეგენდა. კაცი, რომლის ქართველობაც სიამაყის უფლებას გვაძლევდა. კაცი, რომლის თამაში გულშემატკივრებს ენით აუწერელ სიამოვნებას გვრიდა. სლავა მეტრეველს აღფრთოვანებაში მოჰყავდა ფეხბურთის მილიონობით ქომაგი, როგორც საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასევე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

1963 წელს ასრულდა ქართველ გულშემატკივართა დიდი ხნის ოცნება. სპორტის დიდმა მეცენატებმა და ფეხბურთის უდიდესმა გულშემატკივრებმა - ძმებმა მიხეილ და ოთარ ლაზიშვილებმა და ირაკლი ნემსაძემ, როგორც იქნა, დაიყოლიეს სლავა მეტრეველის მეუღლე ტატიანა, რათა სახელოვან ფეხბურთელს, რომლის სხეულში სუფთა ქართული სისხლი ჩქეფდა, დაეცვა ქართული ფეხბურთის სახელი... და 1963 წლის 31 მარტს სლავამ პირველად ჩაიცვა თბილისის "დინამოს" მაისური და სეზონის პირველივე მატჩში მისი ბრწყინვალე თამაშის შედეგად, "დინამოელებმა" დაამარცხეს ლენინგრადის "ზენიტი" 4:0.

სლავა მეტრეველი მსოფლიოში აღიარებული ფეხბურთელი იყო. თუნდაც ის, რომ სლავა პერსონალურად მიიწვიეს მსოფლიო ნაკრებში, თავისთავად ბევრს ნიშნავს. სლავა მეტრეველმა სახელი მოიხვეჭა შესანიშნავი თამაშით ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სტადიონებზე. ლათინურამერიკული პრესა ქებით და დიდებით აღწერდა სლავას და მიშას თამაშს. მათ იმდენად კარგად ითამაშეს, რომ უმდიდრესი კლუბები მზად იყვნენ, მათ შესაძენად არნახული თანხა გაეღოთ - 50-50 მილიონი პესეტი.

ეს იყო 1961 წლის 18 ნოემბერს ბუენოს-აირესის "რივერ პლეიტზე". სლავა მეტრეველის და მიხეილ მესხის ბრწყინვალე თამაშის შედეგად სსრკ ნაკრებმა დაამარცხა მასპინძლები 2:1, სლავას და მიშას ჩაწოდებებიდან ორივე ბურთი ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესის აღიარებით, სლავა მეტრეველი იყო ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო. როდესაც სსრკ-ის ნაკრები გასასვლელიდან გამოვიდა, მრავალათასიანმა ბრბომ ალყაში მოაქცია ავტობუსი, გულშემატკივრები გაიძახოდნენ: "ბრავო მესხი", "ბრავო მეტრეველი".

ქართველი ფრთების ასევე ბრწყინვალე თამაშის შედეგად, საბჭოთა ნაკრებმა მოუგო ჩინელებს 1:0 და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს 2:1.

სახელგანთქმულმა ჩინელმა მწვრთნელმა ელინიო ერერამ უწოდა სლავას და მიშას "ქართული ფეხბურთის დიდებული ფრთები".

აი, რას წერს ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ "ფუტბოლის" პირველი რედაქტორი მარტინ მერჟანოვი თავის წიგნში: "კიდევ ერთხელ ფეხბურთზე" (მოსკოვი, გამომცემლობა "ფიზკულტურა და სპორტი", 1972 წ.):

"... აქამდე საფეხბურთო საზოგადოებას არ ახსოვდა, რომ ევროპულ ეროვნულ ნაკრებს წარმატებით ეასპარეზა არგენტინის მოედნებზე. ასეთი რამ არ ყოფილა! დაუჯერებელია! როგორც კი ბურთს მესხი და მეტრეველი მიიღებდნენ, სტადიონზე არნახული აჟიოტაჟი სუფევდა - ჩვენმა გარემარბებმა თამაშის უმაღლესი კლასი აჩვენეს, არგენტინელთა მცველები სიმეონე, ვიდალა, დელგადო და გრიგალი ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯვარს აცვეს, სწორედ სლავას და მიშას ფლანგური გარღვევების შემდეგ გაიტანა ვ. პონედელნიკმა ორი გოლი - ისინი კოლექტიური მოქმედების გვირგვინად იქცნენ. მატჩის დამთავრებისთანავე პუბლიკა მინდორზე გამოვარდა, სლავას და მიშას გამოეკიდა, მათ ჰკოცნიდნენ, ეხვეოდნენ, ავტოგრაფებს სთხოვდნენ. ყველაზე ტემპერამენტიანმა გულშემატკივრებმა სლავა მეტრეველს მაისური გახადეს და მისი ნაფლეთები სუვენირებად დაირიგეს. მიშა მესხმა კი გასახდელში გაქცევით უშველა თავს"...

დავუბრუნდეთ 1963 წელს. სლავა მეტრეველი საოცრად ჰარმონიულად შეეწყო უკვე ჩამოყალიბებულ გუნდს და ორგანულად შეავსო ანსამბლი, რომელშიც გამოდიოდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ შოთა იამანიძე, მიშა მესხი, სიომა ბარქაია, მურთაზ ხურცილავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ პეტრიაშვილი, ჟორა და ბორის სიჭინავები, სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, გურამ ცხოვრებოვი და სხვები.

1964 წელს "დინამოში" ჩატარებულ მეორე სეზონში სლავა მეტრეველი მონაწილე გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიული მატჩისა ტაშკენტში, სადაც "დინამომ" სსრკ ჩემპიონატის ნანატრი ოქროს მედლები მოიპოვა.

"ის, რომ ქართულმა ფეხბურთმა 1964 წელს ტაშკენტში იზეიმა დიდი გამარჯვება, უპირველესად, სლავა მეტრეველის დამსახურება იყო. არ ვიცი, ვინ იყო მისი ნათლია, ასეთი მადლიანი სახელი რომ დაანათლა სლავას, მაგრამ იგი მართლაც "დიდება" იყო" (სერგო კოტრიკაძე).

სლავა მართლაც უნიკალური მარჯვენა გარემარბი იყო, როგორც "დინამოში", ასევე მთელ საბჭოთა კავშირში და ევროპაშიც. იგი იყო ძალზე გულკეთილი, ყურადღებიანი, მეოჯახე და მეგობრების მოყვარული (სიომა ბარქაია).

დემიკო ლოლაძე, კოტე მახარაძე, შალვა ქირია, არჩილ გოგელია, გარუნ აკოფოვი, ლევ ფილატოვი, ვიქტორ პონედელნიკი, ედუარდ სტრელცოვი, მიხაილ იაკუშინი, გავრილ კაჩალინი, ნოდარ ბროლაძე და სხვები ქება-დიდებით იხსენიებენ სლავა მეტრეველს თავიანთ წიგნებსა და წერილებში.

1968 წელს ბრაზილიაში დაისტამბა სპეციალური აფიშა სლავას დიდი სურათით, წარწერით: "ევროპელი გარინჩა".

ჟურნალისტმა შალვა ქირიამ სლავა მეტრეველს უძღვნა წიგნი სათაურით: "ფეხბურთის რაინდი". 1996 წელს, 30 მაისს მადლიერმა ქართველმა ხალხმა ზეიმით აღნიშნა სლავა მეტრეველის 60 წლის იუბილე. იგი ამ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. სლავა (ზაურ) კალისტრატეს ძე მეტრეველი: სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960 წ.) დაიბადა 30.V.1936 წ. ქ. სოჭი. თამაშობდა ქ. გორკის (1955-56 წ.) და მოსკოვის (1956-62 წ.) "ტორპედოში", თბილისის "დინამოში" (1963-71 წ.). სსრკ 1960 და 1964 წლების ჩემპიონი. 1960 წლის სსრკ თასის მფლობელი ("ტორპედო" (მ) - "დინამო" (თბ) 4:3). უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 375 მატჩი (გაიტანა 84 გოლი), მათ შორის, თბილისის "დინამოში" - 288 (73 გოლი). ევროპის (თასის პირველი გათამაშება) 1960 წლის ჩემპიონი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი), ოლიმპიურ ნაკრებში - 4 მატჩი (1 გოლი). სსრკ ჩემპიონატის 1957, 1961 წლის ვერცხლის, 1967-69 წლების ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის 8-ჯერ დასახელდა, მათ შორის 7-ჯერ პირველ ნომრად. 1967-71 წლებში იყო "დინამოს" უცვლელი კაპიტანი. მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში, 1962 წელს (ჩილე), 1966 წელს ინგლისში (ბრინჯაოს პრიზიორი) და 1960 წელს მექსიკაში. 1968 წელს ითამაშა მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ რიო-დე-ჟანეიროში სახელგანთქმულ "მარაკანაზე". ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა გარემარბი. 1964 წელს დასახელებული იყო საქართველოს N1 სპორტსმენად. 1971 წელს, სლავა მეტრეველს "ლოკომოტივის" სტადიონზე საზეიმო გაცილება მოუწყვეს დიდი ფეხბურთიდან. შემდეგ მუშაობდა თბილისის "დინამოს" მწვრთნელად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. "დინამოს" 1978 წლის ჩემპიონობაში, 1976 და 1979 წლების სსრკ თასის მოპოვებაში მისი დამსახურებაც არის.

სლავა მეტრეველმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართულ ფეხბურთს.

1998 წლის 7 იანვარს, შობა დღეს გარდაიცვალა ეს ღვთისნიერი კაცი, მსოფლიო ფეხბურთის ჩაუქრობელი ვარსკვლავი. დიდი ფეხბურთელი დაკარგა საქართველომ, ფეხბურთის სამყარომ. სლავა მეტრეველი რაინდი იყო საფეხბურთო მინდორზე და რაინდად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

1998 წლის 11 იანვარს საქართველო სლავა მეტრეველს დაემშვიდობა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული პანაშვიდის შემდეგ მეგობრებმა ხელში აიტაცეს სლავა მეტრეველის ცხედარი და მინდვრის მარჯვენა ფლანგიდან სლავა სამუდამოდ დაემშვიდობა საყვარელი სტადიონის ტრიბუნებს. ათასობით გულშემატკივარმა მქუხარე ტაშით გააცილა სლავა მეტრეველი ფეხბურთის მოედნიდან და ამით მადლობა გადაუხადა მას, ვინც თავისი ვირტუოზული თამაშით დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ერს, სრულიად საქართველოს.

საბურთალოს პანთეონში განისვენებენ ქართული ფრთები სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.

ლეგენდას კი სიკვდილი არ უწერია.

დღეს, 30 მაისს ლეგენდარულ სლავა მეტრეველს 65 წელი შეუსრულდებოდა.

და ბოლოს, 26 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ XX საუკუნის რჩეულ ფეხბურთელთა "საზეიმო შოუს" ორგანიზატორებმა, სამწუხაროდ, დაივიწყეს (როგორც ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე და სხვები) ლეგენდარული სლავა მეტრეველიც. განა არ შეიძლებოდა დაეწესებინათ პრიზი: - ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა, აღარაფერს ვამბობ ბასაზე, რომელიც სამ ფრონტზე იბრძოდა: მეორე მსოფლიო ომის ველზე, საფეხბურთო მინდვრებზე და 13 წელი მიჯაჭვული იყო სარეცელზე და ყველგან ქართველი ვაჟკაცის განსახიერებად დარჩა...

ჰაი, დედასა!..

ავტორი: გიორგი (ვაჟა) ჭიაურელი


კალენდარი
ივნისი  2001
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
17
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი