ქართული სამწვრთნელო სკოლის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულ წარმომადგენელს, საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს გიგა ნორაკიძეს ხვალ 80 წელი შეუსრულდებოდა...
გიგა ნორაკიძეს ქართული ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სხვადასხვა გუნდში მუშაობის დროს, ვინ მოთვლის რამდენი ახალგაზრდა დაუწინაურებია, რომელთაც მომავალში დიდი ფეხბურთი უთამაშიათ...
გიგა ნორაკიძე 1930 წლის 30 მარტს, ოჩამჩირეში დაიბადა; ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო და 19 წლის ასაკში უკვე სოხუმის დინამოში გადავიდა. თუმცა, ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და 1951 წელს თბილისის სპარტაკში გადმოიყვანეს. ამას მოჰყვა გასული საუკუნის 50-იან წლების გუნდი-სენსაცია - თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი (თODO) პოპულარობითა და გულშემატკივრების მხრიდან გამორჩეული სიყვარულით ლამის თბილისის დინამოს უტოლდებოდა. მოედანზე მუდამ კორექტული, ელეგანტური თამაშის სტილი, ტაქტიკური ალღოთი დაჯილდოებული ფეხბურთელი, ორიგინალური აზროვნებით გამორჩეული, - აი, ასე ახასიათებდნენ უფროსი თაობის ჟურნალისტები თუ გულშემატივრები გიგა ნორაკიძეს.
სხვათა შორის, ერთი სეზონი თბილისის დინამოშიც (1958 წელს) ჩაატარა, სულ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ საფეხბურთო კარიერის დასრულებამ ადრეულ ასაკში (30 წლის გახლდათ) მოუწია; თუმცა, სხვა სფეროში არც უცდია სამსახურის გაგრძელება და 31 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. პირველი გუნდი, რომელსაც წვრთნიდა, სენაკის განთიადი იყო, საქართველოს პირველობაზე რომ მონაწილეობდა. აი, ამის შემდეგ კი უკვე ქუთაისის ტორპედოში გადავიდა, სადაც გაატარა კიდეც თავისი სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი. მაშინდელი ტორპედო საქართველოს მეორე გუნდად სამართლიანად მიიჩნეოდა და წლების განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა საკავშირო უმაღლეს ლიგაში - ეს გიგა ნორაკიძის უდიდესი დამსახურებაც იყო. თუმცა, მწვრთნელის პროფესია ხომ განსაკუთრებულია:
გუნდის ნებისმიერი მეტ-ნაკლებად წარუმატებლად ჩატარებული სეზონის შემდეგ მთავარი დამნაშავის მოძებნა ადვილი საქმეა. ასე იყო მაშინაც, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში: ოცი წლის განმავლობაში, გიგა ნორაკიძეს ოთხჯერ მოუხდა გაჭირვებაში მყოფი ტორპედოს ჩაბარება, მერე ფეხზე დაყენება და შემდეგ... წამოსვლა! თუმცა, ასეთი დონის სპეციალისტს დიდხანს უსაქმოდ ვინ გააჩერებდა და უმაღლესლიგაგამოვლილი მწვრთნელი სულაც არ თაკილობდა საკავშირო მეორე ლიგაში მუშაობას. ტყიბულის მეშახტე, გორის დილა, მახარაძის მერცხალი, სოხუმის დინამო, სამტრედიის ლოკომოტივი, - ყველა ამ ქართულ გუნდში მეტ-ნაკლები წარმატებით იმუშავა; მაგრამ, ტორპედოს მაინც განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის სამწვრთნელო კარიერაში.
70-იან წლების დასაწყისში, ქუთათურთა საყვარელი გუნდი რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებასთან, მაგრამ მუდამ მცირედი აკლდებოდა. არადა, ტორპედო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღოდათ გიგა ნორაკიძის მიერ დაწინაურებულ, მანამდე ყველასათვის უცნობ ახალგაზრდა ფეხბურთელებს: ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას, თენგიზ სულაქველიძეს, რამაზ შენგელიას; თანაც, მაშინ ხომ წესი იყო ასეთი: პერიფერიაში თავგამოჩენილი ფეხბურთელი აუცილებლად... დინამოში უნდა გადმოეყვანათ. ჰოდა, ტორპედოც ნელ-ნელა იცლებოდა წამყვანი ფეხბურთელებით და გუნდი რომ იმ პერიოდში უმაღლესში ვერ აღზევდა, ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტიც იყო.
...საბჭოთა კავშირი ვიდრე დაიშლებოდა, გიგა ნორაკიძემ კიდევ ერთი წარმატება მოასწრო: მისი ხელმძღვანელობით სოხუმის დინამო 1989 წელს მეორე ლიგის ურთულესი ტურნირის გამარჯვებული გახდა და მომავალი სეზონისთვის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა. ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე; მით უფრო, რომ სოხუმშიც და საერთოდ, აფხაზეთშიც გარკვეული დაძაბულობა უკვე იგრძნობოდა.
ამასობაში კი 1990 წელიც დადგა და ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა; აი, მაშინ იყო, სოხუმის დინამოში მართლაც გახმაურებული გუნდის კრება რომ ჩატარდა. ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი კლუბის პრეზიდენტის მოგვიანებით აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული გურამ გაბესკირიას მხარეს დადგა და საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობას დათანხმდა - რაღა თქმა უნდა, მთავარ მწვრთნელ გიგა ნორაკიძესთან ერთად. მეორე ნაწილი კი (რომან ხაგბა, ჯემალ გუბაზი, გიორგი ჩალიგავა, დაურ ახვლედიანი, ანდრეი ჩეკუნოვი, სერგეი არუთინიანი) საკავშირო ჩემპიონატში დარჩენის მომხრე იყო და 1990 წელს სოხუმის ორი გუნდი... სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში ასპარეზობდა! დინამო - ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა კავშრის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩაერთო, სამაგიეროდ, საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ცხუმი გამოჩნდა! აი, ეს იყო გუნდი: გიგა ნორაკიძემ ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები (გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი, გოჩა ჟორჟოლიანი, გელა ინალიშვილი, სოსო მალანია, გიორგი ჩიხრაძე, თენგიზ სიჭინავა, იური გაბისკირია, ზურაბ ფარულავა, აშოტ კურგენიანი, თემურ გადელია) შემოიკრიბა, მერე გრიგოლ ცაავაც დაემატათ და პირველ-მეორე ჩემპიონატში თუ ვინმე თამაშობდა ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს, სწორედ ცხუმზე ითქმოდა...
გიგა ნორაკიძემ ცხუმში სეზონ-ნახევარი იმუშავა, 1991 წლის 2 ივლისს კი უკვე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვიხილეთ! იმ დღეს ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ისტორიაში პირველი გასვლითი შეხვედრა ჩაატარა და მართლაც ლამაზ სტილში შესძლო მოლდოვის ნაკრების დამარცხება (4:2). ნორაკიძემ მასპინძლებს შემტევი ტაქტიკა დაუპირისპირა და თემურ ქეცბაიასა და გიორგი დარასელიას გოლებით მეცამეტე წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით ვიგებდით. თუმცა, მოლდოველებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მერე აქეთ შემოგვიტიეს, მაგრამ ნორაკიძემ მოედანზე ორი ახალგაზრდა ფორვარდი შემოიყვანა და ორივემ (მიხეილ ჯიშკარიანი, მიხეილ ყაველაშვილი) გოლებით დაუფასეს მწვრთნელს ნდობა...
მომდევნო ამხანაგური მატჩი ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩაატარა (სტუმრად ლიტვასთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით). ნორაკიძემ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და ორ დებიუტანტს მისცა თავის გამოჩენის საშუალება - 19 წლის შოთა არველაძეს და 20 წლის გიორგი ნემსაძეს. მომდევნო შეხვედრაში, გურჯაანში აზერბაიჯანის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში 6:3 რომ მოვუგეთ. ამჯერად უკვე 19 წლის გიორგი ქინქლაძის დებიუტი ვიხილეთ. იმავე წლის მიწურულს კი, კვიპროსთან სტუმრად წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ ნორაკიძე საქართველოს ნაკრებიდან წავიდა.
გარკვეული პერიოდი ის ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა, მერე საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის გუნდშიც (ანცი), მუშაობდა. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი უკანასკნელი გუნდი...
გიგა ნორაკიძე 1995 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა; ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ კი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი უკანასკნელ გზაზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონიდან გააცილა...
გვერდი მოამზადა გია ტუხაშვილმა
















































































მთავარი
კონტაქტი




2010