28-29 მაისს მოსკოვში ჩატარდა კონფერენცია თემაზე "მშვიდობა და განვითარება კავკასიაში". ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.
ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი კოტე ჟღენტი.
კონფერენცია სპეციალურად მოეწყო დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა სამიტის (იგი გუშინ დაიწყო მინსკში) წინ, რათა შემუშავებულიყო ახალი მიდგომები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობების საკითხში და თუ ეს მოხერხდებოდა, სათანადო რეკომენდაციები ბელარუსიის დედაქალაქში შეკრებილ შესაბამისი ქვეყნების პრეზიდენტებს გადასცემოდათ.
ცხადია, კონფერენციაზე ყველაზე დიდი დაინტერესება იმ პრობლემატიკამ გამოიწვია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას შეეხებოდა.
როგორც წესი, ოფიციალურ დონეზე ყოველთვის კეთდება ხოლმე ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ ყველას სურს სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონი, მაგრამ როდესაც საქმე პრაქტიკულ ღონისძიებებზე მიდგება, ცოტა სხვაგვარად არის საქმე. კოტე ჟღენტის თქმით, მოსკოვის კონფერენციაზე ერთადერთი რეალური და პრაგმატული წინადადება სომხეთის მხარემ, კერძოდ, ერევნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა - ოგანესიანმა წამოაყენა.
ეს შეთავაზება ითვალისწინებს ორი "არას" და ორი "დიახ"-ის პრინცისპ: უარი უნდა ითქვას კავკასიაზე რუსეთისა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს განსაკუთრებულ გავლენაზე და მწვანე შუქი აენთოს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას, აგრეთვე, საკუთარი პრიორიტეტები განისაზღვროს საერთო რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, სომხეთის წარმომადგენელმა შესთავაზა კონფერენციის მონაწილეებს, რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ისე მოხდეს, რომ არ დაველოდოთ ეთნიკური და სხვა სახის კონფლიქტების მოგვარებას, მოიხსნას ყოველგვარი ბლოკადები და ხელი შეეწყოს სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებას, უარი ითქვას ძალის გამოყენებაზე და, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ხელი მოეწეროს შესაბამის პაქტს.
რაც შეეხება რუსეთს, მისგან ამ კონფერენციაზე ყველა რაღაც განსაკუთრებულს მოელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთის წარმომადგენლის - მალიშევის გამოსვლაში, კოტე ჟღენტის თქმით, ახალი არაფერი ყოფილა.
"მისი მოხსენების ძირითადი პათოსი მიმართული იყო იმისკენ, თუ რა არ სურს რუსეთს: მოსკოვს არ სურს სხვა რომელიმე ქვეყნის გავლენა კავკასიის რეგიონში, არ სურს მისი ჩამოშორება რეგიონში არსებული ეკონომიკური და, უპირველესად, ენერგეტიკული პროექტებიდან, არ სურს სხვა სამხედრო ძალის აქ ყოფნა და ასე შემდეგ. ყველა ველოდით, რომ ბოლოს იტყოდა ქალბატონი მალიშევა, თუ რა სურს რუსეთს. ეს სურვილი კი სულ ერთი წინადადებით გამოიხატა: ჩვენ საშუალებას მოგცემთ, ერთმანეთში ყველაფერი მოაგვაროთ და ბოლოს, ეს შეთანხმება ჩვენი ეგიდით გავაფორმოთ", - ასეთი იყო კონფერენციის ორგანიზატორი მხარის პოზიცია.
კონფერენციაზე მიიღეს რეზიუმე, რომელიც საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და რაიმე კონკრეტულ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი მინსკში დაურიგდებათ საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს. რას გამოიყენებენ ისინი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ნააზრევიდან - მათი საქმეა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010