ახალგაზრდობა რომ ნედლი მასალაა, რომლისგანაც ბევრნაირი ინდივიდი გამოიძერწება, ამ შეხვედრამაც დაადასტურა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მოგახსენებთ. მას "ლიდერთა ფესტივალი" ერქვა. ეს იყო ახალგაზრდა თაობის განვითარებისათვის მოქმედი ამერიკული
პროგრამით გათვალისწინებული თავყრილობა. პროგრამის სახელწოდებაა "ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში". პროგრამა საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება, სპეციალურად კონფლიქტური რეგიონების ახალგაზრდებისათვის.
"ლიდერთა ფესტივალი" აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის გათვალისწინებული პროგრამის ნაწილია. მასში მონაწილეობდნენ: კლუბი "თბილისის მოზარდთა სახლი", თბილისის კლუბი "აფხაზეთის მომავალი", ბათუმის კლუბი "ფავორიტი".
"ლიდერთა ფესტივალის" ინიციატორები არიან - კლუბი "აფხაზეთის მომავალი" და ქართულ-აფხაზური ორმხრივი კომისია, რომლის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ლაკერბაია, შეხვედრაზე სიტყვითაც გამოვიდა.
"ლიდერთა ფესტივალზე" გამოჩნდა ახალგაზრდების ნიჭიერაბაც, მიმნდობი ბუნებაც, ოპტიმიზმიც და სილაღეც ურომლისოდაც საკუთარი ქვეყნის მოყვარული ინდივიდი ვერ ჩამოყალიბდება.
"ლიდერთა ფესტივალის" იდეა სიმბოლურად გაცხადდა ერთ-ერთ სცენაში - პირობითი, აფრებიანი მუყაოს ნავით, ქართულად ამღერებულმა გოგო-ბიჭებმა სოხუმისკენ "გაცურეს".
ახალგაზრდულად გულწრფელი და უშუალო იყო საფინალო კომპოზიცია, რომელშიც თეთრად შემოსილმა გოგონებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის "მამაო ჩვენო", სანდომიანმა ყმაწვილმა კი არაჩვეულებრივად იმღერა - "დარო, უფრო იდარე", რომელშიც სამშობლოს ხსნა გამოსთხოვა უფალს.
ღმერთმა ქნას, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა თაობების ნიჭი და შესაძლებლობები არ შთაენქას გლობალიზაციის მღვრიე ტალღებსა და მასკულტურის სკაბრეზულობას, ინდივიდუალობა და ღირსებაშენარჩუნებულ ქართველებს ნამდვილი გემით, ნამდვილ ზღვაში, აფხაზეთისკენ აეღოთ გეზი. ზურგის ქარად ამ შეხვედრაზე წაკითხული ლადო ასათიანის სტრიქონებიც გაჰყოლოდეთ: "ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდგამს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!"
















































































მთავარი
კონტაქტი




2010