ქართულ ჯარს და, შესაბამისად, ჯარისკაცებს პრობლემები არ ელევათ. მატერიალურ სიდუხჭირესთან ერთად, ძალზე გახშირდა ჯარისკაცთა დაღუპვა-დასახიჩრების ფაქტები. წუხელ ახალციხის სამხედრო ნაწილში ჯარისკაც ვიტალი ხუციშვილის გვამი აღმოაჩინეს. ახალციხის სამხედრო ნაწილისათვის ამგვარი შემთხვევა, სამწუხაროდ, პირველი არ არის. ამ რამდენიმე წლის წინათ, მაშინ, როცა ახალციხის სამხედრო დაჯგუფებას ჯერ კიდევ პოლკოვნიკი კურტანიძე მეთაურობდა, ახალციხის სამხედრო ნაწილში ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ხშირია დეზერტირობაც. როგორც ჯარისკაცები აცხადებენ, არის დღეები, როცა ყაზარმებში პირადი შემადგენლობის 40-50 პროცენტიც კი ვერ იყრის თავს.
ამჟამად არსებული ვერსიით, ვიტალი ხუციშვილმა თავი მოიკლა პოსტზე დგომისას, სატაბელო იარაღიდან გასროლით. თვითმკვლელობის ვერსიას მხარს უჭერს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობაც. არსებობს წერილი, რომელიც როგორც ნაწილის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, ხუციშვილმა სიკვდილის წინ დაწერა. წერილში ხუციშვილი ახლობლებს პატიებას სთხოვს და აცხადებს, რომ მას ასეთ პირობებში ცხოვრება აღარ შეუძლია. ნაწილის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ხუცივშილის ახლობლები არ იზიარებენ თვითმკვლელობის ვერსიას და ამტკიცებენ, რომ ვიტალი ხუციშვილი, ჯერჯერობით, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისივე თანამებრძოლებმა მოკლეს.
ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სამხედრო პროკურატურა აწარმოებს. იმედია, რომ ჭეშმარიტება ახლო მომავალში დადგინდება და დამნაშავენი თუ, რაღა თქმა უნდა, ასეთები არსებობენ, პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ.
ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა, ამის დადგენა უდავოდ გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა, ფაქტია, რომ ქართულ ჯარში არსებულ განუკითხაობას, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010