წლეულს მოსწავლე-ახალგაზრდობის (ყოფილი პიონერთა) სასახლე 60 წლის ხდება. ტრადიციების ერთგულ სასახლეში გუშინ მოსწავლეთა 55-ე რესპუბლიკური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის დახურვა შედგა. სასახლე მასპინძლობდა რეგიონებიდან ჩამოსულ თუ დედაქალაქელ ნორჩ შემოქმედებს. ორდღიანმა კონფერენციამ ბევრი ახალი სახელი და ნიჭიერი ახალგაზრდა წარმოაჩინა. გვესაუბრება სასწავლო-შემოქმედებითი კაბინეტის გამგე მანანა საჯაია:
- წელს ორმაგად საიუბილეო თარიღი გვაქვს. სასახლე 60 წლისაა, კონფერენცია - ორმოცდამეთხუთმეტე. სულ გამოიგზავნა 3800 ნაშრომი. აქედან, გამოვიძახეთ 1220 მოსწავლე. 17 მოსწავლე მეცნიერებათა აკადემიის სიგელით დაჯილდოვდა, 173 - განათლების საპატიო სიგელით. 199 მასწავლებელს განათლების სამინისტრომ საპატიო სიგელი გადასცა, 362-ს კი - მადლობის ფურცელი. გაიცა, ასევე, II ხარისხის დიპლომები და სასახლის სიგელები.
- ქალბატონო მანანა, სულ რამდენი სექცია იღებს კონფერენციაში მონაწილეობას?
- 29 სექცია დღეს თავის სფეროში მომუშავე ბავშვებს მასპინძლობს. უნდა აღვნიშნო, რომ ინტერესი იკვეთება ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენის, სამართლის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხალხური რეწვის მიმართ. განსაკუთრებული ნიჭიერებით და აქტივობით გამოირჩევიან ტექნიკური სექციის ბავშვები.
- თვალი გადავავლეთ ჩამოსულ მოსწავლეთა სიას და მონაწილეთა შორის გალის რაიონის მოსწავლეებიც არიან.
- დიახ, ეს ყველაზე სასიხარულოა. უკვე მეორე წელია, რაც გალის რაიონიდან ამ კონფერენციაში (აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ) მონაწილეობდნენ. ნაშრომები მივიღეთ ოტობაიას, გაგიდას, სიდას საშუალო სკოლებიდან. მათი ავტორები დღეს კონფერენციის მონაწილეთა გვერდით არიან. საერთოდ, გასულ წელთან შედარებით, მეტი ნაშრომი ჩამოვიდა, ალბათ, მომავალში უფრო მრავალფეროვან და საინტერესო თემებს შემოგვთავაზებენ.
- გამარჯვებულ ბავშვებს გარდა სიგელებისა და დიპლომებისა პრიზები თუ გადაეცემათ და ვინ დააწესა ისინი?
- ეს კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ჩატარდა ბატონების - ალბერტ თავხელიძის, ალექსანდრე კარტოზიას, გია შალამბერიძის (სასახლის დირექტორი) ძალისხმევით და მონდომებით. იგი ყოველი სასწავლო წლის მიწურულს ნორჩ შემოქმედთა ნაშრომებს აჯამებს. რაც შეეხება პრიზებს, საინტერესო საჩუქრები დააწესეს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა (ზურაბ გაიპარაშვილმა), ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრმა (მერაბ ტატიშვილი), დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ (გოგი ჩაჩანიძე), ბავშვთა ფედერაციამ (კობა გელაშვილი). ისინი გამარჯვებულებს თავადვე დააჯილდოებენ. ბუნებრივია, ყველა სექციის მონახულებას ვერ მოვასწრებდით. განსაკუთრებით, დაგვაინტერესა ეთნოგრაფიისა და ხალხური რეწვის სექციამ. კაბინეტის პედაგოგები თბილი მასპინძლები იყვნენ, სტუმრები კი თავიანთ რაიონებში თუ სოფლებში ეპატიჟებოდნენ თანატოლებს. უფლისციხეში - ზემყრელოს და ცორიმეს სათამაშოდ, კახეთში - ბერიკაობაზე, ნოსტეში - სანადიროდ, ბახმაროში - მარულაზე. დაითქვა, რომ ეს მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება. ამ სასახლეში დათქმული სიტყვა, ტრადიციულად, სრულდება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010