თბილისში ერთადერთი სამხედრო საბავშვო ბაღია, სახელად "ია". სამხედრო იმას ნიშნავს, რომ იქ სამხედრო მოსამსახურეების შვილები დადიან. ეს, ალბათ, ერთადერთი ადგილია, სადაც დეფიციტური ბიუჯეტის შედეგებს ვერც გრძნობენ და არც აწუხებთ. ეს კი, უპირველესად, იმიტომ ხდება, რომ ბაღს რამდენიმე გულშემატკივარი ჰყავს: თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნუნუ თევზაძე, გერმანიის საელჩო და თურქეთის სამხედრო ატაშე.
გუშინ საბავშვო ბაღს გამოსაშვები ზეიმი ჰქონდა და საპატიო სტუმრებადაც ის ადამიანები მიიწვია, ვისაც ისინი მთელი წლის განმავლობაში არ დავიწყებია. სცენები ბავშვური გულწრფელობით თამაშდებოდა, ბავშვები ქართულ და გერმანულ ლექსებსა და სიმღერებს პროფესიონალების თავდაჯერებულობითა და უშუალობით ასრულებდნენ. ყველაზე იმედიანი კი მაინც "ჯარისკაცების სიმღერა" იყო.
პატარებისთვის ეს ერთი არაჩვეულებრივი დღე იყო და აზრადაც არავის მოუვიდოდა, ვისთვის შეიძლებოდა იგი სევდიანი ყოფილიყო. უფროსები ამას მაშინ მიხვდნენ, როცა საზეიმო სიტყვის თქმისას ბაღის დირექტორს ბურთი ყელში გაეჩხირა და ცრემლები წამოსცვივდა. როცა 30 წელიწადს პატარების აღზრდას შეალევ, შეიძლება ასეთი გრძნობებიც მოგეძალოს. ზეიმი საბავშვო ბაღთან დამშვიდობებითა და სექტემბრის მოლოდინზე სიმღერებით დასრულდა. სექტემბერი კი აუცილებლად მოვა, სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010