დღეს ბავშვთა ფონდი პარლამენტში ბავშვთა ნახატების გამოფენას აწყობს. 16 წლის ირაკლი თანანაშვილი ამ გამოფენის მონაწილეა. "ბრძოლა სამოთხისათვის" - ასე ეწოდება ნამუშევარს, რომლითაც ირაკლი მნახველთა ყურადღების მიპყრობას შეეცდება.
როდის დაიწყო ხატვა, აღარც ახსოვს, უფროსები იხსენებენ, რომ როგორც კი ფანქრის ხელში დაკავება შეძლო. თავიდან სულ წვრილ ფიგურებს ხატავდა და მათ შინაარსსა თუ ალეგორიას სათავისოდ ინახავდა, არავის უმხელდა. მერე და მერე, გმირების ხატვა დაიწყო. ისინი, ძირითადად, მითოლოგიური სამყაროდან მოვიდნენ. შიგადაშიგ მათ საბრძოლო სცენების ასახვაც ენაცვლებათ. ერთი სიტყვით, ირაკლის შემოქმედებითმა ფანტაზიამ ბერძნულ და რომაულ მითოლოგიას შეუღო კარი. რა თქმა უნდა, წიგნების საშუალებითა და მეგზურობით. მანამდეც, ვიდრე ირაკლი კითხვას ისწავლიდა, უფროსებს ავალდებულებდა, ეკითხათ მისთვის, ეკითხათ, ეკითხათ.
მოგვიანებით, ფილმები იქცა მის გატაცებად და იხატებოდა ეპიზოდები ფილმებიდან...
ახლა, ყმაწვილობისა და ზრდასრულობის ზღვარზე, ირაკლი აცხადებს: ბოლო სამი წელია, სერიოზულად დავიწყე მუშაობა, მანამდე ჩემი ნახატები უფრო ფრაგმენტული იყოო. ამ "სერიოზულობას" შარშან უფრო მოუმატა - ბავშვთა N1 სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა. "ჩემი გატაცება ფერწერაა, ნატურმორტები არ მიყვარს! სამხატვრო სკოლაში ნასწავლი ფორმების, პროპორციების, ფერთა შეხამების ტექნოლოგიათა ათვისებაში მეხმარება.
წლეულს სააღდგომოდ ბავშვთა სამხატრო სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. ირაკლიმაც წარადგინა ნამუშევარი, რომელიც აღდგომის თემაზე ჰქონდა შექმნილი.
"ან ვხატავ, ან ტელევიზორს ვუყურებ", - ამბობს ირაკლი და დასძენს, რომ ბოლო დროს ხატვის სურვილი აჭარბებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სხვა ყმაწვილური საქმეებისთვის ვერ იცლის. ირაკლი ახერხებს ცურვაზე სიარულს, აგროვებს მონეტებს...
მომავლისთვის არქიტექტორობას აპირებს, მაგრამ აუცილებლად სურს, სცენოგრაფიაშიც მოსინჯოს თავი.
ამჟამად კვლავ მითოლოგიით არის დაინტერესებული, ოღონდ - ქართული მითოლოგიით. "მინდა აღვწერო ქართული წარმართული ღმერთების სახეები. ამ თემაზე მუშაობას არდადეგებზე დავიწყებ", - გეგმავს ირაკლი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010