დღეს 1 ივნისია - ბავშვთა საერთაშორისო დღე. ბავშვის უფლებათა კონვენციით (რომლის რატიფიცირება საქართველომ 1994 წლის 21 აპრილს მოახდინა) ბავშვებს აქვთ: სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარიული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება... აგრეთვე, განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება... აქვთ უფლება, დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციისგან, ომისა და გაჭირვებისგან... ბავშვებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი, მიიღონ სასურველი ინფორმაცია...
საქართველოს სახალხო დამცველის 2000 წლის ანგარიშში - საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (თავი: ბავშვთა უფლებები) ვკითხულობთ: კანონით გარანტირებულია ცხრაწლიანი უფასო განათლება, თუმცა, პრაქტიკა საპირისპიროს მეტყველებს: დაწყებითი კლასიდანვე, საშუალო სკოლების არასათანადო დაფინანსების გამო, სისტემატურად ხდება მოსწავლეთა მშობლებისგან ფულის აკრეფა; სახელმძღვანელოები საშუალო შემოსავლებთან შედარებით ძვირია, საშუალო სკოლების შენობები ამორტიზებულია, ბევრ მათგანში მოუწესრიგებელია ზამთრის სეზონზე გათბობა; ხდება მოსწავლეთა ჩხრეკა მასწავლებლებისა და პოლიციის მხრიდან. 1999-2000 სასწავლო წელს საბაზო (9-კლასიანი) საშუალო განათლება მიიღო 61955 მოსწავლემ, მათგან 51469-მა სწავლა გააგრძელა...
ცალკე პრობლემაა მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და ქუჩის ბავშვები, რასაც არანაირი სტატისტიკა არ სჭირდება.
როგორ ხვდებიან მსოფლიო მნიშვნელობის დღეს ქართველი ბავშვები, რამდენად იცნობენ საკუთარ უფლებებს და რა სურვილები აქვთ, ამაზე თავად გვესაუბრებიან:
8 წლის მეგობრები (თანაკლასელები): ხატია, ნინი და ანი:
ხატია - ბავშვთა დღეა 1 ივნისი. აუცილებლად ზოოპარკში წავალ და მეგობრებთან ერთად ვიმხიარულებ, სხვა რა უნდა გავაკეთო ამ დღეს?
ნინი - იცით რას ვინატრებდი? - ჩემს ბიძაშვილთან ერთად საზღვარგარეთ წავსულიყავი დასასვენებლად.
ანი - კონცერტი მაქვს ფილარმონიაში, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით იმართება, იქ გამოვალ, შემდეგ არ ვიცი, წინასწარ არაფერს ვგეგმავ.
ანუკა, მარიკა და ელენე (14 წლის):
ანუკა - განსაკუთრებით ამ დღეს არასოდეს შევხვედრივართ, რაიმე გეგმები არც ახლა გვაქვს, ვნახოთ, რა იქნება.
მარიკა - ბევრმა არც კი იცის, 1 ივნისი რომ ბავშვთა დღეა...
ელენე - თუ ბავშვების დღეა, განსხვავებული უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, გამონაკლისების გარეშე. ვიცი, რომ თბილისში ზოოპარკში და ვაკის პარკის საქანელებზე ამ დღეს უფასოდ ეპატიჟებიან ბავშვებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უმჯობესია, ღია კონცერტები გაიმართოს, რომ მონაწილეობა ყველამ მიიღოს და არა ერთეულებმა.
დათო გიორგიძე, 9 წლის:
- ბავშვთა სოლიდარობის დღეა.
- რას ნიშნავს ბავშვთა სოლიდარობა?
- აი, ბავშვს თავისი უფლებები უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს სწავლა, უსაფრთხოება და ამ უფლებების დაცვა.
- შენი უფლებები ირღვევა?
- ხანდახან, მაგალითად, როცა კლასელები ვჩხუბობთ, ან ვინმე ქუჩაში უმიზეზოდ დაგვტუქსავს.
- დღეს რას აპირებ?
- არაფერს, ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება.
- რას უსურვებ თანატოლებს?
- ყველა ბავშვი ყოველთვის კარგად იყოს, ჯანმრთელად და კარგად ისწავლონ.
ილია ბაზერაშვილი, 11 წლის:
- დღეს რა დღეა?
- პარასკევი.
- სხვა არაფერი?
- არა.
მიშა კილოსანიძე, 4 წლის (დედიკო და ბებია ეხმარებიან): გუშინ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ბაღში ზეიმი მქონდა. ლექსები ვთქვი, ვიმღერე და ვიცეკვე. დღეს კუს ტბაზე წავალ სასეირნოდ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010