რობერტ სტურუა კარგა ხნის წინათ აპირებდა სცენაზე სახარების სიუჟეტის წარმოდგენას, მაგრამ ყოყმანობდა - იდეა მაცდუნებელი იყო და სახიფათოც. შემდეგ გაახსენდა შექსპირის ერთი კომედია და მიხვდა, რომ გამოსავალს მიაგნო. და მართლაც, ჩვენთვის ასე ნაცნობი "მეთორმეტე ღამე" რეჟისორის ამ ოცნების ახდენის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. შობის მეთორმეტე ღამე თავშესაქცევად და გასართობად შესაბამისი დროა. რატომ არ უნდა გაითამაშონ
იესო ქრისტეს მოწამებრივი სიკვდილი?
ასე ფიქრობდა რეჟისორი და მამაცურად შეეგება მოსალოდნელ წინაღობებს.
მასა სტურუას იცნობს, როგორც ეფექტური საკარნავალო სცენების რეჟისორს. ყველაფერ ამას განსაკუთრებით წარმატებით ახორციელებს შექსპირთან, რომლის პიესებიც არაერთხელ დაუდგამს, თანაც ტრიუმფით. მით უმეტეს, რეჟისორის საყვარელმა ავტორმა კაცობრიობას აჩუქა ფრაზა, რომელსაც იმეორებს ყველა, ვისაც არ ეზარება: "მთელი მსოფლიო თეატრია, ადამიანები კი, მსახიობები არიან".
"მეთორმეტე ღამეს" თამაშობენ მასხარები - თეთრები, შავები, წითურები - ყველანაირნი. ისინი ჰერცოგ ორსინოს სასახლის კარზე ისევე ფუთფუთებენ, როგორც ჩვენს სამზარეულოში ტარაკანები... მთელ სცენაზე გაფანტულია პატარა ჯოხებზე დამაგრებული გასაბერი ბურთები. მარია, ოლივიას კამერისტი ქალი სცენაზე ჟღალი პარიკით და ფუნჯებიანი ჩექმებით ჩნდება. ვიოლა, მოზარდის შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, მოხდენილ და მოწყენილ პიეროს გვაგონებს. მსახიობებს მოულოდნელად გული მისდით, ამოძვრებიან "მიწისქვეშეთიდან", ხელებს იქნევენ, როგორც თოჯინა-მარიონეტები, რომლებსაც უზენაესი მართავს.
იმავდროულად, სახარებასაც თამაშობენ. გაბრიელ მოციქული, კეთილი ამბების მაცნე, მიწაზე ეშვება, თავსარქმელს იხდის და... თურმე, ჰერცოგი ყოფილა. სპექტაკლის სცენები ისეა გადახლართული ერთმანეთში, რომ ვერ გააცალკევებ. მეფე იროდი, თეთრ სამოსელში და გამობერილი ღიპით, საორკესტრო ორმოში მოისვრის ჩვრებში გახვეულ ყრმას და მაშინვე პრანჭვით გადაეხვევა ლამაზმან ოლივიას. იცვლება მუსიკა (ძველ თანამოაზრე გია ყანჩელს ჩაენაცვლება კომპოზიტორი მარტინ ჟაკი), იცვლება განათებაც. შემსრულებლები კი იგივენი - მათი უდიდებულესობა მასხარები არიან.
სინამდვილეში ეს ექსცენტრიკაა: სხვადასხვა რეალობის სახიფათო მონაცვლეობა. თუკი ვერ მიხვდით, რა შუაშია სახარება, ნუ შეშინდებით. სპექტაკლის შემოქმედის ამოცანაც ეს არის: ყველაფერი ჩახლართოს სერპანტინის ლენტებით, დაამცროს ჯანსაღი აზრი და აღამაღლოს პარადოქსი, რომელიც, სიმართლე ითქვას, ჭეშმარიტებაა, ოღონდ თავდაყირა. თვალთმაქცობა ამ სპექტაკლის სული, მისი კონსტრუქციაა.
სტურუას სპექტაკლის უპირობო პირობაა არტისტიზმი. "მეთორმეტე ღამეს" რუსთაველის თეატრის მსახიობები თამაშობენ ვირტუოზულად, მსუბუქად და ნამდვილი თავლთმაქცებისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალებით. თავისთავად ცხადია, რომ ისინი ტემპერამენტიანი და გამომსახველნი არიან (მაინც ქართველები არიან), მაგრამ მხიარული მასხრობისა და სევდის იშვიათ სინთეზს ისინი იოლად აღწევენ.
მთელი სპექტაკლის მანძილზე სტურუა, როგორც თხემით ტერფამდე ცირკის მსახიობი, ბაგირზე სრულიად დაუცველად მოძრაობდა და მეორე მოქმედებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს წაიფორხილა და შეიძლებოდა უფსკრულისკენაც დაშვებულიყო, მაგრამ... თავი შეიმაგრა - ისეთი ლამაზი იყო საფინალო სცენა. სიცოცხლის ტკბობით ნეტარებაში ჩაფლული მაყურებელი გაყუჩდა და... ცრემლიც ვეღარ შეიკავა.
თამაშის მოყვარული სტურუა გულისგულში ნამდვილი რომანტიკოსი და მორალისტია. იგი არის გულღია, უშუალო, შეიძლება, იმაზე მეტადაც, ვიდრე აუცილებელია ჩვენს დროში. თეატრალურმა საზოგადოებამ შეიყვარა იდუმალი ორაზროვნება, სისასტიკე და ანგარიშიანობა. კრიტიკოსები სტურუას სპექტაკლს, ალბათ, განაქიქებენ, მაგრამ პუბლიკა... შოთა რუსთაველის თეატრის პირველი გასტროლებიდან მოყოლებული, მსგავსი წარმატება მას არ ჰქონია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010