დღეს, მაკა ასათიანის ინიციატივით, ორგანიზატორობითა და ავტორობით, მოეწყობა შოუ, რომელიც დროსა და სივრცეში განვრცობილი ესტრადისა და მოდის სინთეზი იქნება. შოუში ვიხილავთ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილ, აღიარებულ და ავტორიტეტულ სახელებს: მომღერლებს, ფოტოგრაფებს, მოდელიერებს. ერთი სიტყვით, გველის ჩვეული სახეები, სიმღერები, ფორმები და ესთეტიკა, რომელიც დღევანდელ ელიტარულ მუსიკას და მოდას გამოარჩევს, თუმცა, ორგანიზატორები ბევრ საინტერესო და მომხიბვლელ ნიუანსსაც გვთავაზობენ. კონკრეტულად, სტუმრები კლუბ "ჯოისაკენ" მაკა ასათიანის "ბუტიკიდან" ღია ავტობუსით გაისეირნებენ. მანეკენები მოდელებს არატრადიციული ხერხით წარუდგენენ საზოგადოებას, ისინი მოემსახურებიან სტუმრებს ავთო ცქვიტინიძის, სალომე ტყაბლაძის, ირინა ფერაძის, გიორგი ამირეჯიბის, გიორგი ფანცულაიას მიერ შექმნილი ტანსაცმლით შემოსილნი. სცენას დაამშვენებენ უკვე მრავალგზის მოხსენიებული ცნობილი "ვარსკვლავები" - სტეფანე, თამუნა ამონაშვილი, ლელა წურწუმია, კახა ცისკარიძე, "ქუჩის ბიჭები", "მწვანე ოთახი", ეკა მამალაძე, "უცნობი" და სხვანი, შემოსილნი მაკა ასათიანის მოდელებში. შოუ დაიწყება უშუალოდ მაკა ასათიანის "ბუტიკში" გახსნილი ფოტოგამოფენით. დიმა ჩიკვაიძე, გურამ წიბახაშვილი, ლადო ვაჩნაძე, სალომე ასათიანი წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, უჩვენებენ ფილმს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა დროს გამართული მოდის ჩვენებები.
ინფორმაცია საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავლისმეტყველია. ისღა დაგვრჩენია, რეალურად ვიხილოთ ამ მოვლენათა ერთობლიობა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010