ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის შვილი, ნატო იმნაძე, სამართლიანობის აღდგენას უკვე 22 წელია ცდილობს. უკვე 22 წელია ელოდება, როდის გამოიძიებს ხელისუფლება იმ ტრაგედიას, რომელიც 1991 წლის 30 აპრილს ბათუმში დატრიალდა. ნატო იმნაძე მამის მკვლელობის გამოძიებას უკვე მეოთხე ხელისუფლებისგან ელოდება.
მეოცნებეები ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდნენ. ნატო იმნაძემ გასული წლის ნოემბერში საგანგებოდ მიმართა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. ის კბილაშვილს იმ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სთხოვს, ვინც ნოდარ იმნაძის სისხლის სამართლის საქმის დადგენილება გააყალბა და საქმეში არსებული დოკუმენტაცია და ნივთმტკიცება გააქრო. განცხადება დაეწერა გენპროკურატურის გენინსპექციას. გამოძიება მე-5 თვეა მიმდინარეობს.
პროკურატურაში ძველი კადრების ყოფნა სხვა დაზარალებულებსაც უჩენს ეჭვებს. 10 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმნაძეების ოჯახი სერიოზულად შეაშფოთა.
რა მოხდა 22 წლის წინ აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში, ვის აწყობდა ნოდარ იმნაძის მკვლელობა, რატომ ხდება საეჭვო სამართლიანობის აღდგენა, რატომ დააფიქრა და შეაწუხა პრემიერის განცხადებამ და რას უცხადებს "ახალ თაობას" ამ თემებზე ნატო იმნაძე.
ნატო იმნაძე:
- 3 კვირის წინ ბატონმა ბიძინამ ასეთი რამ განაცხადა: "ძალიან ბევრი თანამშრომელია დღეს პროკურატურაში, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც მოღვაწეობდნენ. ზოგიერთი საქმე ანეკდოტურიცაა. მე მითხრეს, რომ ერთი პროკურორი იძიებდა ერთ საქმეს წინა ხელისუფლების დროს და დღესაც იგივე პროკურორი იძიებს იმავე საქმეს. პროკურატურას აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური კადრები. პოლიციაში ნებისმიერი შეიძლება დაასაქმო, პროკურატურაში - არა. გამოძიების წაყვანას გამოცდილება სჭირდება". მე მესმის, რომ პროკურატურას მართლაც სჭირდება გამოცდილი კადრები, მაგრამ არა ისინი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში აყალბებდნენ საქმეებს და ამით დანაშაულს ჩადიოდნენ. პროკურატურაში ასეთი ხალხის დანიშვნა არანაირ შედეგს არ მოიტანს და, რაც მთავარია, ვერ შესრულდება ის დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნების წინ მისცა.
- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ არ გჯერათ სამართლიანობის აღდგენის.
- აქ ჩემს დაჯერება-არდაჯერებაზე არ არის საქმე. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბათუმში მიმდინარეობს სასამართლო. არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს მის დანაშაულს. ამ შემთხვევაში მე დამნაშავე პროკურორებზე ვსაუბრობ, რომლებიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც დარჩნენ პროკურატურაში. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ათას სიბინძურეს აწერდნენ ხელს, ამის გაკეთებას არც ახლა მოერიდებიან. მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ამ პროცესს. მთელმა საქართველომ ის იმიტომ აირჩია, რომ დაგვპირდა, სამართლიანობას აღვადგენო. ასეთი პროკურორებით კი სამართლიანობა არ აღდგება. მე რამდენიმე თვის წინ უკვე მივმართე არჩილ კბილაშვილს. მას მოვთხოვე იმ დამნაშავე პროკურორების დასჯა, რომლებიც ნოდარ იმნაძის საქმის დოკუმენტებს აყალბებდნენ. განსაკუთრებული პრეტენზიები რეზო ზარანდიას მიმართ მაქვს. ეს ადამიანი პროკურატურაში ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან მუშაობს. ამ ადამიანმა გააყალბა დასკვნა მამაჩემის საქმეზე. ასეთი პროკურორებით სამართალი არ აღდგება. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ პრემიერს, ბატონო ბიძინა, თქვენ ხალხმა კეთილდღეობის მოსატანად კი არა, სამართლიანობის აღსადგენად მოგცათ ხმა. ნუ გადაეფარებით დამნაშავე პროკურორებს და ნუ შეუშლით ხელს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ასეთი გამოცდილების პროკურორები ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება.
- პროკურორ რეზო ზარანდიას ბრალეულობაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი იქნებ გაიხსენოთ ასლან აბაშიძის კაბინეტში მომხდარი მკვლელობა. 30 აპრილს 22 წელი სრულდება მამათქვენის მკვლელობიდან. რა მოხდა იმ დღეს?
- კრემლს აჭარაში, როგორც მისთვის სტრატეგიულ ადგილში, სჭირდებოდა სანდო ადამიანის გაყვანა ხელისუფლების სათავეში. კრემლმა ამ გეგმის განხორციელება საკავშირო სუკ-ს მიანდო. სუკ-ის გეგმა ცალსახა იყო, მას რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა მოენახა სანდო ადამიანი, რომელიც მოახდენდა აჭარაში ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. სუკ-მა არჩევანი ასლან აბაშიძეზე გააკეთა. 1991 წლის დასაწყისში, გამსახურდიას გარემოცვის რამოდენიმე წევრმა, ზვიადი დაარწმუნა იმაში, რომ აბაშიძე იყო ის პიროვნება, რომელიც შეასრულებდა მის დავალებას და აჭარის ავტონომიას გააუქმებდა. ამ იმედით 1991 წლის 14 მარტს აბაშიძე დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო მისი პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული გვარდიის დამფუძნებელი, ბლოკ "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი ნოდარ იმნაძე. ისინი თანამდებობრივ მოვალეობას აპრილის ბოლომდე შეასრულებდნენ, რადგანაც არჩევნები აპრილის ბოლოს იყო დანიშნული. აბაშიძეს რომ გაემყარებინა მისი პირველკაცობა, საჭირო იყო საარჩევნო სიაში მისი მომხრეების ჭარბი რაოდენობა, ამიტომ საჭირო იყო, საარჩევნო სია თვითონ მას შეედგინა. რაც შეეხებოდა საარჩევნო სიას, მას მმართველი ბლოკის "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი ნოდარ იმნაძე ადგენდა, ეს კი უკვე პრობლემა იყო აბაშიძისთვის. მის წინაშე სუკ-მა ახალი გეგმა დადო, რომელიც ნ. იმნაძის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. აბაშიძემ ამ გეგმის განხორციელება 22 აპრილს დაიწყო ანტიეროვნული გამოსვლებით, რომელიც 30 აპრილს მამაჩემის მკვლელობით დამთავრდა.
- რა მოხდა 22-23 აპრილს?
- ასლან აბაშიძე ეყრდნობოდა აჭარის ხსნის კომიტეტს. ეს კომიტეტი საბჭოთა უშიშროების მიერ იყო შექმნილი. ცხადი იყო, რომ აჭარაში არჩევნებს მოიგებდა მრგვალი მაგიდა. ამიტომაც აბაშიძემ დაიწყო მოქმედებები. აბაშიძემ გეგმის განსახორციელებლად მოტყუებით აჭარის მთიანეთიდან ჩამოიყვანა 5 ათასამდე კაცი, იმ მოსაზრებით, რომ ეროვნული ძალები (ნოდარ იმნაძე) აუქმებდნენ აჭარის ავტონომიას. დაიწყო არეულობა. აბაშიძის დავალებით თავკაცებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჩამოყვანილ ხალხს, ჯერ მინისტრთა საბჭოსკენ, შემდეგ კი აჭარის შს სამინისტროსკენ წაიყვანეს ხალხი, სადაც ძალისმიერი მეთოდით გადააყენეს მინ. საბჭოს თავმჯდომარე გურამ ჩიგოგიძე და შს მინისტრი მამუკა კობახიძე. ამის შემდეგ დაიძრნენ უზენაესი საბჭოს შენობისკენ, რათა შეესრულებინათ გეგმის ძირითადი ნაწილი და მოეხდინათ ნოდარ იმნაძის ლინჩის წესით გასამართლება. ამას ხალხი ნამდვილად არ გააკეთებდა. მაგრამ იმ არეულობაში მონაწილეობდა აბაშიძის მხარდამჭერების მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირება. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ისინი მოახდენდნენ ლინჩის წესით გასამართლებას. 23 აპრილს დიდი არეულობა იყო. ნოდარ იმნაძეს ეროვნულ გვარდიასთან ერთად უზენაესი საბჭოს შენობა რომ არ დაეტოვებინა, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა. მამა იმ დღეს გადარჩა, მაგრამ მისი ლიკვიდაციის გეგმა კვლავ ძალაში რჩებოდა. მამას აუცილებლად მოიშორებდნენ. არ იქნებოდა 30 აპრილი, იქნებოდა სხვა დღე.
- აჭარაში მიმდინარე პროცესებზე რა რეაგირება ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას?
- ნოდარმა გამსახურდია გააფრთხილა, რომ აჭარაში სერიოზული გადატრიალება მზადდებოდა. გამსახურდიამ ამას ყურადღება არ მიაქცია. არ ვიცი, არ დაიჯერა თუ არ ვიცი, აწყობდა ეს ყველაფერი. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები აჭარაში აპრილის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმ არეულობის გამო ივლისისთვის გადაიდო. 25 აპრილს მამაჩემმა ჩაატარა მრგვალი მაგიდის სხდომა და მომხდარი შეაფასა. პარალელურად შეიქმნა სამთავრობო კომისია. დასკვნა მე არ მინახავს. როგორც თენგიზ სიგუამ განაცხადა, დასკვნაში ეწერა, რომ 22-23 აპრილის მოვლენები აჭარაში ასლან აბაშიძის მიერ იყო მოწყობილი. მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას რატომღაც ვეტო დაადო.
- რა მოხდა 30 აპრილს? ფაქტია, რომ ნოდარ იმნაძე თავის ფეხით მივიდა სიკვდილთან შესახვედრად.
- 1991 წლის 29 აპრილს საჩხერეში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა. სამაშველო სამუშაოებში ეროვნული გვარდია ჩაერთო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა მობილიზაცია. აჭარის გვარდიაც სრულ მზადყოფნაში მოვიდა. შტაბი ქუთაისში იყო შექმნილი. ქუთაისში წასასვლელად კოლონა ბათუმიდან გვიან საღამოს დაიძრა. მეც მამასთან ერთად წავედი. მამამ თავის მანქანაში ჩამსვა. საჭესთან თვითონ იჯდა. კოლონა ქალაქის გასასვლელისკენ დაიძრა. მამამ კი უცბად მანქანა მოაბრუნა და მაშინდელი ლენინის ქუჩისკენ წავიდა. იქ მდებარეობდა უზენაესი საბჭოს შენობა. სწრაფი სვლით მივიდა უზენაესთან.
- არ ჰკითხეთ, რატომ მოიქცა ასე?
- არაფერი არ მიკითხავს, არც განსაკუთრებულად მომეჩვენა ეს ფაქტი. მამას სამუშაო კაბინეტიც ხომ იმ შენობაში იყო. უზენაესთან შეგვხვდნენ ხელვაჩაურის რაიონის პრეფექტი და მისი მოადგილე, ბესო ბიბინეიშვილი და არსენ სურმანიძე. ავედით მეორე სართულზე, მივედით ასლან აბაშიძის კაბინეტის კარებთან. კარი გავაღეთ და პირველი მე შევედი. გაიღო თუ არა კარი, იქ მყოფებმა სროლა ატეხეს. მამამაც გაისროლა. ისროდა დაბლა. ეს ექსპერტიზამაც დაადგინა. მათ შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა. მამამ მხოლოდ ის დაიძახა, სამშობლოს მოღალატეებოო.
- აბაშიძის გარდა, ვინ იყო იქ?
- აჭარის უშიშროების სამსახურის უფროსი ანზორ ჯაიანი და მურმან ომანიძე. აბაშიძის გარდა, ჯაიანიც ისროდა. ყველაფერი წუთებში მოხდა. მამა უკუსვლით გამოვიდა კაბინეტიდან. მას ფეხდაფეხ მოჰყვა აბაშიძე. ნოდარი, ეტყობა, დაჭრილი იყო. მისაღებში რომ გავიდა, მაგიდას მიეყრდნო. ავტომატი მაღლა ჰქონდა აწეული. ასლანმა პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი და სახეში რამდენიმე ტყვია დაახალა. პროკურატურა ამ სცენას რატომღაც გაურბის, თუმცა მოწმეები ამ ფაქტს ადასტურებენ. მამა ბარბაცით წავიდა დერეფნისკენ და ავტომატი დაუვარდა აბაშიძის სამუშაო კაბინეტთან. ასლანმა მოჰკიდა ავტომატს ხელი, გაეკიდა მამას და ავტომატით უმოწყალოდ, სადისტურად ჩაცხრილა.
- თქვენ როგორ გადარჩით?
- მე ისევ ასლანის კაბინეტში შევედი. შემობრუნდა აბაშიძე და იარაღი დამადო, მითხრა: რა იყო, შე ძაღლიშვილოო. ამ დროს ანზორ ჯაიანი მომვარდა, მომაგლიჯა "კაბურა", სადაც იარაღი მედო, ხელი მკრა და გამომაგდო სამუშაო კაბინეტიდან. ამით გადამარჩინა. წესით, უნდა მოვეკალი, მე ხომ ერთადერთი მოწმე ვიყავი. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, რა კმაყოფილი სახე ჰქონდა აბაშიძეს. გამოვედი დერეფანში, ამასობაში ჩვენი გვარდიელებიც მოვარდნენ, ეგონათ, რომ ნოდარის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. იქ ვითარება დაიძაბა. ძლივს გავაკავეთ ეს ბიჭები. არ გვინდოდა, ახალი შეხლა-შემოხლა მომხდარიყო. უზენაესიდან მივვარდი სახლში და დედას ვუთხარი, რომ როგორც მოწმეს, აჭარა უნდა დამეტოვებინა. აჭარა მე, დედამ და თეიმურაზ ქობალავამ დავტოვეთ. გიჟივით მივაქროლებდით მანქანას. ქუთაისის შესასვლელში გზა იყო გადაკეტილი. მილიცია დაგვხვდა, იყო შეძახილები, ნოდარ იმნაძის მკვლელები მოდიანო. თუ მანქანას არ გავაჩერებდით, უნდა ჩავეხოცეთ. ასეთი ბრძანება ყოფილა. მანქანა გავაჩერეთ. გადმოგვიყვანეს. მე ცალკე მანქანაში ჩამსვეს, დედა და თეიმურაზ ქობალავა - ცალკე მანქანაში. ზვიად ძიძიგური რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. მან იყვირა, ესენი არიან ნოდარის ოჯახის წევრებიო. მთელი მთავრობა მაშინ წყალტუბოში იყო. თენგიზ სიგუაც წყალტუბოში გახლდათ. მას შემახვედრეს, ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, შენ აქ იყავი, მე წავალ საჩხერეში, დავბრუნდები და თბილისში ერთად გადავფრინდეთ ვერტმფრენითო. როგორც კი სიგუა გავიდა, მისი ოთახიდან ვეჩეთი დავურეკე თენგიზ კიტოვანს. კიტოვანი მიდიოდა ბათუმში მამას ამბავზე. ვუთხარი, ნოდარს აღარაფერი ეშველება და, როგორც მოწმეს, მე მჭირდება პატრონი-მეთქი. კიტოვანი უკან მობრუნდა. მოვრჩი თუ არა საუბარს, ოთახში დილარ ხაბულიანის დავალებით შემოვიდა წყალტუბოს მილიციის უფროსის მოადგილე, მითხრა, მოკვლას გიპირებენ და მილიციაში უნდა გადაგიყვანოთო. ის გავაფრთხილე, რომ კიტოვანი მოვიდოდა ჩემ წასაყვანად. ძალიან გაუკვირდა, როდის მოასწარი დარეკვაო. კიტოვანი როცა ჩამოვიდა, დათქმულ ადგილზე აღარ დავხვდი. არ ეუბნებოდნენ, სად ვიყავი. დიდი ჩხუბი დასჭირდა ჩემი ადგილსამყოფელის გასარკვევად. თავიდან ჩემს თავს არ ატანდნენ მილიციიდან, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მთელი გვარდია იქ მოვიდა. წყალტუბოს მილიციის უფროსის მოადგილე იძახდა, ამის გამო ხაბულიანი თავს მომაჭრისო. კიტოვანმა თბილისში, თავის სახლში წაგვიყვანა. სამი დღე იქ ვცხოვრობდი. მთელ კორპუსში დაცვა დამიყენა. ჩვენებაც პირველად მის სახლში მივეცი. სამი დღის შემდეგ აჭარაში ჩავედი მამის ცხედრის ჩამოსასვენებლად.
- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- საქმე აჭარის პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და იმავე დღეს გენპროკურატურამ გადაიბარა. საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ მერაბ აბაშმაძეს დაეწერა. დაიწყო გამოძიება. დამკითხეს ერთხელ და ამის შემდეგ 7 აგვისტოს საქმე შეწყდა წარმოებაში. საქართველოში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც გადაიზარდა სამოქალაქო ომში. 1996 წლის 12 სექტემბერს მივედი გენპროკურატურაში და ვეცადე, მამაჩემის მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაცია მიმეღო. იქ განმიცხადეს, რომ საქმე მათ არქივებში არ ირიცხებოდა. იმავე დღეს განცხადებით მივმართე გენპროკურორს, რათა მოეძიათ და განეახლებინათ მამაჩემის სს საქმე. დაახლოებით ორ თვეში დამიბარეს გენპროკურატურაში სისხლის სამართლის დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა რამაზ ჟღენტმა და მითხრა, რომ აბაშმაძემ საქმე გენპროკურატურაში დააბრუნა, სადაც მისსივე დავალებით სს საქმე შეისწავლა სისხლის სამართლის დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა მანანა ცაავამ და შესაბამისი დასკვნა დადო. ამ დასკვნის თანახმად, საქმის განახლება გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ დასკვნის ტექსტი პროკურორმა რამაზ ჟღენტმა წაგვიკითხა. მან ასევე დასძინა, რომ ვინაიდან აჭარაში სიტუაცია დაძაბული იყო, ამ საქმის გამოძიება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებდა და შესაძლო იყო, საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მისულიყო. ამიტომ გენერალური პროკურატურის პირველი პირები გვთხოვდნენ, საქმე რამდენიმე თვის შემდეგ განეახლებინათ. მაშინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე შეჩერებული კი არა, არამედ წარმოებით შეწყვეტილი იყო. 1999 წელს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად "აღორძინების კავშირის" რეიტინგი საქართველოში სწრაფად გაიზარდა. დიდი შანსი იყო, რომ მას ეს არჩევნები მოეგო. მოქკავშირმა გადაწყვიტა, აბაშიძე ჩაეძირა. 1999 წლის 14 სექტემბერს გაზეთ "რეზონანსში" გამოაქვეყნებინა სტატია, რომელშიც ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ დადგენილების სრული ტექსტი გამოქვეყნდა. მასში ჩანდა აბაშიძის ბრალეულობა და ისიც, რომ საქმე უკანონოდ იყო შეწყვეტილი. ეს ჩვენთვის მოულოდნელობა იყო. დადგენილების ტექსტი პირველად ვნახეთ გაზეთში. ჩვენ სტატიის ავტორს დავუკავშირდით, მან კი გვითხრა, რომ დადგენილების ტექსტი გენპროკურატურაში მოიძია, სადაც ის ზურაბ ჟვანიამ გენპროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილთან გააგზავნა. ბალუაშვილმა კი გამომძიებელ რეზო ზარანდიასთან გაუშვა, რომელსაც, სავარაუდოდ, ეს საქმე ეწერა. ჟურნალისტის თქმით, ზარანდიამ საქმე სეიფიდან გამოიღო, ჟურნალისტმა კი დადგენილების ტექსტი ამოიწერა. ამ სტატიას მოჰყვა გენპროკურატურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, შემდგომ უშიშროების საბჭოს თანამშრომლის, ჟურნალისტ თემურ კვირკველიას სტატიები. მისი სტატიები ზუსტად ასახავდა საქმეზე მოძიებულ მასალებს. მე ისევ მივმართე გენპროკურატურას, სადაც მითხრეს, რომ საქმე აუცილებლად განახლდებოდა. 2001 წლის ნოემბერ-დეკემბერში ნოდარ იმნაძის საქმეში ასლან აბაშიძის გამამართლებელი დადგენილება გაჩნდა. ეს იმ გარიგების დამსახურებაა რომელიც აღორძინებასა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდს შორის შედგა. 2001 წლის შემოდგომაზე ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა სპიკერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა დაასახელა. მათ გამარჯვებისთვის აღორძინების ხმები დასჭირდათ. აბაშიძემ თავის პირობად, როგორც ჩანს, იმნაძის საქმეში გამართლება მოითხოვა. 2002 წლის 8 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემა "ღამის კურიერში" ასლან აბაშიძემ დამნაშავედ მე და მამაჩემი გამოგვიყვანა. ამ გადაცემას ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხმყოფელი სტატიები მოჰყვა. ჟურნალ "ინტერნეტ გაზეთში" დაიბეჭდა ინტერვიუ საქმის გამომძიებელ აბაშმაძესთან, რომელმაც მე და მამაჩემს მკვლელები და ტერორისტები გვიწოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ გამომძიებელს დაავიწყდა თავისი ხელით შეჩერებული საქმე, შემდეგ კი დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და ახლა ინტერვიუში სულ სხვა დადგენილების ტექსტით საუბრობდა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ გენპროკურატურაში მკვლელობის საქმეში ვიღაცას შეგნებულად შეცვლილი ჰქონდა დადგენილების ტექსტი, რომელიც გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული დადგენილების ტექსტისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მოგვიანებით ჩვენი ეს ეჭვი დადასტურდა. ამ ყველაფერში ზარანდიას ხელი ურევია, რომელიც პროკურატურაში დღესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ვიდრე დამნაშავე პროკურორები თანამდებობებზე იქნებიან, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება.
















































































მთავარი
კონტაქტი





2010