სასჯელ აღსრულებით დაწესებულებში პატიმრებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს. პროტესტის მიზეზი შეწყალების კომისიის მიერ გამოტანილი ვერდიქტია. შეწყალების კომისიას უნდა ემსჯელა იმ პატიმრებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. შემდეგ კი სხვადასხვა დანაშაულობების გამო საპატიმროებში აღმოჩნდნენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მეომრებმა შიმშილობა დაიწყეს. "მე ახლახან დამირეკეს გეგუთის კოლონიიდან და მითხრეს, რომ იქ მყოფმა 11-მა მეომარმა შიმშილობა დაიწყო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით მასობრივი შიმშილობები სხვა კოლონიებშიც არის მოსალოდნელი" - აცხადებს თევდორაძე, რომელიც პატიმრების მსგავსად შეძრწუნებულია შეწყალების კომისიის მიერ გამოტანილი განაჩენით.
ყოფილი მეომრების შეწყალებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს. პრეზიდენტის წინაშე არაერთხელ დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეეწყალებინა ყოფილი მეომრები. თუმცა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ამ ნაბიჯების გადადგმას რატომღაც თავს არიდებდა. ამ დროს მას სულაც არ განუცდია სინდისის ქენჯნა, როცა საპატიმროდან თემურ ხაჩიშვილი და გიგა გელაშვილი გამოუშვა, რომლებსაც ათჯერ და ოცჯერ უფრო მეტი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ვიდრე იმ მეომრების დიდ უმეტესობას, რომელთა შეწყალებაც რატომღაც არ მოხდა.
როდესაც პრეზიდენტმა ხაჩიშვილი და გელაშვილი შეიწყალა, ამან ქართული პოლიტიკური სპექტრის გაღიზიანება გამოიწვია. მათ შიში გამოთქვეს ხელისუფლების კრიმინალიზაციის გამო და ლამის ერთობაც კი შექმნეს. დეპუტატთა მეორე ნაწილი კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის მეთაურობით სათავეში ჩაუდგა ყოფილი მეომრების შეწყალების პროცესის დაწყებას. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საპატიმროებში მყოფი ყოფილი მეომრების საქმეებს. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ პატიმართა გარკვეულმა ნაწილმა ხელში ჩაიგდო ყალბი მოწმობები და ცდილობდა, თავი მეომრებად გაესაღებინა. გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ საბოლოოდ მაინც დადგინდა ნამდვილი მეომრების რაოდენობა. ის ადამიანები, ვინც სათავეში ჩაუდგნენ პატიმარი მეომრების შეწყალების საქმეს, ითხოვდნენ, რომ ეს საქმე უშიშროების საბჭოს განეხილა. საქართველოს პრეზიდენტმა უპირატესობა შეწყალების კომისიას მიანიჭა, რომელმაც თავისი საბოლოო ვერდიქტი სულ ახლახან გამოიტანა.
შეწყალების კომისიიდან თავიდანვე გამოჟონა ინფორმაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ შეწყალება არ შეეხებოდა იმ პატიმრებს, რომლებსაც მკვლელობა და სხვა მძიმე სახის დანაშაულობები ჰქონდათ ჩადენილი. ამის გათვალისწინებით შეწყალების კომისიას მხოლოდ იმ პატიმარი მეომრების სიები გადასცეს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. კომისიის გადაწყვეტილებამ ყველა საგონებელში ჩააგდო, მათ შორის ელენე თევდორაძეც.
"მე უბრალოდ ახსნასაც კი ვერ ვუძებნი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას. მის საბოლოო ვერდიქტს უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა თვეების განმავლობაში. შეწყალება მხოლოდ 59 ადამიანს შეეხო. აქედან 19 პირობითად განთავისუფლდა კოლონიებიდან, 25-ს გაუნახევრდა დანაშაული, 15 განსასჯელს კი ერთი წელიწადი მოაკლდა. მართალია ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე ამას ველოდი" - აცხადებს თევდორაძე. ის დარწმუნებულია, რომ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას პროტესტის სხვა ფორმებიც მოჰყვება.
















































































მთავარი
კონტაქტი

2010