პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია ამ დღეებში 300-ზე მეტი შესაწყალებელი პატიმრის ახალ სიას განიხილავს.
როგორც "მედია-ნიუსს" შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ რისმაგ გორდეზიანმა უთხრა, რაიმე უზუსტობის თავიდან ასაცილებლად შეწყალების საქმეთა განყოფილების მიერ წარმოდგენილ სიებში შესულ ადამიანებზე კომისია ცალ-ცალკე იმსჯელებს და მათ საქმეებს დეტალურად გაეცნობა.
რისმაგ გორდეზიანს ეჭვის საფუძველს აძლევს ყოფილ მეომარ პატიმართა სიების პერმანენტული ზრდა და მიაჩნია, რომ ამ სიების ხელოვნურად გაბერვით გარკვეული ძალები არიან დაინტერესებული. მისი თქმით, ყოფილი მეომარი პატიმრები სახელმწიფო კომისიამ 3-4 წლის წინათ მასობრივად შეიწყალა და "შეუძლებელია სასჯელს კიდევ ამდენივე პატიმარი იხდიდეს." მისი აზრით, მებრძოლის სტატუსი ადამიანს მძიმე დანაშაულის ჩადენისა და შემდეგ შეწყალების თხოვნის უფლებას არ აძლევს.
პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 5 დეკემბერს, წარდგენილი 278 პატიმრიდან 107 შეიწყალა, მათ შორის 59 მეომარი და ერთი ქალი. დანარჩენმა პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. რისმაგ გორდეზიანისათვის ამ პატიმრების პროტესტი გაუგებარია და აცხადებს, რომ შეწყალება არ შეეხო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლით - ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებისა და ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებს. გორდეზიანის თქმით, წარდგენილი 278 პატიმრიდან 102 პატიმრის საკითხი საერთოდ არ ექვემდებარებოდა განხილვას. მათგან 60 მკვლელი და 29 ნარკოტიკული ნივთიერებების გამავრცელებლები იყვნენ.
მედია-ნიუსი
















































































მთავარი
კონტაქტი

2010