მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2002-12-13
შეწყალების კომისიას მექრთამეობაში ადანაშაულებენ: დეპუტატები შიმშილობას იწყებენ

ორი კვირის შემდეგ დეპუტატთა ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გრანდიოზული საპროტესტო აქციის დაწყებას აპირებენ. რადიკალური ზომებისკენ დეპუტატებსა და საზოგადოების წევრებს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებამ უბიძგა.

კანონმდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეწყალების მუდმივმოქმედ კომისიას უნდობლობას უცხადებენ. უფრო მეტად ისინი კომისიის წევრებს კორუფციაში ანუ ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. შეწყალების კომისიას ასევე უნდობლობას უცხადებენ პატიმრებიც, რომლებსაც 5 დეკემბრიდან მოყოლებული შიმშილობა აქვთ გამოცხადებული. პატიმართა ბუნტი სამ დეკემბერს ხელმოწერილმა შეწყალების აქტმა გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გია ყარყარაშვილის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის წერთა უმეტესობა ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლებისგან იმ მეომრების შეწყალება მოითხოვეს, რომლებიც დღეს სხვადასხვა საპატიმროებში იხდიან სასჯელს.

ამ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი დადებითად შეხვდა, რის შემდეგაც საგულდაგულოდ დაიწყო საპატიმროებში მყოფი ნამდვილი მეომრების დადგენის პროცესი. მეომრის მოწმობა 800-ზე მეტმა პატიმარმა წარმოადგინა. თუმცა შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ ნამდვილი მეომრების რიცხვი 250-ს არ აღემატება. მართალია სია საგულდაგულოდ იყო შერჩეული, მაგრამ შეწყალების კომისიამ მხოლოდ 59 ადამიანი შეიწყალა. აი, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ 5 დეკემბრიდან საქართველოს საპყრობილეებში პატიმრებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს. ამ აქციას საქართველოს პარლამენტიც გამოეხმაურა.

დეპუტატებმა სამსჯელოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ომის ვეტერანებიც მოიწვიეს. განხილვა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. პირველი სკანდალური განცხადება დეპუტატმა ყარყარაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით შეწყალების კომისიის მიერ შეწყალებულთაგან 15-მდე ადამიანი საერთოდ არ არის მებრძოლი. არადა, ისინი როგორც მეომრები, ისე შეიწყალეს. "შეწყალების კომისიის წევრებს რამდენიმე პატიმარზე ვუთხარი, რომ ისინი არ იყვნენ მეომრები. მაგრამ მათ საბუთებში ასეთი რამ აღმოვაჩინე, რომ თითქოს პირადად მე ვადასტურებდი იმას, რომ ის ადამიანები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდნენ" - აცხადებს ყარყარაშვილი. ის შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ის არ შეუშვეს შეწყალების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ყოფილი მეომრების ბედი უნდა გადაეწყვიტათ.

გაერთიანებული დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გია ბარამიძემ ყარყარაშვილის შეშფოთება გაიზიარა და განაცხადა, რომ თუ ვინმე უნდა შეიწყალოს სახელმწიფომ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სისხლი დაღვარეს. "ამ ქვეყანაში შეწყალება უცხო პროცესი არ არის, ხანდახან ისეთ ადამიანებს იწყალებენ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. თუმცა ეს შეწყალებები ძირითადად სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით ხორციელდება. ამ დროს შეწყალება არ ეხება იმ ბიჭებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად იმსახურებენ" - აცხადებს ბარამიძე. ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ შეწყალების კომისია ხშირ შემთხვევაში ნაცნობობით და სხვა ანგარებებით ახორციელებს შეწყალების პროცესს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილის პოზიციაც წინა გამომსვლელების იდენტური იყო. ბათიაშვილიც შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, რომ შეწყალება არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც ეს რეალურად დაიმსახურა. ამასთან, ბათიაშვილი კოლეგებს და დანარჩენ საზოგადოებას სთხოვს, რომ ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს.

გოგა ხაინდრავამ პარლამენტში პირდაპირ საპატიმროდან მოვიდა, საიდანაც მას პატიმრებმა მოთხოვნა გამოატანეს. ხაინდრავამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს საპატიმროებშია შექმნილი. მისი განცხადებით, რომის იმპერიაში და ძველ ეგვიპტეში მონები არ იყვნენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც საქართველოში პატიმრები იმყოფებიან.

"გასაგებია, რომ არსებობს შეწყალების კომისია, მაგრამ ვინ შედის ამ კომისიაში და ვინ უნდა გადაწყვიტოს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც სამშობლოს დასაცავად თავს სწირავდნენ. შეწყალების კომისიაში მოცეკვავეები და მომღერლები არიან, მათ ჯერ გაიგონ ომი და მერე იმსჯელონ იმ ბიჭების ბედზე, რომლებსაც სამშობლოსათვის თავი არ დაუზოგავთ" - აცხადებს ხაინდრავა. მან შეწყალების კომისიის მიმართ საკმაოდ სერიოზული ბრალდებაც გამოთქვა: "ახლა მე რასაც ვიტყვი, ეს ყველასთვის არის ცნობილი, დეპუტატებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. დეპუტატები რადგანაც ოფიციალურ პირებს წარმოადგენენ ამ საკითხს მწვავედ ვერ დასვამენ, მე კი ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა, რომ ამ კომისიაში ბატონობს ფული".

ხაინდრავას ძალიან უკვირს, რომ შეწყალების კომისიამ უარი თქვა ე.წ. მძიმე მუხლების განხილვაზე. "ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მძიმე მუხლი და დანაშაული. დავიჯერო, ის არ არის მძიმე დანაშაული, ადამიანს 14 ლარიან პენსიას რომ მოჰპარავ. ასეთი ადამიანები თანამდებობებზე სხედან, ის ბიჭები კი, რომლებსაც კაცმა არ იცის, როგორ დააწერინეს ჩვენებები, ციხეში სხედან. დღეს ციხის გარეთ ბევრად საშიში დამნაშავეები არიან, ვიდრე თავად ციხეში" - აღნიშნავს ხაინდრავა.

მან დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნა გადმოსცა. პატიმრები ითხოვენ, რომ მათი საქმე განიხილოს არა შეწყალების კომისიამ, არამედ უშიშროების საბჭომ, თედო ჯაფარიძის მეთაურობით. პატიმრები ითხოვენ, რომ მათი საქმის განიხილვაში მონაწილეობა მიიღონ: ელენე თევდორაძემ, ნანა დევდარიანმა, სევდია უგრეხელიძემ, რუსუდან ბერიძემ, რომან გვენცაძემ, ნიკა კვეზერელმა, ირაკლი ბათიაშვილმა, გია ყარყარაშვილმა, გია ბარამიძემ, ავთანდილ ჯორბენაძემ, ავთანდილ იოსელიანმა, თამაზ ნადარეიშვილმა, ლევან თედიაშვილმა და ა.შ.

შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო თორნიკე ბერიშვილიც. "თავიდან ასე ვიცოდით, რომ შეწყალების აქტი 27 სექტემბერს უნდა გამოეცათ, თუმცა ეს ამბავი გაჭიმეს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 3 დეკემბერს მიიღეს. თანაც ეს ისე მოხდა, ნეტავი საერთოდ არ მომხდარიყო" - აცხადებს ბერიშვილი, რომელმაც გაიმეორა ხაინდრავას ბრალდება და თავისი მხრიდან დაადასტურა, რომ შეწყალების კომისია ფულს აკეთებს. შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით თავისი პრეტენზიები გამოთქვა დეპუტატმა ზაზა დვალმაც. მისი განცხადებით, მასაც არაერთხელ მოუსმენია, რომ შეწყალების კომისია მთლად პატიოსნად არ მუშაობს. ზაზა დვალსაც მიაჩნია, რომ ნაომარი ხალხის ბედი ომის მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ და არა იმათ, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რა არის ომი.

პატარა დაპირისპირება მოხდა ვეტერანებს შორის. ბატალიონ "თეთრი გიორგის" ერთ-ერთმა წევრმა პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ კომისიაში არცერთი ზვიადისტი არ იყო შეყვანილი. მისი უკმაყოფილება იმითაც იყო გამოწვეული, რომ შეწყალება არცერთ ზვიადისტ მებრძოლს არ შეეხო. მისი დაშოშმინება "თეთრი არწივის" შტაბის ყოფილმა უფროსმა დავით ჩიხლაძემ სცადა. "ზვიადისტების მიმართ არავითარი პრეტენზია არა გვაქვს. პირადად მე სახლში ოთხი ზვიადისტი მყავს" - დაუყვავა ჩიხლაძემ "თეთრი გიორგის" მებრძოლს. "ნეტავი შენს გაძლებას" - ინატრეს ჩიხლაძის გამძლეობა დეპუტატებმა.

დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამოც თუ რატომ უნდა იყოს შეწყალების კომისია მუდმივმოქმედი. შეხვედრაზე ბევრი ისაუბრეს კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და უსამართლობებზე. ყარყარაშვილის მოყოლილმა ამბავმა კი იქ შეკრებილი საზოგადოება გაამხიარულა. "ერთ-ერთ პატიმარ კვეზერელს ცხრა წელი მიუსაჯეს ბურვაკის მოკვლის გამო. როცა შეწყალების კომისია მის საკითხს იხილავდა, ასეთი დასკვნა დაწერეს, დანაშაულის სიმძიმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება კვეზერელის შეწყალებას. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბურვაკის მკვლელობა დანაშაულის სიმძიმედ ითვლებოდეს, ეგ არა" - განაცხადა ყარყარაშვილმა. "მოიცა, კაცო, იქნებ ეგ ბურვაკი ფეხმძიმედ იყო" - იკითხეს დამსწრეებმა და ცოტათი გამხიარულდნენ.

შეხვედრის მონაწილეები კარგა ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე თუ რა პასუხი გაეცათ მოშიმშილე პატიმრებისთვის. "ჩვენ მათ პასუხი უნდა გავცეთ, ან შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდოთ, ანდა ჩვენც მათ უნდა შევუერთდეთ" - ასეთი იყო განწყობა. საბოლოო სიტყვა ყარყარაშვილმა აიღო, რომელმაც კოლეგების სახელით მოშიმშილე პატიმრებს აქციის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. "ჯერ კიდევ არ ამოწურულა ამ პრობლემის მოგვარების გზები. ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, ანდა პარლამენტის სახელით მივაღწევთ მიზანს. ამის გარკვევას ორი კვირა დასჭირდება. იმ შემთხვევაში თუ არაფერი გამოვა, გამოვალ და პირველი ამაზე მე გავაკეთებ განცხადებას, ამის მერე ჩვენ არაფერი დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ პატიმრებთან ერთად დავიწყოთ შიმშილობა" - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ეს წინადადება ყველასთვის მისაღები გამოჩნდა. დეპუტატებმა პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა მისცეს. იმ შემთხვევაში თუ საპატიმროში მყოფი ნამდვილი მებრძოლების ბედი კიდევ გაურკვეველი დარჩება, ისინი ქუჩაში გამოსვლით და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი


კალენდარი
 
 
ივლისი  2002
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი