უშიშროების სპეცრაზმის მიერ მოკლული ექსპრეზიდენტის მომხრე ოფიცრის, აკაკი ელიავას ადვოკატი, ეკა ბესელია, ამ დღეებში საჩივრით მიმართავს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს. იგი ასაჩივნებს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას და ითხოვს აკაკი ელიავასა და გოჩა გვილავას რეაბილიტაციას.
აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა ერთი წლის წინ მოკლეს. 9 ივლისს ზესტაფონში, პოლიციის პიკეტზე, შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების თანამშრომლებმა გააჩერეს თეთრი ფერის "გაზ-24" მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გოჩა გვილავა. მანქანაში, გვილავას გარდა, ისხდნენ აკაკი ელიავა, გია ზარქუა, ზურაბ გვაზავა და იოსებ სანაია. შემოწმების დროს მანქანაში მყოფთ აღმოაჩნდათ იარაღი, რომლის ტარების ნებართვა მათ არ ჰქონდათ.
პოლიციაში მიყვანილი ელიავა, გვილავა, ზარქუა, გვაზავა და სანაია პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა მოგვიანებით იგივე მაღალჩინოსნები მათ მძევლებად აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: საღამოს 11 საათსა და 20 წუთზე პოლიციის შენობიდან გამოსულ ელიავას და მის თანმხლებ პირებს სახელმწიფო უშიშროების სპეციალურმა რაზმმა უბრძანა, დაეყარათ იარაღი და პოლიციას დანებებოდნენ. ამ ბრძანებას სპეცრაზმელთა მხრიდან მოჰყვა სროლა, რასაც ელიავასა და გვილავას სიცოცხლე შეეწირა.
ფაქტის მოხდენისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აკაკი ელიავა პირველი გასროლის შედეგად არ მომკვდარა. მას, დაჭრილს, გაუკეთეს ხელბორკილი და დაცხრილეს.
დაღუპულებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა. ექსპერტიზის ცნობით, ორივე დაღუპულს სხეულზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავალი ჭრილობა.
გოჩა გვილავას სხეულზე აღენიშნებოდა ოთხი ჭრილობა ზურგის მიდამოში. ამ ჭრილობებიდან სამი გამჭოლი იყო. ექსპერტიზის დასკვნით, გვილავას ჭრილობები ახლო მანძილიდან სროლის შედეგად აქვს მიყენებული.
აკაკი ელიავას სხეულზე აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, რომელმაც ელიავას დაუზიანა გული, ხერხემალი და შინაგანი ორგანოები. ექსპერტიზის დასკვნით, ელიავას სამი ჭრილობიდან ერთი გულ-მკერდის არესთან ახლოს მიბჯენით სროლის შედეგად აქვს მიყენებული.
სამართლადამცავებმა მომხდარის შემდეგ გია ზარქუა, ზურაბ გვაზავა და იოსებ სანაია დააკავეს. იმ დღესვე გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქუთაისის სამხარეო პოლიციის უფროსის, რუბენ ასანიძის, მძევლად აყვანის ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ აკაკი ელიავა და გოჩა გვილავა დაღუპულები იყვნენ, გენერალურმა პროკურატურამ მათი სიკვდილი კანონიერად მიიჩნია და დაკავებულ პირებთან ერთად მათაც წაუყენა ბრალი იარაღის უკანონოდ ტარების, სამშობლოს ღალატის, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და პიროვნების მძევლად აყვანის ბრალდებით. თუმცა რამდენიმე ხანში ელიავასა და გვილავას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათი გარდაცვალების გამო შეწყდა.
ეკა ბესელია, აკაკი ელიავას ადვოკატი: "გამოძიების დაწყებისთანავე ვითხოვდი მოკლულების ოჯახების მხარედ ცნობას. ჩემი თხოვნა გამომძიებელმა დავით ზირაქიშვილმა და საგამოძიებოს უფროსმა ელდარ თოფჩიევმა არ დააკმაყოფილეს. გამოძიება ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა ჩვენს მოთხოვნებს: ელიავასა და გვილავას რეაბილიტაციას და სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებას."
გენერალური პროკურატურის აღნიშნული დადგენილება ადვოკატმა ბესელიამ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა (მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი), მაგრამ ამაოდ. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია. მის შემდეგ ადვოკატმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანა (მოსამართლე მერაბ ტურავა). უზენაესმა სასამართლომ ადვოკატის საჩივარი დააკმაყოფილა და გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.
ეკა ბესელია: "გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გამოტანისას ხელმძღვანელობდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის ბ პუნქტით, რომელშიც წერია, რომ საქმის შეწყვეტა შეიძლება პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დაღუპულის მხარე არ ითხოვს მის რეაბილიტაციას. ჩვენ გამოძიებისგან თავიდანვე ვითხოვდით ელიავასა და გვილავას რეაბილიტაციას, მაგრამ მათ არ ისურვეს ეღიარებინათ ის ფაქტი, რომ ისინი განზრახ მოკლულები არიან."
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურ პროკურატურაში განახლდა ელიავას და გვილავას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, მაგრამ გამოძიებამ არც ამჯერად გააკეთა რამე. 25 მაისს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისევ განსასჯელთა გარდაცვალების გამო შეწყდა.
ეკა ბესელია: "გენერალური პროკურატურის გამომძიებლების დავით ზირაქიშვილის და ელდარ თოფჩიევის, ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. ისინი იგნორირებას უკეთებენ უზენაესი სასამართლოს განჩინებას და უხეშად არღვევენ კანონს".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010