მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ქართული
2002-11-01
"ჯაყოს ხიზნები"

"ჯაყოს ხიზნები" მ. ჯავახიშვილის იმ ნაწარმოებთა რიგს განეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტად ავლენენ ავტორის ლიტერატურულ შესაძლებლობებს. უმნიშვნელოვანესი სოციალურ-პოლიტიკური და ზნეობრივი პრობლემებისადმი მიძღვნილი ეს რომანი გამორჩეულ ადგილს იჭერს არა მარტო მწერლის შემოქმედებაში, არამედ, საზოგადოდ, მთელი ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.

მ. ჯავახიშვილი არაერთგზის აღნიშნავს, რომ მას ეს ნაწარმოები განსაკუთრებულად, გამორჩეულად ყვარებია. როგორც თავად წერს, ყველაზე მეტი დავა მისი შემოქმედებიდან ამ რომანს გამოუწვევია, მაგრამ ყველაზე მეტი სიხარულიც მწერლისათვის, პირველ ყოვლისა, სწორედ მას მიუნიჭებია. "ჯაყოს" 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდიო,--აღნიშნავს იგი ერთგან,--ვწერდი და ვგრძნობდი და ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. "ჯაყო" გმინვაა ჩემი სულისაო.

"ჯაყოს ხიზნების" მსოფლმხედველობრივი მიზანსწრაფვა რადიკალურად ემიჯნება და უპირისპირდება საბჭოურ იდეოლოგიას. მართლაც, გარეგნულად, რომანი ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს მწერალი რევოლუციისადმი თანადგომას გამოხატავს და მის გარდამქმნელ როლს უჭერს მხარს, მაგრამ ნაწარმოებში საკმაოდ მძრაფრად და არაორაზროვნად გამოვლენილი ოპოზიციური იდეები ეჭვმიუტანლად განგვიმტკიცებენ იმ თვალსაზრისს, რომ "ჯაყოს ხიზნები" საბჭოთა იდეოლოგიასთან აშკარად დაპირისპირებული რომანია. ამ შემთხვევაში არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რა დროს იწერებოდა ნაწარმოები. ჯერ ერთი, 1923 წელს მ. ჯავახიშვილი, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი რამდენიმე თვით რეპრესირებული იყო და ძლივს გადაურჩა დახვრეტას, მეორეც, 1924 წლის აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როგორი დაუნდობლობით ებრძოდა ხელისუფლება განსხვავებული მრწამსის ადამიანებს.

და მაინც, მიუხედავად ამ დიდი ხიფათისა, მ. ჯავახიშვილი კონიუნქტურის მოლიპულ გზას არ დადგომია და თავისი რომანით მართალი და გაბედული სიტყვა თქვა იმ პროცესებზე, რომლებიც რევოლუციის შედეგად წარიმართა ჩვენს ქვეყანაში. იმხანად ეს ნამდვილად მოქალაქეობრივი გმირობა იყო, რაც ხელისუფლებისა და პროლეტარული კრიტიკის დაუცხრომელი გულისწყრომის საგნად იქცა. ასე რომ, მ. ჯავახიშვილის ტრაგიკული აღსასრულის განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად, როგორც დოკუმენტური მასალები არაორაზროვნად ნათელყოფენ, "ჯაყოს ხიზნებიც" მოგვევლინა.

მხატვრული ალეგორიები და ლიტერატურული სახე-სიმბოლოები

თეიმურაზ ხევისთავი

"ჯაყოს ხიზნების" მთავარ პერსონაჟთა მხატვრულ სახეებს, კონკრეტული ეპოქალური მოვლენების გამოხატვასთან ერთად, მწერალმა ფართო განზოგადებაც შესძინა. ჯაყოს მხატვრული სახე, მაგალითად გალაღებული ბოროტების ხორცშესხულ ხატებადაც შეიძლება მივიჩნიოთ და რევოლუციის შედეგად აღზავებული ძალადობის განსახიერებადაც. აქვე, ამასთან ერთად, არც ისაა შემთხვევითი, რომ ჯაყო ჩვენს მიწაზე შემოხიზნული უცხო ტომის წარმომადგენელია, მოხერხებულად სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით, ქვეყანას ახალ მყვლეფელად ევლინება და მგლური სიხარბით ეპატრონება თავისი ნაბატონარის ცოლსაც და მთელ ავლადიდებასაც.

ასეთივე განზოგადებას იძენს თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახეც, რომელიც უნაყოფო სიკეთის, უმოქმედობის, უმწეო კეთილშობილებისა და ილუზიური ჰუმანიზმის ინდივიდუალიზებული განსახიერებაა. მისი ცხოვრებისეული მიზანსწრაფვა სიტყვიერი ქადაგების იქით ვერ მიდის და ნაადრევად დაბეჩავებულ-დაჩაჩანაკებული ეს ახალგაზრდა მოხუცი ზიზღნარევ სიბრალულს იწვევს მკითხველში. ამასთან, თეიმურაზ ხევისთავი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილსაც წარმოგვიდგენს პაროდირებული ფორმით, რომელსაც ისტორიულად ერისა და ქვეყნის მესვეურობა ჰქონდა დაკისრებული, მაგრამ დრომ და ვითარებამ იმდენად გამოფიტა და დააჩაჩანაკა, რომ აღარავითარი ძალა აღარ შერჩა ამ დიდი მისიის შესასრულებლად.

მას არა თუ ბრძროლისა და წინააღმდეგობის გაწევის თავი არა აქვს, არამედ სიღრმისეულად იმასაც კი ვერ იცნობიერებს, რა უბედურებას უმზადებენ ქვეყანას რევოლუციის შედეგად ახალ სოციალურ ასპარეზზე აღზევებული ჯაყოები. დრომ, მოვლენათა მსვლელობამ და პიროვნულმა ბედოვლათობამ თეიმურაზ ხევისთავი იმდენად დასცა და დაამდაბლა, რომ იგი მისივე სახელოვანი წინაპრების სრულ ანტიპოდადაა ქცეული.

რით უნდა იყოს ეს გარემოება გამოწვეულიh შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი არაპირდაპირი, შენიღბული შეფასებაა იმ კრიზისული ვითარებისა, რომელიც რევოლუციის შედეგად შეიქმნა ქვეყანაში. ჩვენი ინტელიგენციის ერთმა მნიშვნელოვანმა, ეროვნულად და მსოფლმხედველობრივად დეგრადირებულმა ნაწილმა იმ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა ქვეყანა რევოლუციური კატასტროფის პირას იდგა, არა თუ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ისტორიული მისია, არამედ თავისი პასიურობითა და მოჩვენებითი ინტელექტუალობით, პირიქით, თავადვე შეუწყო ხელი საბედისწერო პროცესების განვითარებას ჩვენში. თეიმურაზ ხევისთავი, პირველ ყოვლისა, სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის პაროდირებულ მხატვრულ სახედაც უნდა იქნეს მიჩნეული.

რაც შეეხება მარგოს, მისი მხატვრული სახე არაერთმა კრიტიკოსმა საქართველოს ალეგორიადაც მიიჩნია, გადამთიელი ჯაყოს მიერ მარგოს დაპატრონება, განზოგადებულად, შეიძლება მომავალ თაობათა საგანგაშო გაფრთხილებადაც იქნეს გაგებული; ჩვენს ძვირფას საუნჯეს უცხო და მოძალადე რომ არ დაეპატრონოს, ხევისთავობის სენით ნუ დავუძლურდებით და გადამთიელს თავზე ნუ დავისვამთ. პასიურმა სიკეთემ, წინდაუხედაობამ და ბედოვლათობამ ბოროტება რომ არ შვას და უფსკრულში არ გადაგვჩეხოს, ნათლად და სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ ჩვენი ნამდვილად ცხოვრებისეული მიზანსწრაფვა.

ავტორისეული სათქმელის სიმბოლურ-ალეგორიული ფორმით გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ ასეთი ფაქტიც; როგორც ვიცით, თეიმურაზ ხევისთავისა და მარგოს შეუღლების შედეგად მემკვიდრე არ იბადება, ჯაყოსთან დაქორწინებულ მარგოს კი შვილები უჩნდება.

ეს უმნიშვნელო დეტალი როდია, რითაც მხოლოდ თეიმურაზის მამაკაცური სისუსტე გამოიხატებოდა. იგი გაცილებით უფრო ღრმააზროვანი თვალსაზრისის გამომვლენი ფაქტია, რითაც მწერალი სიმბოლურ-ალეგორიული ფორმით გვამცნობს თავის პოზიციას; უნიათო, უმოქმედო, უძლურ, გზადაბნეულ სიკეთეს, რომელსაც რომანში თეიმურაზ ხევისთავი განასახიერებს, სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია და იგი უკვალოდ, უფესვოდ ქრება ამ ქვეყნიდან.

რაც შეეხება ჯაყოს უხვშვილიანობას, ამით ავტორი იმაზე მიგვანიშნებს, რაოდენ ძლიერია და ძნელად ამოსაკვეთი ბოროტება. იგი მრავალსახაა, საზოგადოებაში ფართოდ ფესვგართხმული და მის წინააღმდეგ ბრძოლა ამადაც ძნელდება. შეიძლება ჯაყო დაამარცხო, მის ბოროტებას წინ აღუდგე, მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ქვეყნად მაინც რჩება მისი მრავალრიცხოვანი ნაშიერი, რომელიც სამომავლოდ მამის გენის გამგრძელებელი იქნება და არა სიკეთის ნერგის გამხარებელი.

"ჯაყოს ხიზნებში", თავისებური ფორმით, ჩვენი ისტორიული დიდებისა და ძლევამოსილების გაბედითების გულისშემაღონებელი სურათიც ირეკლება. ამ თალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა რომანის ის ეპიზოდი, სადაც ჯაყოს მიერ მიტაცებული ხევისთავთა კარ-მიდამოს სრული გაპარტახება და განადგურებაა აღწერილი. მწერალი ნაღველში განზავებული შეფარული ირონიით მოგვითხრობს ხევისთავთა საგვარეულო დიდების განიავების ამბავს. ერთ დროს საქართველოს ისტორიის უმაღლეს კვარცხლბეკზე აღზევებულ ხევისთავთა სიმდიდრეს ახლა მათსავე კარზე სამადლოდ შეხიზნული გადამთიელი მენახირე ჯაყო ჯივაშვილი დაპატრონებია, რომელსაც ბარბაროსულად გაუბედითებია ყველაფერი; პირმომტვრეული ძველი ხანჯლები და გორდა ხმლები, რომლებიც ძველად საქართველოს ძლევამოსილების დასაცავად ელავდნენ, ახლა აივანზე ყრია დაჟანგულ-დაბლაგვებული. რამდენიმე ძველი ფარი სარქველის მაგივრად ჭურებისათვის და კასრებისათვის დაეხურნათ. ძველი ფრანგული და ყირიმული ხარიხებად გადაეკეთებინათ და ზედ აკიდოები ჩამოეკიდნათ.

სახლში არც ერთი წიგნი აღარ მოიპოვება. თეიმურაზის მამის სურათი, ფერადებით ნახატი და მშვენიერ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული, ხონჩად არის გამოყენებული. ხატები და უძველესი წიგნების ყდები მწნილების და ყველის ქილებისათვის დაუხურავთ.

...ბოსტნის კუთხეში ერთ საფრთხობელას წააწყდნენ. დაბალ ბოძზე ჯვარივით გაკრულია გადატეხილი სიათას თოფი. ამ ბოძზე და თოფის ხარიხაზე ჩამოუცვამთ რკინის აბჯარ-ჯავშანი. თვალმრგვალი ჯაჭვი, სამკლურები, შუბი და საბარკლულები. დასკლინტულ რკინის მუზარადზე, რომელსაც უძველესი წარწერა ჰქონდა--"ალლაჰ ილ-ალლაჰ"--კაჭკაჭი სჩხავის".

ფაქტობრივად, ესაა არა მარტო ხევისთავთა ისტორიული დიდების გაბედითებისა და გაპარტახების გულის მომკვლელი სურათი, არამედ, საზოგადოდ, მთელი ჩვენი წარსულის შეურაცხყოფის, დაცემისა და ფეხქვეშ გათელვის ტრაგიკული გამოხატულებაც.

და ამ შემთხვევაში მრავლისმთქმელია ის ფაქტიც, რომ მწერალი, შეფარული ქვეტექსტითა და სიმბოლურ-ალეგორიული მინიშნებით, ამ ტრაგიკულ მოვლენას რევოლუციისა და ჩრდილოეთიდან მონაბერი ყინულის სუსხს უკავშირებს; "მტკვრის ხეობა უკვე ჩაბნელებულიყო. ჩრდილოეთიდან ყინულის სუსხი მოდიოდა",--წერს ერთგან იგი და ნაწარმოების საერთო სულისკვეთება ეჭვმიუტანლად გვაფიქრებინებს, რომ მტკვრის ხეობაში ჩამოწოლილ სიბნელესა და ჩრდილოეთიდან მონაქროლი ყინულის სუსხზე საუბარი, უბრალოდ, პეიზაჟის აღსაწერად გავლებული შტრიხი კი არაა, არამედ ღრმააზრობრივი ალეგორიული ქვეტექსტის გამომხატველი მნიშვნელოვანი დეტალია.

მართალია, მწერალს ხაზგასმით კი აქვს ნათქვამი, ჯაყოს უცხოტომელობა სრულიად შემთხვევითი ამბავია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ეს იმიტომ ვქენი, რომ მისი ქართულდამახინჯებული მეტყველება სახასიათო კოლორიტს სძენს ნაწარმოებსო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს განმარტება უფრო იმიტომ გაკეთდა, რომ ავტორს ამით სურდა რამდენადმე მაინც დაეცხრო და გაენელებია მისი რომანის წინააღმდეგ აზვირთებული კრიტიკული შეტევების ტალღა.

სინამდვილეში კი ჯაყოს, როგორც უცხო და გადამთიელი ტომის შვილობა, კარგად გაცნობიერებული და მიზანმიმართული ფაქტია, რითაც მწერალი საგანგაშო ზარებს არისხებს და მრავალმნიშვნელოვნად გვაფრთხილებს იმაზე, რაოდენ საბედისწერო მოვლენად შეიძლება იქცეს ქვეყნისთვის თეიმურაზისებური უნიათობა და მოჩვენებითი კაცთმოყვარეობა. ამდაგვარი გაუცნობიერებელი შემწყნარებლობა, ლოიალობა და ხელგაშლილობა დამღუპველი მოვლენაა ერისათვის.

ეს კარგად ჩანს თუნდაც იმ ფაქტითაც, რომ ჯაყოს კვალდაკვალ უამრავი გადამთიელი ჩამოსახლდა ძირძველ ქართულ მიწაზე. და აი, თავიდან სამადლოდ და მორიდებული ლაქუცით შემოხიზნული ეს ქეშელები, მეშთები, გიბები, ადამრაშეები თუ ტელები, ქართულ მიწაზე აწ უკვე საიმედოდ ფეხმოდგმულნი და ფუძეგანმტკიცებულნი, ახლა იარაღასხმულნი უტრიალებენ თავიანთ ახალ კარ-მიდამოს და გაბოროტებული აგრესიულობით გაჰყვირიან; "ყველაფერი ჩვენია, ჩვენი! დედას გიტირებდეთ, დედასა!".

რომანის მთავარი პერსონაჟის-თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახე შინაგანი დაპირისპირების პრინციპის მომარჯვებითაა შექმნილი. ამ დაპირისპირებას რამდენიმე არსებითი ფაქტორი განსაზღვრავს; ერთის მხრივ, თეიმურაზი ხაზგასმული კონტრასტულობით უპირისპირდება ჯაყო ჯივაშვილს, მეორეს მხრივ - მისივე წინაპრებს, მესამეს მხრივ - ძველ წეს-წყობილებას, მეოთხეს მხრივ - რევოლუციის შედეგად დამკვიდრებულ ყოფას, მეხუთეს მხრივ - საკუთარ ეროვნულ წარმომავლობას, მეექვსეს მხრივ - ღმერთს... საზოგადო მოღვაწისა და მწერალ-მეცნიერის სახელით ცნობილი ეს უნიათო ინტელიგენტი თავისი უმწეობით, ბედოვლათობით, უთავმოყვარეობითა და თვითშეურაცხმყოფელი ქცევებით მკითხველში ზიზღნარევი სიბრალულის გრძნობას აღძრავს. მისი ადამიანური ბუნება ნაწარმოებში სწორედ ამ ორი საპირისპირო გრძნობის ურთიერთშერწყმის შედეგად გამოკვეთა მწერალმა - ერთის მხრივ, შემაძრწუნებელი ზიზღი თავმოყვარეობაგათელილი და ადამიანური სახედეგრადირებული ამ სულიერად უკვე მკვდარი პიროვნებისადმი, მეორეს მხრივ კი უღრმესი შინაგანი სიბრალული და თანაგრძნობა მისი ტრაგიკული ხვედრის გამო.

თეიმურაზ ხევისთავის არსებაში სასიცოცხლო იმპულსის ყოველგვარი გამოვლინება დაშრეტილია და იგი ფიზიკურადაც და სულიერედაც განწირული უმომავლო ადამიანია. მართალია, თეიმურაზის ირგვლივ აზვირთებულმა რევოლუციურმა მოვლენებმა არსებითი როლი შეასრულეს მისი ცხოვრებისეული ბედის ტრაგიკული წარმართვის საქმეში, მაგრამ რომანიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ მას არც უამისოდ აქვს სახვალიო პერსპექტივა. ასე რომ თეიმურაზ ხევისთავის ტრაგედია მწერლის მიერ გააზრებულია, როგორც ლოგიკური შედეგი მთელი მისი ყოფისა.

ნაწარმოებში თავიდანვე ნათლად იკვეთება თეიმურაზის პიროვნებისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშან-თვისებები. მისი გარეგნული პორტრეტისა და სულიერი სამყაროს პირველივე მონახაზით მკითხველისათვის ცხადი ხდება, რომ თავისი ცხოვრებითა და დაშრეტილი სულიერი ენერგიით თეიმურაზ ხევისთავი წარსულიდან შემორჩენილი ანაქრონიზმია და ეს "უმზეო ყვავილივით ნაზი, მხრებაყრილი და მკერდჩავარდნილი, ბეცი და მელოტი, გაფუფქულ ქათმის მინამგვარი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, რომელსაც მომავლად თვალწინ მხოლოდ შავი ნისლი ჰქონდა აფარებული, ხოლო ყველაფერი, რაც კი ოდესმე გააჩნდა, წარსულში ჰქონდა დარჩენილი", იმთავითვე დასაღუპავად განწირული პიროვნებაა.

"საზოგადო მოღვაწეობის, მწერლობისა და მეცნიერების უღელში შებმული" თეიმურაზის მთელი ცხოვრება გაუთავებელ ლაყბობასა და უშედეგო ფაციფუცში გადის. რევოლუციური იდეალების დამკვიდრებაზე მეოცნებე ამ ახალგაზრდა მოხუცმა ხელის ერთი მოსმით გაანიავა წინაპართაგან სოფელ ნაშინდარში დატოვებული ავლადიდება, რომელსაც ახალი პატრონი გაუჩნდა - ჯავის ხეობიდან შუაგულ ქართლში დედაბუდიანად სამადლოდ ჩამოსახლებული ოსი მოჯამაგირე ჯაყო ჯივაშვილი.

ამ ტრაგიკული ფაქტით მკითხველისათვის ცხადი ხდება, ერთის მხრივ, თეიმურაზ ხევისთავის ბედოვლათობა და უნიათობა, მეორეს მხრივ, ნაჩვენებია რევოლუციის შედეგად პატივაყრილი და სოციალურად განადგურებული არისტოკრატიული წოდების ეკონომიკური დაცემისა და მის ადგილზე ახალი კლასის აღზევების პროცესი, მესამე მხრივ კი ის გარემოებაცაა ხაზგასმული, რევოლუციური მოვლენების შედეგად ძალმიცემული გადამთიელები როგორ ბარბაროსულად და თავხედურად იტაცებენ ქართულ მიწა-წყალს და ჩვენი ეროვნული საგანძურის ბატონპატრონები ხდებიან.

როგორც ითქვა, ნაწარმოებში თეიმურაზ ხევისთავი, უპირველეს ყოვლისა, ჯაყო ჯივაშვილთანაა დაპირისპირებული. მრწამსით, ინტელექტით, პიროვნული ბუნების ყოველი ნიუანსით, ფიზიკურ-ბიოლოგიური მონაცემებით, ერთი სიტყვით, ყველა სასიცოცხლო პარამეტრით, ისინი რადიკალურად განსხვავებული ტიპები არიან.

ჩვენი მწერლობის ისტორიაში, ალბათ, ძნელია დავასახელოთ მეორე პერსონაჟი, რომელიც თეიმურაზ ხევისთავივით იყოს დაცემულ-დეგრადირებული. ამ თვალსაზრისით მწერალი თითქოს მეტად ულმობელიცაა და დაუნდობელიც თავისი გმირის მიმართ, მაგრამ ამ შემთხევაში არამცდაარამც არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ ავტორის ამგვარი პოზიცია მოვლენათა ისტორიული განვითარების შედეგად თეიმურაზ ხევისთავისა და მისი წოდებისადმი გამოტანილი უმკაცრესი სოციალური, პოლიტიკური და ზნეობრივი განაჩენია. მ. ჯავახიშვილი სატირული სიმძაფრით მოგვითხრობს რევოლუციური ქარტეხილების უმწეო მსხვერპლად ქცეული პიროვნების ტრაგიკულ თავგადასავალს და ღრმა ადამიანური თანაგრძნობითაც გვმსჭვალავს ამ უნიათო და თავმოყვარეობადაკარგული კაცის მიმართ.

პარადოქსული კურიოზებით სავსე თეიმურაზის ცხოვრებაში ერთი "დიდი გაუგებრობაც მოხდა; თეიმურაზმა მოულოდნელად ცოლი შეირთო"--მარგო ყაფლანიშვილი. ორივენი თავიანთი წარჩინებული გვარის უკანასკნელი ჩამომავლები არიან და ახლა ბედისწერას მათთვის დაუკისრებია მემკვიდრეობითი მისია წინაპართა ჯიშის სამომავლო განგრძნობისა. მაგრამ თეიმურაზ ხევისთავმა ვერც აქ გამოიჩინა სიცოცხლისუნარიანობა და ხევისთავ-ყაფლანიშვილების გვარეულობამ მათი შეერთებით სამემკვიდრეო ნაყოფი ვერ გამოიღო. სიმბოლური დატვირთვის მქონე ამ ფაქტით მწერალი ერთხელ კიდევ ხაზგასმით მიგვანიშნებს ჯაყოს ხიზნების სახელით მონათლული თავისი გმირების სამომავლო განწირულობაზე.

და მაინც, მიუხედავად თეიმურაზის მამაკაცური არასრულფასოვნებისა, რომანში საოცარი ფსიქოლოგიზმითაა ნაჩვენები ის გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მარგო ასრულებს ხევისთავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სულიერი შეჭირვების ჟამს.

მოვლენათა არსში გაუცნობიერებული და ფეხის ხმას აყოლილი თეიმურაზი ოდნავადაც კი ვერ ითვალისწინებს იმ საბედისწერო შედეგებს, რაც მის მიერვე გაფეტიშებულ რევოლუციას უნდა მოჰყოლოდა რეალურად. საიდუმლო კრებებზე გატაცებით მოსიარულე ხევისთავი "სხვებთან ერთად დღითი დღე სჭამდა და ჰღრღნიდა იმ ტოტს, რომელზედაც არხეინად ეძინა და უდარდელად ფუსფუსებდა". მაგრამ ხევისთავთა წარჩინებული გვარის ეს დაჩიავებული, ნაბოლარა წარმომადგენელი მოვლენებმა მალე დაარწმუნეს იმაში, რომ მის მიერ ნანატრ-ნალოლიავები რევოლუცია სულაც არ გამოდგა გასართობ-სათამაშო, რამ. შიშით თაგვის სოროში შემძვრალი თეიმურაზი უკვე სასოწარკვეთილი უხმობდა მშველელს, მაგრამ განწირულის "კნავილი რევოლუციის გრიგალში ვერავინ გაიგო". ასე დამთავრდა თეიმურაზის რევოლუციური "მოღვაწეობის" ამბავი და ერთ დროს მის მიერვე გაფეტიშებულმა ახალმა ქვეყანამ და ხევისთავმა "ისე შეიძულეს და შეიზიზღეს ერთმანეთის, როგორც კერპმა მამამ შეიძულა უძღები შვილი".

მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ თეიმურაზის ყოფის დასახასიათებლად გამოყენებული ღრმა სიმბოლურ-ალეგორიული აზრობრივი ქვეტექსტის მატარებელი შედარება - ხევისთავის სიცოცხლის ქცევა კისერზე ჩამოკიდებულ აყროლებულ ლეშად - სწორედ ამ დროიდან ჩნდება რომანში და იგი, პირველ ყოვლისა, რევოლუციასთან და მის შედეგად დამკვიდრებულ სინამდვილესთანაა დაკავშირებული. "ამ დღიდან,--წერს ავტორი, თეიმურაზს მისი სიცოცხლე კისერზე ისე ჩამოეკიდება, როგორც ლეკვის აყროლებული ლეში, რომელიც ვერ იქნა, ვერ ჩამოიგლიჯა, ვერ მოიშორა, და თვითონაც იმ ლეშიან ცხოვრებას ვერსად ვერ გაექცა და ვერსად დაემალა".

როგორც ითქვა, მწერალმა თეიმურაზ ხევისთავის განწირულობა ყველა სასიცოცხლო ფაქტორის დეგრადირების ხაზგასმით წარმოაჩინა რომანში. ერთის მხრივ იგი მთლიანად განწირული და ნიადაგგამოცლილია სოციალურად, წოდებრივად, მეორეს მხრივ, ბიოლოგიურად იმდენად დაუძლურებულია, რომ ჯიშის ფიზიკური გაგრძელების აღარავითარი უნარი აღარ გააჩნია, მესამე მხრივ, სრულიად უფუნქციო, უმიზანსწრაფვო და მოჩვენებითია მისი განათლებულობა, მეოთხეს მხრივ, პრაქტიკული საქმის კეთების არანაირი ნიჭი და უნარი არ გააჩნია, მეხუთეს მხრივ, მის ირგვლივ აზვირთებულ მოვლენებს იმდენად ზედაპირულად და რომანტიკულად უცქერს, რომ მათ არსში ოდნავი წვდომის შესაძლებლობაც კი არ მოეპოვება...

თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახის ამდაგვარი ინტერპრეტაცია თავად ავტორისეული ჩანაწერებითაც ხდება ცხადი. მაგალითად, 1925 წელს, ნაწარმოების საჯარო განხილვის დროს, წარმოთქმული სიტყვის თეზისებში მწერალს თავისი რომანის მთავარი გმირი ასე დაუხასიათებია; "თეიმურაზი კლასობრივი ხორცმეტი იყო (მამულს ვერ უვლის, გაფლანგა.), ბიოლოგიურად უკვე დამპალია (უშვილო, სუსტი), სოციალურად უნიადაგო (ინტელიგენტია, კლასის გარეშე დგას), კულტურულად ძვირფასია, ფსიქოლოგიურად კი დამარცხების შემდეგ გადაიქცა უნიათ ჰამლეტად, ნიღილისტად, თავიჭამიად, ნაკაცარად, რომლის გამოყენება პირველ ხანებში შეუძლებელი იყო; მან ჯაყოს დახლიდარობა ამჯობინა მასწავლებლობას". აქვე, ამავე თეზისში, მწერალი თავადვე ხსნის და განმარტავს რომანში არაერთგზის აქცენტირებული ძაღლის მძორის სიმბოლურ ჩანაფიქრს. მისი თქმით, "ძაღლის მძორი ემბლემაა თეიმურაზისაგან შეზიზღებული ცხოვრებისა. მიზეზი; მისი რომანტიკული გაგება რევოლუციისა. სხვას ელოდა და სხვა მიიღო. ცაში დაფრინავდა და დედამიწაზე ჩამოვარდა".

რაც შეეხება ჯაყოს, მ. ჯავახიშვილის თქმით, იგი "ყველა ნიშნის მიხედვით თეიმურაზის სრული ანტიპოდია - ფიზიკურადაც, გონებრივადაც, ბიოლოგიურადაც, ზნეობრივადაც... "მან ყოველმხრივ გაძარცვა თეიმურაზი (ცოლი, ქონება) და დახლიდარად დაიყენა".

მ. ჯავახიშვილის შეფასებით, ხევისთავობა პასიური ბოროტებაა, რომელიც დამღუპველ მოვლენას წარმოადგენს ეროვნულადაც, სოციალურადაც და პიროვნულადაც. რაც შეეხება ჯაყოობას, ის ბოროტებისა და ძალადობის აშკარა, შეუნიღბავი, ველური გამოვლინებაა, უაღრესად საშიში სოციალური დაავადებაა, რომელიც ხევისთავობისაგან განსხვავებით, მხოლოდ ზიზღსა და შემაძრწნუნებელ სიძულვილს ბადებს მკითხველის გულში. მართალია, თეიმურაზ ხევისთავის ცხოვრებისეული ტრაგედია, მისი უნიათობა, ზნეობრივ-პიროვნული და სოციალური დეგრადაცია აღშფოთებისა და პროტესტის გრძნობებსაც აღძრავს, მაგრამ იმავდროულად, მის მიმართ, გარკვეულწილად, ადამიანური სიბრალული გვიჩნდება.

ნაკაცარისა და ნაკაცრობის ცნებები მ. ჯავახიშვილმა, პირველ ყოვლისა თავისი დროის იმ უმნიშვნელოვანეს სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს დაუკავშირა, რომელთაც ერთიანად გაანადგურეს ბევრი პიროვნება და მთლიანად დაუკარგეს მას სამომავლო ფუნქცია და მიზანსწრაფვა.

ბედისწერის მიერ ხევისთავისთვის გამოტანილი უმკაცრესი განაჩენის აღმასრულებელ ძალად რომანში ჯაყო ჯივაშვილია გამოყვანილი, ვისი სახელიც თეიმურაზის ცნობიერებაში რევოლუციასთან და მის მიერ დამკვიდრებულ სინამდვილესთანაა ასოცირებული. ჯაყოს მხატვრული სახე რევოლუციის შედეგად ცხოვრების ავანსცენაზე აღზევებული ბნელი ძალის პერსონიფიცირებულ განსახებას წარმოადგენს. დღენიადაგ რევოლუციასა და მის ძლევამოსილებაზე მოსაუბრე ჯაყო ახალ მჩაგვრელად და ექსპლოატატორად მოევლინა სოფელს. თუმცა რომანის ფინალიდან მკითხველისათვის ისიც ნათელი ხდება, რომ იგი სინამდვილეში რევოლუციასთან მიტმასნილი კაცია, მოხერხებულად რომ სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და მღვრიე წყალში იჭერს თევზს. რომანის ბოლო ეპიზოდებიდან ვგებულობთ, ახალი ცხოვრების რეალურად მშენებელმა ადამიანებმა როგორ გამოააშკარავეს ჯაყოს ნამდვილი სახე და თავაწყვეტილ ბოროტებას ლაგამი ამოსდეს. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებში ეს ყველაფერი უმნიშვნელო ადგილს იჭერს და რომანის მიხედვით დაბეჯითებით თქმა იმისა, ჯაყოსა და მისი ნაშიერის ჩამოქვეითება სოციალური აღზევების ცოდვილიან კიბეზე დროებითი მოვლენაა თუ რევოლუციის მიერ საბოლოოდ გამოტანილი განაჩენი, ფაქტობრივად, არც შეიძლება.

ჯაყოს ხიზნად ქცეულ თეიმურაზს, რომელსაც ერთიანად აქვს გამოცლილი ყველა ცხოვრებისეული საფუძველი, გროტესკულ სიტუაციაში აგდებს ფსევდოპრინციპულობა, რასაც ახალ ვითარებასთან ურთიერთობის დროს იჩენს იგი. რომანში ხაზგასმული სატირულ-ირონიული ფორმით აღწერილი თეიმურაზის "მსოფლმხედველობრივი პრინციპულობა" და სიკერპე კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩენს მის სრულ უუნარობასა და არაპრაქტიკულობას. ამ მხრივ, მასთან შედარებით, მარგო გაცილებით უფრო სიცოცხლისუნარიანი და პრაქტიკოსი პიროვნებაა.

როგორ ითქვა, თეიმურაზ ხევისთავი ეროვნულადაც საფუძველშერყეული პიროვნებაა. თავისი ცხოვრებისეული ტრაგედიის განმაპირობებელ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად მას მისი ქართველობაც მიუჩნევია. ხევისთავთა წარჩინებული გვარის ეს დაჩაჩანაკებული წარმომადგენელი, გასხვავებით მისი სახელოვანი წინაპრებისაგან, ქართველ მეფეებს ტახტის მიტაცებასაც რომ უპირებდნენ დროდადრო, სასოწარკვეთილი გოდებს ქვეყნის დაქცევა-გაპარტახებაზე და საქართველოს მომავალი ისევე უპერსპექტივოდ და სიბნელით მოცულად ესახება, როგორც თავისი ცხოვრება.

ამ თვალსაზრისით რომანში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის საუბრები, რომლებიც თეიმურაზსა და ივანეს შორის იმართება ხოლმე. ამ დიალოგებით ერთმანეთს უპირისპირდება რადიკალურად განსვახვებული ორი თვალსაზრისი.

სასოწარკვეთილებამდე მისული ხევისთავი დიდი ხანია შერიგებია იმ აზრს, რომ ჩვენი ხალხი ფიზიკური გადაშენებისა და სამუდამოდ გაქრობისთვისაა განწირული. "ჩვენ ხვალ ან ზეგ უკუნეთს უნდა ჩავბარდეთ",-მშვიდი მორჩილებით აცხადებს იგი და არა მარტო მომავალში ვერ ხედავს ეროვნული გადარჩენის ვერანაირ პერსპექტივას, ჩვენი წარსულიც შავბნელ წყვდიადად წარმოუდგება. დასასრულ კი ამდაგვარი ურწმუნეობითა და ეჭვის ჭიით გულგამოჭმული თეიმურაზი, რომელსაც "გულში ჩვენი ხალხის უნდობლობის შხამი დაუგუბებია", თვალებზე შავი ბინდი გადაკვრია და სულში შავი ნაღველი ჩასწოლია, ნახუცარ ივანეს გამოტეხილად ეუბნება; "ჩემი უუდიდესი და უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ..ქქართველოში დავიბადე ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა-მეთქი, როცა ქარ..რთველად გამაჩინა". ამ სიტყვების მოსმენაზე "ივანემ პირი მიიბრუნა და პასუხის ნაცვლად დიდი დუჟი გადააფურთხაო" - ამბობს იქვე მწერალი და ამ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის ხაზგასმით ზუსტ შეფასებას აძლევს ხევისთავის ეროვნულ სასოწარკვეთილებას.

კიდევ უფრო სასაცილო ფორმას იღებს ახალ ყოფასთან თეიმურაზის დაპირისპირება, "ენის ქავილითა და ლაყბობის მუნით" დაავადებული ხევისთავი გაუცნობიერებლად გმობს და აძაგებს ყველაფერს. ერთი შეხედვით, რევოლუციასთან მისი კონფლიქტური დამოკიდებულება მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებად შეიძლება ეჩვენოს კაცს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ვერც წარსულში, ვერც აწმყოსა და ვერც მომავალში თეიმურაზი ვერაფერს ხედავს ისეთს, რასაც უერთგულებს და დაიცავს. საამისო სულიერი ძალა და შემართება სინამდვილეში მას არა აქვს.

საფუძველგამოცლილი ხევისთავი ხსნისა და გადარჩენის გზის ძიებამ რელიგიასთანაც მიიყვანა, მაგრამ ურწმუნეობითა და მოჩვენებითი მწიგნობრობით გულგამოჭმული ნაკაცარის "მოშხამული სული" ვერც ამ იდუმალების არსს ჩაწვდა ღრმად და საბოლოოდ სასოწარკვეთილი ამბობს; "წიგნმა მომტაცა ფრთები, ცოდნისა და იჭვის ჭიამ ისე დამიღრნა გონება და გამომიფიტა სული, რომ ნივთიერ ქვეყანას ერთი გოჯითაც ვერ მოვსწყდი". მაგრამ უკიდურესმა სულიერმა სასოწარკვეთამ ხევისთავს მაინც აპოვნინა ღვთისკენ სავალი ბილიკი. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია რომანის ის ეპიზოდი, სადაც ეკლესიაში რწმენაგაღვიძებული თეიმურაზის პირველი მისვლის ამბავია მოთხრობილი.

ერთადერთი ნათელი წერტილი და სულიერი გადარჩენის იმედი, რომელიც თეიმურაზს ხევისთავის წყვდიადით მოცულ ცხოვრებას სინათლის მკრთალ სხივს ჰფენს. კიდობანში გადანახულ ძველ ხატში განსახიერებული ღმერთია, რომელსაც "მეტანიით, სასოებითა და ცრემლით" შეთხოვს იგი შველას. ამ რწმენის გამონათებით მთავრდება თეიმურაზს ხევისთავის თავგადასავლის თხრობა, საერთოდ მთელი რომანი და მკითხველს საბოლოოდ მაინც უჩნდება სუსტი იმედი იმისა, იქნებ, სამომავლოდ, თეიმურაზის წყვდიადით მოცულ ცხოვრებასაც მიწვდეს როგორმე მაცხოვრის ხატთან სასოებით ანთებული სანთლის წმინდა სინათლე.

თავისი ტრაგიკული სოციალური ბიოგრაფიით თეიმურაზ ხევისთავს ბევრი რამ აქვს საერთო 20-30-იანი წლების ჩვენი მწერლობის ისეთ ფართოდ ცნობილ პერსონაჟებთან, როგორებიც არიან; კონსტანტინე გამსახურდიას კონსტანტინე სავარსამიძე და თარაშ ემხვარი, დემნა შენგელაიას ბონდო ჭილაძე და გურამ ბარამანდია, ლეო ქიაჩელის თავადის ქალი მაია და სხვები. წოდებრივად და საზოგადოებრივად ფუნქციადაკარგული და ცხოვრების ავანსცენიდან გაძევებული ეს ადამიანები, უსაზღვრო სულიერ დეპრესიაში ჩავარდნილნი და სასოწარკვეთით მოცულნი, დროის ქარტეხილებისაგან დამსხვრეულ და ცხოვრებისაგან გარიყულ არსებებად ქცეულან და წინ აღარავითარი სამომავლო პერსპექტივა აღარ აქვთ. მათი სოციალური და ადამიანური განწირულობის ჩვენებით იმდროინდელმა ქართულმა მწერლობამ ფართო განზოგადებულობით ასახა ახალი ისტორიული ვითარების შედეგად აქტიური ცხოვრების ასპარეზზეე უფუნქ

ავტორი: ავთანდილ ნიკოლეიშვილი


კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი