ახალი წლის ღამეს, მაშინ როცა ყველას შინისაკენ მიეჩქარება, ქუჩაში რჩებიან საგზაო პოლიციელები. საინტერესოა, რაზე ოცნებობენ ქუჩაში დარჩენილი პოლიციელები? ამ კითხვაზე არსებობს ერთი უმარტივესი პასუხი, რომლის მოფიქრებაც არც ერთ პოლიციელს არ უჭირს, ეს არის ოჯახში საკუთარ სუფრასთან ჭიქის აწევა და მომავალი წლის ფეხბედნიერად შემობრძანების სადღეგრძელოს წარმოთქმა.
ეს ბედნიერება კი ზოგიერთ პოლიციელს არ უსრულდება და მხოლოდ მეორე დღეს, სიცივით გათოშილებს რამდენიმესაათიანი მოსვენების შემდეგ ეძლევათ საშუალება ახალ წელს ახალი ძალით შეეგებონ.
"ამ ყინვაში ვინ დარჩება ახალ წელს ქუჩაში საგზაო პოლიციელის გარდა, ეს არის ერთადერთი პროფესია, რომელმაც არ იცის დასვენების დღეები და პირიქით, ასეთ დღეებში მეტი თავსატეხი გვიჩნდება ხოლმე. წესრიგის დაცვაა სწორედ ახალი წლის ღამეს გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა დღეებში. წელს ახალ წელს მე მომიწევს მორიგეობა და მთელი ოჯახი უკვე ჩემ წინააღმდეგაა მომართული. სკანდალებს მიწყობენ და იმასაც კი მეუბნებიან ვინმეს გაუცვალეო, მაგრამ რომელი ჭკვიანი გაგიცვლის ახალ წელს მორიგეობას, ყველას საკუთარ სახლში მიეჩქარება", - აცხადებს რასპუბლიკის საგზაო პოლიციის პრესცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ღვინაძე.
ისეც ხდება ხოლმე, რომ პოლიციელები ერთმანეთს ახალი წლის ღამეს ქუჩაში გათენებაზე ენაძლევებიან. თუ რაიმე სადავო საკითხი ერთი პოლიციელის სასარგებლოდ გადაწყდა, წაგებულს ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა მოუწევს. ზოგჯერ ამ დღეს პოლიციელები მთელი წელი ელოდებიან.
"ყველაზე ძნელი ახალ წელს მორიგეობაა. გარდა იმისა, რომ ქუჩაში დგახარ და იყინები, იმაზეც ფიქრობ, როგორ ხვდებიან სხვები ახალ წელს, რა მოხდება საინტერესო, მერე სხვა რომ არაფერი შენც გინდა ვინმემ ადამიანურად მოგილოცოს. თუ ვინმე გააჩერე, მოლოცვის მაგივრად ისე შემოგიბღვერს, გეგონება ვალი გემართოს, არადა ეს ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობაა. ისე, სიმართლე გითხრათ, რაც პოლიციელი ვარ, ჩემს მონაკვეთზე არავითარი საგზაო შემთხვევა არ მახსენდება, ღმერთმა ქნას, ეს ახალი წელიც ასეთი ყოფილიყოს", - აცხადებს საგზაო პოლიციის ლეიტენანტი გიორგი პაპასკირი.
ახალი წლის ღამეს საგზაო პოლიციელები ერთი ქართული ფილმის "ნეილონის ნაძვის ხის" პერსონაჟებს ჰგვანან, შინ მიმავალნი უეცრად ქუჩაში რომ აღმოჩნდნენ. ასეთ დროს გულშემოყრას აზრი არ აქვს, უნდა დაყაბულდე ბედს და ისე შეხვდე ახალ წელს, როგორც ეს მოგიხერხდება.
ახალი წლის ღამე ერთადერთია წლის განმავლობაში, როცა თბილისელ მძღოლებს საგზაო პოლიციელები ებრალებათ.
"რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მანქანიდან შექეიფებული მგზავრები გადმოსულან და დალევა შემოუთავაზებიათ, რაც არ უნდა იყოს ახალი წელია, ვერც იმას გაამტყუნებ. მაგრამ ჩვენ პოსტზე დალევა გვეკრძალება. ისე, მგონი, ვერც ერთი პოლიციელი ვერ უარყოფს, რომ დიდი ცდუნებაა. ვის არ უნდა ახალ წელს ბედნიერებისა და მომავალი წარმატებების სადღეგრძელო დალიოს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა და სხვაგან არ ვიცი", - ღიმილით საუბრობს ახალგაზრდა პოლიციელი ნუკრი მალაზონია.
ეს რაც შეეხება ქუჩაში დარჩენილებს, თორემ მაღალი თანამდებობისა და ჩინის პოლიციელები არც კარგ მოლხენას და ქეიფს იკლებენ და არც თბილ გარემოში გართობას. მათი უსაყვარლესი ადგილები რესტორნებია.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010