გიორგი თოთიბაძე დაიბადა 1928 წლის 30 ოქტომბერს თბილისში. პირველად პატარა გოგი სამხატვრო გამოფენაზე 6 წლის ასაკში მოხვდა. სულ მალე მან დედის პორტრეტი დახატა, რომელიც მისი პირველი ნამუშევარი იყო.
1947 წელს გიორგი თოთიბაძემ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და ბრწყინვალედ ჩააბარა სპეციალური საგნები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
1953 წელს გიორგი თოთიბაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება მხატვარ-ფერმწერის სპეციალობით. მისი სადიპლომო ნაშრომი "სამგორის ახალ მიწაზე" მხატვრის პირველი შემოქმედებითი გამარჯვება გახდა. 1953-1954 წლებში იგი მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მთავარ მხატვრად. ამის შემდეგ გ.თოთიბაძე თითქმის ერთი წელი სამხატვრო აკადემიაში ხატვის პედაგოგი იყო, ხოლო 1955-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის კათედრაზე ასპირანტად ჩაირიცხა. მას 1965 წელს მიენიჭა დოცენტის, 1971 წელს - პროფესორის, ხოლო 1985 წელს - საქართველოს სახალხო მხატვრის საპატიო წოდება. 1996 წელს ბატონი გიორგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.
10 წელი (1972-1982) გიორგი თოთიბაძე უნარიანად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ქართველ მხატვართა სამჭედლოს - სამხატვრო აკადემიას და მრავალ შემოქმედებით სახელოსნოს.
ფართოდ არის ცნობილი გიორგი თოთიბაძის მაღალი ოსტატობით შექმნილი მრავალფიგურიანი თემატიკური კომპოზიციები, გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტები, საქართველოს სხვადასხვა მხარეში შესრულებული პეიზაჟები.
მხატვარი ბევრს მოგზაურობდა, აკვირდებოდა გარე სამყაროს, ადამიანებს, რომლებიც მას ხვდებოდნენ. გ.თოთიბაძე დიდ ინტერესს იჩენდა ადამიანის შინაგანი და სულიერი სამყაროსადმი, ყოველთვის ცდილობდა მხატვრობის საშუალებით განესახიერებინა ცხოვრების მრავალფეროვნება. მთელი მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ინტერესი თანამედროვეობისადმი, ზუსტი, რეალისტური ნახატი. ამ მხრივ მეტად საინტერესოა მისი ცნობილი ტილოები: "რუსთავის მეტალურგები", "კახელი მევენახეები", "მეჩაიეები" და სხვ. კახეთში მრავალჯერ მოგზაურობის შედეგად მან შექმნა შესანიშნავი ტილოები: "თამადა" და "მრავალჟამიერი", რომლებიც ტრეტიაკოვის (მოსკოვი) გალერეის მუდმივ ექსპოზიციაშია.
გიორგი თოთიბაძის მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტები დღეს მრავალ სამუზეუმო და საგამოფენო დარბაზებს, კერძო კოლექციებს ამშვენებს: "ოთარ ჭილაძე", "გურამ ასათიანი", "ნიკო მუსხელიშვილი", "ივანე ბერიტაშვილი", "ილია ვეკუა", "ევგენი ხარაძე", "გიორგი ნიკოლაძე", "ლადო ასათიანი" და სხვ.
ცნობილია მისი გრაფიკული ტილოები: "გაზაფხული თბილისში", "შემოდგომა ვერაზე", "მეტეხის პლატო" და სხვა, რომლებიც გამსჭვალულია ბუნებისა და მშობლიური მხარისადმი სიყვარულით, სითბოთი და ლირიზმით.
გარდა აღნიშნულისა, მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები წიგნებისათვის, მულტიპლიკაციები და სხვ.
მრავალი წლის განმავლობაში გიორგი თოთიბაძე წარმატებით წარმოაჩენდა ქართული ფერწერული სკოლის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
ბატონი გიორგი გამოირჩეოდა მაღალი ერუდიციითა და პროფესიონალიზმით, დიდი ინტელიგენტობით. იგი იყო თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული სამაგალითო ქართველი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, თბილისის მკვიდრი, რომელმაც თავისი შემოქმედებით და ნიჭით შექმნილი მდიდარი მხატვრული ნამოღვაწარი დაუტოვა ქვეყანას და ქართველ ხალხს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
* *
გიორგი თოთიბაძე
81 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი თოთიბაძე - სამშობლოს გულანთებული მოსიყვარულე და უერთგულესი შვილი, ქართული კულტურის ამაგდარი შემოქმედი, ქართველი მხატვრების ორმოცდაათიანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.
წავიდა ჩვენგან ღვთივბოძებული ნიჭით უხვად დაჯილდოებული, ფართო ერუდიციისა და მეამბოხე სულის მხატვარი, უზადო პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე... წავიდა დიდი კაცი. გოგი თოთიბაძემ რაინდული ცხოვრებით იცხოვრა, ალალად და უანგაროდ ემსახურა სამშობლოს და მის თავდადებაში გახარჯა სიცოცხლე. თუ მხატვრის შემოქმედების წარუშლელ კვალს ავედევნებით, ვნახავთ, რა ჰარმონიულად გრძნობენ თავს მის ნაშრომ-ნაღვაწში შეუცნობელი ბატალური სცენები და ოსტატის ხელს დამორჩილებული ფსიქოლოგიური პორტრეტები, სულის აღმძვრელი ნატურმორტები და ოცნებაში გაზავებული ლანდშაფტური პეიზაჟები. ყოველივე ეს გოგი თოთიბაძის მკაცრად მოწესრიგებული ფერწერულ-მუსიკალური ორკესტრია. იგი მუსიკასავით აჟღერებული მრავალშრიანი კომპოზიციების დიდოსტატია. მისი კლასიკური ჟანრის ფერწერული ტილოები პოეზიაცაა და მუსიკაც - ჟღერადი, ესთეტიკური და ემოციური, ზეთის საღებავებით ნაძერწი საოცრად პლასტიკური ფორმებით. ამიტომაცაა, რომ მისი ფერწერა და გრაფიკა ერთნაირად ეფინებიან თვალსაც და ყურსაც. მან თავისი ნაწარმოებებით დაგვანახა ჩვენი ცხოვრების ტკივილიცა და სიხარულიც, და, რა თქმა უნდა, თვით ავტორის შემოქმედებითი კულტურის მაღალი დონე. იგი, ღვაწლმოსილი მხატვარი და საჩინო კაცი, მისაბაძი ხელმძღვანელი და დამრიგებელი იყო - სამხატვრო აკადემიის მრავალწლიანი რექტორობისას არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუკვალა გზა, გზა დიდი ხელოვნებისაკენ.
გოგი თოთიბაძემ ღირსეულად იარა უკვდავებაში დამკვიდრებული ცასშეკიდულ წინაპართა სულებით შუქმოფენილი გზით და დღეს ამ კაშკაშა თანავარსკვლავედს მისი სულიც შეერია, ვითარცა ლამპრად ანთებული სახელი. იგი თავანკარა ნიჭის დიდოსტატის შარავანდით გაბრწყინებული რჩება ჩვენს მეხსიერებაში. მან დაგვიტოვა უსაზღვრო ტკივილი, სევდა და მონატრება, თან კი წაიყოლა საქართველოს სიყვარული და დარდი.
განუსვენე უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისა და ნათელში ქმენ სული მისი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის სახელით: დემურ ბაშელეიშვილი, მერაბ მერაბიშვილი, ზურაბ ლეჟავა, ლევან მხეიძე, თამაზ ნათიძე, კიაზო ნახუცრიშვილი, ვლადიმერ კანდელაკი, ველორდ ტოზაშვილი, რემი კაციტაძე, სერგო კენჭაძე, ზაქარია თელია, გოგი თოფაძე, გოგი ჩახუნაშვილი, იგორ დოლიძე, ვაჟა გვანცელაძე, თენგიზ მეძმარიაშვილი, სულხან ქემოკლიძე, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, სერგო ჯაიანი, იოსებ სამხარაძე, ლევან ჭაჭიაშვილი, ალექსანდრე ლაბარტყავა, მურმან თავდიშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე, მერაბ ცინცაბაძე.
* *
გარდაიცვალა საქვეყნოდ ცნობილი საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი გოგი თოთიბაძე, საქართველოსა და რუსეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. წლების მანძილზე იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მრავალგზის მონაწილე იყო საერთაშორისო გამოფენებისა. მიღებული აქვს დიპლომები და ოქროს მედალი. დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენით. მისი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და კერძო კოლექციებში - შვეციაში, ბელგიაში, შვეიცარიაში და რუსეთში.
გულისტკივილით ვეთხოვებით სასიქადულო მამულიშვილს, დიდ მხატვარსა და ჭეშმარიტ მოქალაქეს, რომელმაც ქართულ ხელოვნებას, თავის ხალხს დიდი განძი დაუტოვა.
საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდიუმი სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე მერაბ ბერძენიშვილი
* *
საქართველოს მხატვართა კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი (გივი) თოთიბაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.















































































