ახალი წლის ღამეს, როცა ქართველების დიდი ნაწილი საკუთარ ოჯახებში, დანარჩენები კი რესტორნებსა თუ პრესტიჟულ ღამის კლუბებში ერთობიან, ქვეყნის მასშტაბით, სავსებით ფხიზელ მდგომარეობაში იქნებიან სამკურნალო დაწესებულებების მორიგე ექიმები და მედ-პერსონალი.
მათთვის ახალი წელი ჩვეულებრივი სამუშაო დღის ნაწილია და მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ დგება დღესასწაული. რაც შეეხება სახალისო ისტორიებს, რომელიც საახალწლოდ ექიმებსა და მათ პაციენტებს შეიძლება გადახდეთ თავს, ჩვენს შეკითხვაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების მთავარმა მედდამ ხელები გაასავსავა, სახალისო ისტორიებს აქ რა უნდა, ყოველდღე ან ავარიაში დაზიანებული, ან დანით და ტყვიით დაჭრილი მოჰყავთ, სულის მოთქმის საშუალება არა გვაქვსო. "ამ მხრივ, ჩვენთვის ახალი წელი და სხვა ჩვეულებრივი დღე ერთმანეთისგან არ განსხვავდება. როგორც წინა წლებში, ახლაც სრულიად მობილიზებულნი ვართ მორიგე მედდიან, ექიმიან, სანიტარიანად."
თბილისის #4 კლინიკურ საავადმყოფოშიც (იგივე #8 საავადმყოფო) მსგავსი პასუხი გაგვცეს. თუმცა მიმღები განყოფილების მთავარმა ექიმმა ჯემალ ყოლბაიამ აღნიშნა, თუ სახალისო ეთქმის იმას, რაც თითქმის ყოველდღე ან ყოველღამე ხდება ჩვენს საავადმყოფოში, მოყოლას არ დაგზარდებითო.
"ძალიან ხშირად ისეთი თავგადასავლები გვაქვს, ნორმალური კაცი ნამდვილად არ გაიცინებს, მაგრამ სიმწრისგან მაინც გვეცინება. მოვარდება ვიღაცა მთვრალი, გალეშილი, მანქანით, ყვირილითა და აურზაურით შემოიჭრება დერეფანში და გვაგინებს, "სადა ხარ, ექიმო, შენი..." და ბოლომდე ასრულებს გინების კორიანტელს. მივალთ, შევეგებებით, რა ხდება, რაშია საქმე, ვეკითხებით. როგორ თუ რაშია საქმე, "დაჭრილი გვყავს, შენ სადა ხარო" და ისევ გინებას მოაყოლებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მის გინებას ყურადღებას არ ვაქცევთ, საპროცედუროში იქნება საჭირო თუ საოპერაციოში, იქ შევიყვანთ დაჭრილს, მივხედავთ, მოვუვლით და როცა თანხის გადახდაზე მიდგება საქმე, მოვიძიებთ პატრონს, ანუ იმას, ვინც ის ჩვენამდე მოიყვანა, მაგრამ ამ დროს უკვე ყველა გაქცეულია. საბოლოოდ ვერც მაგინებელს ვპოულობთ და ვერც მაქებარს.
ასე რომ, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ახალი წელი და დღესასწაული იყოს, ასეთი ისტორიები ხშირად გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ.
ერთი კურიოზი კი, პაციენტს არა, მაგრამ საავადმყოფოს თანამშრომელს მართლაც გადახდა თავს. ამას წინათ, ჩვენს აფთიაქარს ყინულზე ფეხი დაუსრიალდა და კარგა გვარიანად დაეცა, ამ დროს თავზე საავადმყოფოს მენეჯერი დაადგა და გაკვირვებულმა ჰკითხა, მანდ რას აკეთებთ, ქალბატონო დოდო? რას უნდა ვაკეთებდე ან რა დროს ქალბატონობაა, წამომაყენე ერთი თუ კაცი ხარო, უთხრა გამწარებულმა დოდომ."
















































































მთავარი
კონტაქტი




2010