ახალი წელი ყოველთვის იმედიანად, სიახლეების მოლოდინითა და სასიკეთო ცვლილებების რწმენით იწყება. ახალი წლის დადგომისთანავე პირველი ცვლილება ტელევიზიებს ეტყობა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიისთვის ახალი წელი წელიწადში ორჯერ დგება - იანვარში (როგორც წესი და რიგია) და სექტემბერში (როდესაც მაუწყებლობა განახლებული სახით წარმოსდგება ხოლმე). მაგრამ, საქმე ისაა, რამდენად იცვლება საახალწლო პროგრამები და რამდენად ნამდვილად ახალი და ღირებულია ისინი.
თუ გადაცემების ჩაწერას ნამდვილი ახალი წლისთვის, ტელევიზიის თანამშრომლები ორი-სამი თვით ადრე იწყებენ, პირველი არხი "საახალწლოდ" (სასექტემბროდ) გაზაფხულიდანვე ემზადება. ეს მზადება, პირველ რიგში, გადაცემების შეჩერებით, ძველის გამეორებით, თანამშრომლების (დიდი ნაწილის) დათხოვით, ახალი სტუდიების, ახალი ტიხრების შექმნით, არხის ახალი შეფუთვით, "ახალი" (ან, ძველი) გადაცემების "ტენდერზე" გატანით, დაწუნებითა თუ მოწონებით იწყება და პირველ სექტემბერს ახალი მაუწყებლობის საზეიმო გახსნით გვირგვინდება.
თუმცა კი, "ტელემანიით" აშკარად "დასნეულებულ" ჩვენს მაყურებელს არც ამჯერად (ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში) უმართლებს, განახლებული თუ განუახლებელი პროგრამები ძველ "არხებში" აგრძელებენ დინებას და მათი პროდუქციის ხარისხიც აშკარად უკეთესობას მოითხოვს. ერთი ტენდენცია, რაც ტელეარხების მუშაობაში აშკარადაა გამოკვეთილი, "მიმბაძველობაა" - უცხოური გადაცემების "გადმოქართულება". აქედან, ზოგი ნაყიდია და ზოგიც, "არალიცენზირებული", ანუ პირდაპირ, უტიფრად გადმოღებული. ეს გამართლებული მაშინ იქნებოდა, ასლი ორიგინალთან "სწორი" მაინც რომ იყოს. მაგრამ ასეთი გადაცემები, ერთსა და მეორე შემთხვევაში, მხოლოდ დაბალი ხარისხის რეპროდუქციას ჰგავს და ძალიან შორსაა კოპიოების იმ ოსტატთა ნამუშევრებისგან, რომლების სიყალბის დადგენა ექსპერტებსაც კი უჭირთ.
იგივე ვითარებას აქვს ადგილი საახალწლო გადაცემებშიც. ამ დროს ან საკუთარს იმეორებენ და მაყურებელიც წლიდან წლამდე "იძულებულია", დაუსრულებლად უყუროს ერთსა და იმავე სახეებს, ერთი და იგივე (ოდნავ სახენაცვალი ფორმით) აწყობილ "შოუებს" და ან ვითომ ახალი ფორმით მოწოდებულ "ნაყალბევებს", რომლებიც შესაძლოა, მოქმედების შეცვლილ ადგილებში, შეცვლილი მოქმედებითა და მარადუცვლელი უგემოვნობითა და არაპროფესიონალური გადაწყვეტით ვითარდება.
საერთო პროგრამების სქემაც ყოველწლიურად უცვლელია - ხუთი-ათი წუთით ადრე მაყურებლის წინაშე ედუარდ შევარდნაძე წარდგება ხოლმე და ქართველ ერს ახალი წლის დადგომას ულოცავს (ამის ყურება მოსახლეობის ნება-სურვილზეა დამოკიდებული). რაც ამ დროს ყველაზე ფასეულია (და რის ხილვაზე თუ მოსმენაზე უარს არავინ ამბობს), "მრავალჟამიერია. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, პულტი მოიმარჯვოთ და სასურველი პროგრამა მთელ მსოფლიოში ეძებოთ. ამის პრობლემა სატელიტური ანტენების, "აიეტისა" თუ საკაბელოების წყალობით, ფაქტობრივად, არ არსებობს. ან თუ ასეთი რამ არ გაგაჩნიათ, ტელევიზორი საერთოდ გამორთოთ, უარყოფითი ემოციები რომ არ დაგვებედოს ცხოვრების სიდუხჭირისგან ისედაც გულშეწუხებულ და გამწარებულ საზოგადოებას.
იყო დრო, როდესაც საქართველოში მხოლოდ ორი (ცოტა მოგვიანებით, სამი - ადგილობრივი და საკავშირო) ძირითადი არხი მოქმედებდა და მოსახლეობაც, ძირითადად, "გალუბოი აგანიოკის" ყურებით ტკბებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში რამდენიმე ტელეკომპანია მოქმედებს და თითოეული მათგანი ეთერს საახალწლო გადაცემებს უთმობს, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეროვნულ ტელევიზიებს მაინც უცხოურს (უმეტესწილად, რუსულს) ამჯობინებს და დროს "ძველი სიმღერებით, მთავარზე" თუ რაიმე ანალოგიური პროდუქციის ყურებაში ატარებს.
არ ვიცი, ეს ინერციაა, რომელიც წარსულიდან მოგვდევს, რუსული ტელევიზიების მუშაობის მაღალი პროფესიული დონე, მათ მიერ მომზადებული გადაცემების მართლა ზეიმურობა თუ სხვა რამ მიზეზი, მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენ რუსეთთან სიახლოვე (კულტურული ექსპანსიის სახეს რომ ატარებს) აშკარად გვებედება და ეს დაბედება მერე სხვა სფეროებზეც ვრცელდება. სხვათაშორის, ერთი ჩემი კოლეგა მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ძალიან უყვარს, რუსული წარმოების ტკბილეულზეც კი (სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვა), პროტესტის ნიშნად, კატეგორიულ უარს აცხადებს.
ახალი წელი დგება, ახალი იმედები და ნათელი მომავლის რწმენა რომ მოაქვს და ალბათ ამიტომ, როგორც ყოველთვის, ახლაც იმედს ვიტოვებ, რომ დამდეგ წელს რაღაც განსხვავებულს მაინც ვნახავთ, რომ წელს რაღაც აუცილებლად შეიცვლება, რომ მთელ (31 დეკემბრისა და 1 იანვრის) ღამეს მხოლოდ ქართულ საახალწლო გადაცემებს ვუყურებ და მათ შორის არჩევანის გაკეთებაც კი გამიჭირდება.
ნამდვილად არ ვარ არც ახირებული და არც ტელევიზიების მიმართ მამოძრავებს (მალაპარაკებს) აჩემებული მტრობა. უბრალოდ, წარსული წლებისა და ტელეპროგრამების მიმდინარე პროცესები ჩემში პესიმისტურ განწყობას იწვევს და ვერც გულგრილი დავრჩები ეროვნული ტელეარხების საქმიანობის მიმართ. 21-ე საუკუნის დადგომა საკამათო უკვე აღარაა. საქართველოს ტელევიზიაში ახალ წელს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. როდისღა დადგება იქ ახალი საუკუნე?!
















































































მთავარი
კონტაქტი




2010