ახალი კლიპის პრეზენტაცია ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სიმღერას პოპულარული მომღერალი ასრულებს და მისი შინაარსის ეკრანზე გადმოტანა პროფესიონალ კლიპმეიკერს ევალება.
კლიპმა, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, ავტორის - ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებულ კლიპებს შორის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. მაშინ როცა ორაშვილის მიერ საქარ-თველოში გადაღებულ კლიპებს აღიარება და წარმატება გარანტირებული აქვს, წარმოიდგინეთ, რა შეუძლია ამ რეჟისორის მიერ ალპებსა და ვენეციაში გაშლილ შტატივს...
კლიპის გადაღება, ათი დღის განმავლობაში, შვეიცარიასა და იტალიაში მიმდინარეობდა. სიუჟეტიც იქაური პეიზაჟების ამსახველი კადრებითაა მდიდარი და შთამბეჭდავი. ის სიუჟეტურად შეკრულია და რაც მთავარია, პროფესიონალურადაა შესრულებული.
მეგობართა ვიწრო წრეში მერაბ სეფაშვილისა და მაია ასკურავას მიერ აჟღერებულმა ძველმა ქალაქურმა სიმღერამ იმდენად მოხიბლა ქართული სიმღერის თაყვანისმცემელი ჯულია ხოფერია, რომ სიმღერის ჩაწერის იდეაც დაიბადა და ცნობილი მეცენატი პროექტის ავტორად მოგვევლინა: "მეგობრების ვიწრო წრეში მერაბისა და მაიას დუეტში ნამღერმა სიმღერამ - "როგორ მინდა კარგო, შენთან ალერსი" - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს სიმღერა, მათივე შესრულებით, ფართო საზოგადოებისთვის მეჩუქებინა"... - განუცხადა კლიპის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ჯულია ხოფერიამ.
ქალაქური სიმღერა ქართული სიმღერის თაყვანისმცემლებისთვის ნაცნობია. "როგორ მინდა, კარგო შენთან ალერსი" საკმაოდ ძველი სიმღერაა და ქართულ ტრადიციულ სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. ახალმა დუეტმა მსმენელს სწორედ მისი ინტერპრეტაციით გადამღერებული ვერსია შესთავაზა.
სიმღერის ავტორი კი საზოგადოებამ მაია ასკურავას ძალისხმევით გაიცნო: "როდესაც სიმღერა ჩავწერეთ, დავინტერესდი, ვინ იყო მისი ავტორი. ბოლოს, ძველი ქალაქური სიმღერის ჩინებულ შემსრულებელ ზურა ქელბაქიანს დავუკავშირდი. ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ სიმღერის ავტორი თავადაა", - განაცხადა საკუთარი აღმოჩენით გახარებულმა მაია ასკურავამ.
როგორც გაირკვა, ზურა ქელბაქიანმა სიმღერა 23 წლის ასაკში დაწერა და მისი პირველი სიყვარულის გამოძახილია. პრეზენტაციის წამყვანის, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილის ცნობისმოყვარეობით, ავტორმა დარბაზში მყოფნი იმ წლებში გადასტყორცნა, როდესაც ეს სიმღერა დაიწერა: "სიმღერა დიდ სიყვარულს მივუძღვენი, რომელიც, სამწუხაროდ, არ შედგა", - განაცხადა ზურა ქელბაქიანმა.
კლიპმა "ამირანის" ეკრანზე სამჯერ გაიელვა. სცენაზე მერაბ სეფაშვილის, მაია ასკურავას, ზურა ქელბაქიანისა და ზაზა ორაშვილის გამოსვლების შემდეგ, მაყურებლის წინაშე თავად პროექტის ავტორი - ჯულია ხოფერია წარსდგა. მან მხურვალე მადლობა გადაუხადა, როგორც კლიპის გადამღებ შემოქმედებით ჯგუფს, ასევე ჰოლდინგ "ი-მედიას" გენერალურ დირექტორს დავით შიმშილაშვილს როგორც ტექნიკური თანადგომისთვის, ასევე "არტ იმედის" მსახიობ მერაბ სეფაშვილთან თანამშრომლობისთვის.
კლიპის სატელევიზიო პრემიერა კი ახალი წლის ღამეს გაიმართება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010