მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
მერაბ ნინიძე გამოცდილი მეკვლეა: "საცივს ფარშირებილ ბატს და მისთანებს ვერ შევადრი"

მოყინულ ქალაქში ფეხით მიუყვება ხოლმე ქუჩებს ახალი "თეატრალური სარდაფისკენ." გამვლელები გზადაგზა ჩერდებიან და მზერას აყოლებენ - ზოგი ხმამაღლა გამოხატავს რეაქციას, ზოგს არ სჯერა, რომ საყვარელმა მსახიობმა ჩაუარა, ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ მერაბ ნინიძე ჩაბნელებულ და გათოშილ თბილისს დაუბრუნდა და ყოველდღე "ვენეციელი ვაჭრის" რეპეტიციებზე დადის, რომელსაც რეჟისორი ლევან წულაძე დგამს და სადაც მთავარ - შეილოკის როლს შეასრულებს.

- დიდი ხანია თბილისში არ შეხვედრიხართ ახალ წელს?

- შარშან აქ ვიყავი, შარშანწინ ავსტრიაში, მანამდეც რამდენიმე ახალ წელს შევხვდი უცხოეთში.

- ალბათ, ყოველთვის სახლში გინდოდათ ყოფნა 31 დეკემბრის 12 საათზე.

- რა თქმა უნდა - ახალი წელი ხომ სახლთან, ოჯახთან, სიმშვიდესთან და სითბოსთან ასოცირდება... როცა თბილისში ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ახალი წლის ღამეს სახლში ვიყო.

- ავსტრიაში?

- მეგობრები რესტორანში ან ბარში ვიკრიბებით. ერთმანეთს საჩუქრებს ვუკეთებთ ხოლმე. საახალწლო მზადება იქ ნოემბრის ბოლოს იწყება. თუმცა, იმდენად ახალ წელს არ აქცევენ ყურადღებას, რამდენადაც შობას. ავსტრიელები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ძალიან ლამაზი, მხიარული და სანახაობითია განათებული ქალაქი, იარაღს არავინ ისვრის - იცი, რომ დაცული ხარ... სუფრა ჩვენსავით არ არის გადატენილი - იქ ყოველთვის სასმელი ჭარბობს, მაგრამ სახლში თითქმის ყველა აკეთებს ფარშირებულ ბატს. საკმაოდ გემრიელი კერძია.

- ჩვენს საცივს სჯობია?

- არა, ვერ შევადრი.

- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ არსებობს ახალი წლის ღამეს?

- განსაკუთრებული - არაფერი. ერთი ის ვიცი, რომ იტალიაში ზუსტად 12 საათზე ქუჩაში ფანჯრებიდან წყალს ასხამენ და თუ ამ დროს გარეთ ხარ, შეიძლება გვარიანად გაიწუწო.

- თუ დაურეკეთ ვინმეს 25 დეკემბერს შობის მისალოცად?

- რა თქმა უნდა - მეც დავრეკე და ჩემი უცხოელი მეგობრებიც შემომეხმიანნენ.

- მერაბ ნინიძის ყველაზე განსხვავებული ახალი წელი...

- 12 წლის ვიყავი, როცა სამზარეულოში ვფუსფუსებდით და უცებ დედა ცუდად გახდა - ნაღვლის ბუშტმა შეაწუხა. ექიმებმა ნემსები გაუკეთეს - დამშვიდდა, ტკივილმა გადაუარა და ტკბილად დაეძინა - ვერ გავაღვიძე - ვიჯექი ჩემთვის მარტო, 12 საათზე სანთელი ავანთე, ცოტა სასმელი დავისხი ჭიქაში და მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდი.

- მეკვლე თუ ყოფილხართ ოდესმე?

- ძალიან ხშირად - ჯერ ბაბუასთან მივდივარ ხოლმე, შემდეგ დეიდასთან, მეზობლებთან, მეგობრებთან - ასე რომ, გამოცდილი მეკვლე ვარ, თუმცა უცხოეთში მეკვლეობის ტრადიცია არ არსებობს და დიდად არ ვცდილობ ხოლმე ამაზე ვისაუბრო...

- ამას წინათ რეზო ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, რომ თქვენ და ლევან უჩანეიშვილი მისი შვილების ნათლიები ხართ. ლევანი გერმანიაში ესტუმრა რეზოს, თქვენ - ჯერ ვერ მოახერხეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, შეხვდით ლევანს...

- რეზო ძალიან მომენატრა, მაგრამ მასთან სტუმრობა ჯერ ვერ მოვახერხე, მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები. რაც შეეხება ლევანს, ზაფხულში გერმანიაში ნანა ჯორჯაძის ფილმის გახმოვანებაზე შევხვდი საოცრად გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, წავედით რესტორანში და ისე გავერთეთ, ვისაუბრეთ და იმდენი ვიცინეთ, მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა.

- სხვათა შორის, რეზოს გერმანული აქცენტი შევნიშნე, ლევანს - ამერიკული, თქვენ მსგავსს ვერაფერს გატყობთ...

- რეზოს მუდმივად უხდება სცენაზე თამაში, ამიტომ ეს ბუნებრივია, ლევანი ხშირად ამერიკულ-ქართულად ხუმრობს, თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანულადაც ქართული დიალექტით ვსაუბრობ.

- როგორც ვიცი, ფილმის "არსად აფრიკაში" გადაღების დროს ძალიან დაუმეგობრდით თქვენს აფრიკელ პარტნიორს სიდედე ონიულოს, მოიხიბლეთ აფრიკით...

- მინდა, რომ მომავალი წლის აპრილს მოვიწვიო თბილისში - უნიჭიერესი მსახიობი და ლიტერატორია. ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს - ტიპური თეთრკანიანი არ ხარო - მეუბნებოდა გამუდმებით - მათ ხომ ინგლისელებმა ბევრი ცუდი გაუკეთეს. მე ვპასუხობდი - ასე ალბათ იმიტომ გგონია, რომ მეც პატარა კოლონიაში დავიბადე-მეთქი. ვნახე აფრიკელების დაკრძალვის, დაბადების და ქორწინების ცერემონიები - საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ისინი უმღერიან ზებუნებრივ ძალებს, რომ მუდამ წყალობდნენ. ეს რიტუალები ცოტა ველურ სანახაობას წარმოადგენს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ღრმაა და შთამბეჭდავი. სხვათა შორის, აფრიკაში იანვარ-თებერვალში ვიყავი და უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ ცხელოდა - 35 გრადუსი სითბო იყო.

- მართლმადიდებლური კალენდრით შობა უცხოეთში არასდროს აღგინიშნავთ?

- როგორ არა. უამრავი სერბი მეგობარი მყავს. სერბები მართლმადიდებლები არიან. არაერთხელ გვიდღესასწაულებია შობა ერთად 7 იანვარს - რესტორანშიც, ოჯახებშიც - უგემრიელესი სუფრა გაუშლიათ.

- თქვენ თუ ჩაგიტანიათ აქედან ქართული ღვინო?

- ყოველთვის მიმაქვს ხოლმე - ღვინოც და საჭმელებიც - ყველას ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო.

- იანვარში ალბათ "ვენეციელი ვაჭრის" პრემიერა შედგება. როდემდე დარჩებით თბილისში?

- ალბათ, თებერვლის ბოლომდე - მერე მივემგზავრები საფრანგეთში, სადაც ცნობილი რეჟისორის - ერიკ რომერის ფილმში მთავარ როლს შევასრულებ. შემდეგ დროგამოშვებით ჩამოვალ თბილისში და შეილოკს ვითამაშებ ხოლმე. ბედნიერი ვარ, რომ ამ ახალ წელს დედასთან, ჩემი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან შევხვდები.

ავტორი: ეკა მახარაშვილი


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი