ახლა, გასაგებია, რომ ეს გაზეთია და არა ტელევიზია და პირდაპირ ეთერში ვერავის მოიწვევ და აკამათებ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენც, პრესის ამ მხრივ ნამეტნავად დაჩაგრულ ჟურნალისტებსაც გაგვიჩნდა სურვილი, ერთხელ მაინც დაეცხოთ ერთმანეთისთვის ჩვენს რესპონდენტებს ჩვენს თვალწინ, ელანძღათ ერთმანეთი და უკანასკნელი სიტყვები ეძახათ ჩვენი გულის გასახარად. ქართველი ჟურნალისტების ამ საყოველთაო ოცნების ასრულებისთვის კი, მოგეხსენებათ, ყველაზე კარგი დრო ახალი წელია. მაშ, მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი გაზეთის ეს გვერდი ახლა პირდაპირ ეთერში, პირდაპირ სტამბაში თუ რაღაც ამდაგვარშია და ჩვენი რესპონდენტებიც პირდაპირ მკითხველის თვალწინ ამბობენ იმ ყველაფერს, რასაც ახლა წაიკითხავთ. რა მოხდა, გვაოცნებეთ ცოტა, თქვე კაი ხალხო, აბა, მარტო ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის ხომ არ მოდის ახალი წელი?
- კვლავ პირდაპირ ეთერში, სტამბაში თუ რაღაც ამდაგვარშია "ბინდბუნდის ფოსტალიონი" ფიფქია ფიფქიასთან ერთად. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ბატონი თოვლის ბაბუა და ბატონი თოვლის კაცუნა. მოგესალმებით.
- ჩვენც მოგესალმებით, მაგრამ, ერთი ეს გამაგებინეთ, კაცუნა თუა ეგ ჩემი ოპონენტი, მაშინ ბატონი როგორღაა?
- ბაბუა-ბატონო, თუ შეიძლება თქვენს საქმეს მიხედეთ და ეს გოგონა მე რას დამიძახებს, მაგას ჩვენ თვითონ გავარკვევთ. შენ აწი ბაბუა ხარ და შენი წასვლის დროა, მერე, თუ მასე ძალიან გსიამოვნებს, ოღონდ თავი დაგვანებე და სულ ბატონო-ბატონოთი გაგაცილებ...
- ბატონებო, თუ შეიძლება, ჯერ დავიცადოთ, ასე მალე ნუ დაცხებთ ერთმანეთს, თორემ მე აღარაფერი დამრჩება გასაკეთებელი. მე განიშნებთ, თუ შეიძლება როდის უნდა დაიწყოთ ლანძღვა-გინება.
- არა, მე მესმის თქვენი, რომ თქვენ თქვენი ინტერესები გაგაჩნიათ, მაგრამ მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ეს თავხედი ბაბუა ახალგაზრდებს არ გვაძლევს საშუალებას მოვიდეთ ახალი წლის მოსალოცად. ეგ აწი უნდა მიდიოდეს, კი არ უნდა მოდიოდეს და ამ დროს ისევ გაიძახის, გინდა თუ რა, მე უნდა მოვიდეო. წარმოგიდგენიათ?
- დიახაც უნდა მოვიდე, რადგან მე გახლავართ გამოცდილი თოვლის ბაბუა. შენნაირმა ღლაპებმა კი ისიც არ იციან, ახალი წლის მილოცვისას ჯერ მარჯვენა ფეხი უნდა შედგა ოჯახში თუ მარცხენა.
- მე ყველაფერი ვიცი. სხვათა შორის ლაპლანდიაში მაქვს მიღებული საერთაშორისო განათლება თოვლმცოდნეობისა და ახალი წლის მართვის სპეციალობით.
- ხალხს ვკითხოთ, ბატონო, ბაბუა უნდა ამ საახალწლოდ თუ კაცუნა?
- თქვენ რა უნდა ჰკითხოთ ხალხს? პირდაპირ მიდიხართ ოჯახში და გინდა თუ არა ბედნიერება მოგიტანეთ ხურჯინითო - ატყუებთ. აი ჩემნაირებს კი, ხალხი თვითონ ჩამოდის ეზოებში და აქანდაკებს.
- ბატონო თოვლის ბაბუა და ბატონო თოვლის კაცუნა, თუ შეიძლება, იქნებ მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ შორის უთანხმოება არსებობს იმაში, რომ ნამდვილად მოდის თუ არა ახალი წელი. გთხოვთ, ბატონო თოვლის ბაბუა, განუმარტოთ მაყურებელს, მკითხველს, ან საერთოდ ვინმეს, რამ წარმოშვა ეს უთანხმოება?
- ისეთი აბსურდის მტკიცება, რომ ახალი წელი არ მოდის, მხოლოდ კაცუნას თუ შეუძლია და ამიტომ მე მას ვუთმობ, სჯობს პირველმა მან განუმარტოს მაყურებელს თუ მკითხველს, ან საერთოდ ვინმეს, რატომ აცხადებს, რომ ახალი წელი რეალურად არ მოდის და ეს ჩვენ, თოვლის ბაბუები ვატყუებთ ამით ხალხს.
- თქვენ, ბაბუები, მიჩვეული ხართ, რომ ყველაფერი ახლაც ისე უნდა მოხდეს, როგორც მაშინ, თქვენი ზეობის დროს ხდებოდა. არადა, ახლა უკვე ოცდამეერთე საუკუნეა და ბევრი რამე შეიცვალა. მე პირდაპირ გეუბნებით: არანაირი ახალი წელი არ მოდის. თქვენ ამ მტკნარი ტყუილით ხალხის ყურადღების გადატანა გინდათ ახალ წელზე, რათა გააგრძელოთ უკანონოდ მოპოვებული თოვლის გათეთრება და თქვენს ნათესავებს სამცხენიანის ნაცვლად ექვს და შვიდ- ცხენიანი მარხილები უყიდოთ.
- აბა, როგორ შეიძლება ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა? რად უნდა თოვლს გათეთრება, ისედაც თეთრი არ არის? თქვენ, ჯობს იმაზე ილაპარაკოთ, სტაფილო რომ აღარ შეარჩინეთ ხალხს. რაც ამ ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში სტაფილო შემოვიდა, სულ თქვენ დაიტაცეთ ცხვირებად!
- თქვენ რაღა გაქვთ ჩვენთვის სათქმელი? თქვენ რომ ძვირფას წითელ ქურქებში გამოწყობილხართ და დაათრევთ სავსე ხურჯინებს, ჩვენ, აგერ, ვედროები გვახურავს თავზე! მაგრამ თქვენ ამის დანახვა არ გინდათ. არა უშავს, ხალხი დაინახავს, ხალხი!
- სხვათა შორის, ბატონო თოვლის ბაბუა და ბატონო თოვლის კაცუნა, ხალხი იმასაც ხედავს, რომ თქვენ მხოლოდ წინასაახალწლოდ აქტიურდებით ასე. ჩაივლის თუ არა ახალი წელი, მომდევნო ახალ წლამდე ხალხი არც გახსენდებათ.
- ეგ მე არ მეხება. ჩვენ, თოვლის კაცუნებს, არც გვაქვს რაიმე ვალდებულება ხალხის წინაშე აღებული. თოვლის ბაბუები არიან, რომ ჰპირდებიან ხალხს ხურჯინით ბედნიერება და სიხარული მოგვაქვსო. ასეთი მტკნარი სიცრუე მე არ გამიგია, აბა, მიპასუხეთ, როგორ უნდა ჩადოს ვინმემ ხურჯინში ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა ბედნიერება და სიხარული. მაგრამ მაგათ გაყინული გოზინაყებიც ვერ დაურიგებიათ ხალხისთვის და რა უნდა ველაპარაკო?
- ნოემბრის გოზინაყებს ხალხი თებერვალში უკლებლივ მიიღებს. მაგრამ თქვენ ყოველთვის გადაგაქვთ ყურადღება პოპულისტურ თემებზე და ივიწყებთ უფრო მასშტაბურ პრობლემებს. ასეთია კაცუნების ტაქტიკა. აბა, რომელიმე თქვენგანს ერთხელ მაინც თუ უფიქრია იმ ინდაურების ბედზე, რომლებიც ახალ წელს საცივში ხვდებიან? ჩვენ რომ ახლა მთელი ყურადღება გოზინაყებზე გადავიტანოთ და ინდაურების უფლებების დაცვა ყურადღების მიღმა დავტოვოთ, რას იტყვიან სანტა-კლაუსი ან დედ მოროზი? მაგრამ თქვენ ეს არ გაღელვებთ, იმიტომ, რომ კაცუნა ხართ!
- ჰოდა, თუ თქვენა ხართ ბაბუები, მაშინ ისე ქენით, რომ ინდაურების უფლებებიც დაიცვათ, გოზინაყებიც დაარიგოთ და იმ არაფრისმაქნისი ანტიკორუფციული შვიდჯუჯას მაგივრად რეალური გუნდაობა დაიწყოთ უკანონოდ მოსული თოვლის წინააღმდეგ! ჩვენ ამ ყველაფერს ჩვენს თავზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიღებთ, თუკი ბაბუები წავლენ და ახალი წლის მისალოცად ოჯახებში მისვლას ჩვენ, კაცუნებს დაგვითმობენ!
- კიდევ ერთი, და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: მაინცდამაინც თოვლის ბაბუები ან თოვლის კაცუნები უნდა მოხვიდეთ? თოვლის კაცები სადღა არიან? ბაბუებისა და კაცუნების არსებობაში ჩვენი მაყურებელი უკვე დარწმუნდა, გთხოვთ გვიპასუხოთ, არსებობენ თუ არა კაცები? მაგრამ სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემდეთ, ჩვენს ეთერში, თუ გაზეთში თუ საერთოდ ისედაც - ახალი წლის დროა, არ დაგველოდოთ, ახალი წლის შემდეგ ჩვენ კი დავბრუნდებით, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს არა მგონია ვეღირსოთ...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010