"ღრმად პატივცემულო ფედერალურო კანცლერო, ძვირფასო ამხანაგო შრიოდერ! ბედნიერ შობას გისურვებ და გიგზავნი ჩემს უკანასკნელ პერანგს, რათა კიდევ აღარ გაზარდო გადასახადები. მე მეტი აღარაფერი მაბადია და ვერაფერს გადავიხდი. ამასთან ერთად გიგზავნი ჩემი შვილების უკანასკნელ პერანგებსაც, რადგან მათაც გადაწყვიტეს თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ეკონომიური ძლიერების საქმეში", - გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა საშობაოდ ათასობით ასეთი წერილი მიიღო, რომელთაც შესაბამისი ამანათები მოჰყვებოდა.
საბოლოოდ, კანცლერს, რომელმაც წლეულს გერმანიაში 50 ახალი გადასახადი შემოიღო, 10 000-ზე მეტი "უკანასკნელი პერანგი" დაუგროვდა.
ამ პოლიტიკური ხუმრობის წამომწყები ვინმე კრისტიან შტაინი გახლავთ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნოემბრის ბოლოს შტერნი და მისი მეგობრები ბერლინის ერთ ლუდხანაში შეიკრიბნენ და ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყეს. ისინი საუბრობდნენ ყოფით პრობლემებზე, ეკონომიურ სიდუხჭირეზე, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის უვარგისობაზე და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ შრიოდერს. შტაინის თავში სწორედ ამ დროს დაიბადა გენიალური იდეა.
დეკემბრის დასაწყისისათვის მან ელექტრონული ფოსტით შემთხვევით შერჩეულ მისამართებზე წერილების გაგზავნა დაიწყო, რომლებშიც თანამემამულეებს მოუწოდებდა "უკანასკნელი პერანგები" გაეგზავნათ კანცლერისათვის. გერმანელებმაც ერთხმად აიტაცეს ეს იდეა და აქციამ საერთოეროვნული მასშტაბი მიიღო. გერმანიის სხვადასხვა წერტილებიდან შრიოდერის მისამართით დღემდე უწყვეტ ნაკადად მიედინება წერილები და პერანგები. ბერლინელები კი ფოსტის მომსახურეობაზე უარს ამბობენ და პირდაპირ კანცლერის რეზიდენციასთან ღობეზე კიდებენ თავის უკანასკნელ პერანგებს. ამასაც თუ მივათვლით, გამოგვივა, რომ შრიოდერმა საშობაოდ სულ 50 000-მდე ნახმარი პერანგი მიიღო.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010