მოგეხსენებათ, ფეხბურთის მეფე პელე სარეკლამო ბიზნესის დიდოსტატია. თუმცა, ბოლო დროს იგი რატომღაც არა ყავას, არამედ პოტენციის ასამაღლებელ წამალს უკეთებს რეკლამას. ამის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ 62 წლის პელეს ამ სახის პრობლემები აწუხებს და პოტენციის ასამაღლებელ აბებს თავადაც ბლომად ყლაპავს.
ფეხბურთის მეფე საწოლშიც მეფეა
- ვისაც ჩემი პოტენციის შესახებ ეჭვი გაუჩნდა, ძალიან ცდება, - ამბობს პელე, - ამ საქმეში ბევრ ახალგაზრდას ვაჯობებ. მსგავსი პრობლემების მქონე უამრავ ჯეელს ვიცნობ. ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ზეწოლას ვერ გაუძლებს, სტრესში ჩავარდება და... მე რომ იმპოტენტი ვიყო, დაუფიქრებლად ექიმს მივმართავდი, სხვებივით არ შემრცხვებოდა.
- თავის დროზე პოლიტიკური მტრები თქვენი იმიჯის შელახვას სწორედ იმპოტენტობის დაბრალებით აპირებდნენ.
- ჰო, ეგეთი ამბავი მოხდა. ვიღაც-ვიღაცებს, განსაკუთრებით კი მაგნატ კლებერ ლეიტეს ჩემი მარკეტინგული პოლიტიკა არ მოსწონდა. იგი სულ გაგიჟდა, როცა ჩემმა კომპანიამ ბრაზილიის თამაშების შეძენა დააპირა. ფედერაციის პრეზიდენტმა რიკარდო ტეიშეირამ მილიონი დოლარი ქრთამი მომთხოვა. მაგრამ მე არ მივეცი, უფრო მეტიც, მისი ცუღლუტობის ამბები ყველას გავაგებინე. ამის გამო, ტეიშეირას სიმამრის ჟოაო აველანჟის რისხვა დავიმსახურე. მან მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის კენჭისყრაზე გამოჩენა ამიკრძალა, ჩემპიონატის ჩვენების უფლება კი საბოლოოდ ლეიტემ იყიდა და აველანჟის რეკომენდაციით მალე "ფლამენგოს" პრეზიდენტი გახდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მე ბრაზილიის სპორტის მინისტრი გავხდი, ჩემი და კლებერ ლეიტეს ინტერესები კვლავ გადაიკვეთა.
მე ეროვნულ ფეხბურთში არსებული სიტუაციის გაჯანსაღება მინდოდა, რაც მას არ აწყობდა. ამიტომაც ჩემი დისკრედიტაცია გადაწყვიტა. გეგმა ამგვარი იყო: მე კვირის ფრიად პოპულარულ ტელეგადაცემაში მიმიწვევდნენ, სადაც იქნებოდა მოსყიდული მეძავი, რომელიც გამოაცხადებდა, რომ მე იმპოტენტი ვიყავი.
შეთქმულთა საუბარი როგორღაც ფირზე ჩაწერეს. მასზე ლეიტეს ვიღაც ეკითხებოდა: "ღირს კი ამის გაკეთება?" რაზეც იგი პასუხობდა: "რა თქმა უნდა. როცა ვინმეს რეპუტაციის შელახვა გსურს, ყველა საშუალება კარგია. როცა მეძავი იტყვის, რომ პელე იმპოტენტია, მთელი მსოფლიო უდიდესი სენსაციის მოწმე გახდება."
ამ ჩანაწერის გამო მათი გეგმა არ განხორციელდა. ღმერთმა კვლავ დამიფირა, როგორც არაერთხელ მომხდარა.
ერთსქესა დებიუტი
- რამდენიმე წლის წინ თქვენ აღიარეთ, რომ ცხოვრებაში პირველი სექსუალური კონტაქტი თქვენივე სქესის წარმომადგენელთან გქონდათ. ჰომოსექსუალისტობის აღიარება ბრაზილიაში ნაკლებად სამარცხვინოა, ვიდრე იმპოტენტობის?
- ამ შემთხვევაში საუბარი ჰომოსექსუალიზმს არ ეხებოდა. ეს ხომ ერთხელ მოხდა. ჰო, მთლად ერთხელ არა, მაგრამ სულ რამდენჯერმე და ერთი და იგივე ადამიანთან. მაშინ მე 14 წლის ვიყავი, ის კი ჩემზე ბევრად უფროსი გახლდათ. ბრაზილიაში სულაც არ ითვლება არანორმალურად, თუ 13-15 წლის ყმაწვილი გოგონასთან ან ბიჭთან გაერთობა. მთავარია, რომ ამგვარმა კონტაქტებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ორიენტაცია არ განსაზღვროს.
ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. პატარა გამოცდილება მივიღე და შემდეგ არაფერი მაგის მსგავსი აღარ გამიკეთებია. უბრალოდ, პატარა ვიყავი და სხვების გავლენის ქვეშ იოლად ვექცეოდი. მაშინ ხომ "სანტოსში" ახლად მოსულმა ვნახე, რომ მთელი გუნდი ერთ ჰომოსექსუალისტთან სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა.
- როცა 1958 წლის შვეციის მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლისამ ითამაშეთ, თქვენი ჰეტეროსექსუალური დებიუტი უკვე მოსწრებული გქონდათ?
- დიახ, ეს ჩემპიონატზე წასვლამდე ერთი წლით ადრე ერთ გოგონასთან მოხდა. ჩვენ ორივენი მოზარდები, რომანტიკულები და ერთმანეთზე შეყვარებულები ვიყავით. შვეციაში ჩასული კი იქაურმა გოგონებმა კინაღამ გამაგიჟეს. მე ხომ ევროპაში, მით უმეტეს ჩრდილოეთ ევროპაში პირველად ვიყავი. ყველანი ქერები და ძალიან ლამაზები იყვნენ. ხშირად მესმოდა, ჩემ შესახებ რომ ამბობდნენ: "ნახე, რა ფერია, აბაზანაშიც ვერ გაათეთრებ". ერთი, სახელად ლენა განსაკუთრებით შემეჩვია. იგი ჩემთან სასტუმროში ხშირად მოდიოდა და როცა ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი, ცხარე ცრემლით ტიროდა. ძალიან ვამაყობდი, რომ ვიღაცას ჩემზე ასე დასწყდა გული.
ფეხბურთელს სექსი არ ღუპავს
- თქვენს დროს ყველაფერი უფრო იოლად იყო. აი, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ იაპონია-კორეაში ფეხბურთელებს სექსი აუკრძალა.
- მაგ მოსაზრებას არ ვიზიარებ. სექსში ცუდი რა არის? თუნდაც ეს ჩემპიონატის დროს იყოს. ფეხბურთელებს სხვა რამე, მაგალითად, ლოთობა და ნარკოტიკები ღუპავს. ჯორჯ ბესტი ავიღოთ, მას ქალები ძალიან უყვარდა, მაგრამ სანამ არ გალოთდა, მაინც შესანიშნავად თამაშობდა. მახსოვს, 1974 წელს, როცა სექსი ჩვენს გუნდშიც აკრძალეს, წამყვანი მცველი ლუის პერეირა შემომჩიოდა: "და ამათ სურთ ჩემპიონები გავხდეთ. რითი, მასტურბაციით?" იმ ნაკრებს მოედანზე სილაღისა და აგრესიულობის არქონაში ადანაშაულებდნენ, რაც შემთხვევითი სულაც არ იყო.
- თქვენი პოპულარობის ზრდასთან ერთად ალბათ თაყვანისმცემლებიც გემატებოდნენ...
- კი, ეგრე იყო, მით უმეტეს, რომ გოგონები თანდათან სულ უფრო უკომპლექსოები ხდებოდნენ. წმინდანი არც მე ვიყავი. ხშირად ამის გამო უსიამოვნებებშიც გავხვეულვარ. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როცა ქალიშვილებთან გავლაღდებოდი. შემდეგ მათთან და მის მშობლებთან დიდი ალიაქოთი მელოდა ხოლმე. ისეც მომხდარა, რომ მოულოდნელად შვილის ყოლის შესახებ გამიგია და სასამართლოებში და ექსპერტიზაზე მიხეტიალია.
- ამგვარი რამ ბევრჯერ მომხდარა?
- ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ. თანაც, მეორე შემთხვევა ახლახან, წელს მოხდა. ჩემი შვილების ლეგიონს ფლავია კრისტინა კურც დე კარვალიო შეემატა. იგი 1968 წლის დროინდელი რომანის შედეგი გახლავთ.
- მეორე ქალს, სანდრა რეჟინას ნაკლებად გაუმართლა...
- ჰო, მართალია, იგი ირწმუნება, რომ ჩემი შვილია და 1961 წელს შინამოსამსახურისაგან გაჩნდა, თანაც ჩვენი დნმ ემთხვევა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. ოდესღაც, მსგავსი პრობლემები თავიდან რომ ამეცილებინა, ოპერაცია - სპერმის სადენების რეზექცია გავიკეთე და მას შემდეგ ბუნებრივი გზით შვილის ყოლა აღარ შემიძლია. შემდეგ, როცა ჩემს ამჟამინდელ მეუღლეზე ასირიზე დავქორწინდი ვინანე, მაგრამ რას ვიზამდი, ლაბორატორიული განაყოფიერება მოვახდინეთ. ასე გაჩნდნენ ტყუპები სელესტე და ჯოშუა.
- ერთი წლის წინ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 63 წლის ლეგენდარული კალათბურთელი უოლტ ჩემბერლენი ირწმუნებოდა, რომ 20 ათასზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა...
- ფენომენალურია! მით უმეტეს, თუ კალათბურთელის დატვირთვებს გავითვალისწინებთ. ენერგია და ძალა მას ნამდვილად ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სექსუალური მდგომარეობა კვლავაც ნორმაშია, მის რეკორდთან მიახლოებასაც ვერ შევძლებ.
- ის რომ ცოცხალი იყოს, ალბათ იმპოტენციის საწინააღმდეგო წამლის მშვენიერი პროპაგანდისტი იქნებოდა, არა?
- უფრო ალბათ პრეზერვატივების პროპაგანდისტი.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010