მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კვირას
2002-12-29
ქართველი დეპუტატები მათხოვრებს დაერევიან და მათ ადგილს დაიჭერენ: პარლამენტარების საახალწლო ტირილი და კვნესა

ალბათ, ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი წელსაც, ისე როგორც ყოველთვის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გაიგზავნება. საყვარელი პრეზინდეტის გულის მოგებას თითოეული ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი თავისებურად შეეცდება. თავად ქვეყნის პირველი პირისგან ახალი წლის პირადად მილოცვის პატივი კი მთელ საქართველოს ექნება. ალბათ, ედუარდ შევარდნაძის წლიური ანგარიში აბსოლუტურად იგივე იქნება, რაც შარშან. პრეზიდენტი მთელ სამწყსოს კვლავაც ბედნიერი ხმით ამცნობს, რომ საქართველო აყვავებისა და აღორძინების გზაზე დგას.

ამ აყვავებულ საქართველოში კი ბევრს იმის საშუალებაც კი არ ექნება, რომ ოჯახის წევრი ტკბილეულით დააბეროს, მაშინ როცა ძლიერნი ამა სოფლისანი თავის განებივრებულ შვილიკოებს საახალწლო ნაძვის ხესაც კი შვეიცარიიდან გამოუწერენ, მოსართავ სათამაშოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ახალი ქართველების საახალწლო სუფრებს ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად უცხოური დელიკატესებიც დაამშვენებს. მაგრამ ამ თემაზე საუბრის დროს ეს მდიდრები ისე ტირიან, რომ მათი სიბრალულით გული მოგიკვდება.

ამას წინათ ერთ-ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, საახალწლოდ ყველაფერს ცეცხლის ფასი ექნება, სად მაქვს გადასაყრელი ფული, ამიტომ თადარიგი დავიჭირეთ და თითქმის ყველაფერი უკვე შეძენილი გვაქვსო

ამასთან, არიან ისეთებიც, რომლებსაც საახალწლოდ საკუთარი მილიონებისთვის ერთი თეთრის მოკლებაც კი არ სჭირდებათ. მათ სუფრაზე ძირითადად მეგობრები ზრუნავენ, ზოგს გოჭი მოაქვს, ზოგს ინდაური და სხვა. თბილისის ერთ-ერთი ყოფილი მერის ქვეშევრდომმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა,

"როდესაც მერის სახლში საახალწლოდ ნობათი მიგვქონდა ხოლმე, მის სიდედრს ხელში ლამის სია ეჭირა, რომელ სტრუქტურას სად უნდა დაედო თავისი ძღვენი. იცოცხლე, იქ ამბავი ხდებოდა

რას არ ნახავდა კაცი. ალბათ, ამ სურსათ-სანოვაგით ერთი ქორწილის სუფრა თავისუფლად გაიშლებოდა. ხშირად, ნობათით დატვირთული კარებთან ლამის რიგსაც კი ვაყენებდითო.

ასე რომ, ქართველ პარლამენტარებს უკვე კარგი საახალწლო განწყობა აქვთ. ბევრს უკვე აღარც შეუსრულებელი ბიუჯეტი, არც ჩავარდნილი რეფორმები და პრობლემები აღარ ადარდებს, უკვე ერთი სული აქვს, "შამპანურს" როდის გახსნის, შემწვარი გოჭის კარგ ნაჭერს ჩაახრამუნებს და ოჯახს დაილოცავს. ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა ოჯახურ გარემოში აპირებს ახალი წლის ღამის გატარებას. თუმცა, ცხადია, ბევრი მათგანი არც რესტორანში ქეიფსა და დროსტარებაზე იტყვის უარს. ცნობილია, ახალი წლის ღამეს რა სურვილსაც ჩაუთქვამ, ის აუცილებლად აგისრულდება. თორმეტი საათის შემობრძანებასთან ერთად პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები, ალბათ, მხოლოდ ერთ სანუკვარ ოცნებას ჩაიფიქრებენ, წელს მაინც გავხდეთ დეპუტატები, რათა ოთხი წლით იმუნიტეტი და პრივილეგიები "გავინაღდოთო". დღევანდელი პარლამენტარები კი ამ პატივის კვლავ მოპოვებას ჩაუთქვამენ. ჩინოვნიკები კი კვლავაც პრეზიდენტის წყალობის ნატვრასა და საკუთარი სკამის შენარჩუნების ფიქრში გაატარებენ ღამეს.

სხვათა შორის, შარშან დეპუტატებს წინასაახალწლო განწყობა საგრძნობლად გაუფუჭა იმან, რომ მათმა კუთვნილმა ხელფასებმა ბოლო დღემდე დააგვიანა. ზოგიერთს ბაზარში სირბილი 31 დეკემბრის საღამოს მოუხდა. შეიძლება კანონმდებლებს წელსაც იგივე დაემართოთ. მათი ხელფასები კვლავაც არ ჩანს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტებზე გულზე მჯიღის ცემით საუბრობენ და დერეფანში გამოსულები კი უკვე საკუთარ ჯიბეზე ტირიან. "თუ იცი, შემთხვევით ხელფასი ხომ არ არის", - პარასკევს საღამომდე დეპუტატები ასეთი გადაძახილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს.

ალეკო შალამბერიძე, ფრაქცია "ტრადიციონალისტი: "როგორც ჭეშმარიტი ტრადიციონალისტი, ახალ წელს მეც ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდები. სუფრა კი ნამდვილი ქართული მექნება. ერთ გოჭს აუცილებლად ვიყიდი, კუჭმაჭით გამოვტენით და შევწვავთ. ინდაურში ფულის დახარჯვას კი ნამდვილად არ ვაპირებ, სტუმრად რომ წავალ, იქაც კარგად შევჭამ. გოზინაყი ძალიან მიყვარს და ამიტომ წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც ვაკეთებ ხოლმე, ასე რომ, ახალი წლის სუფრაზე უმთავრესი ნუგბარი სწორედ გოზინაყი იქნება. საერთოდ, გათვალისწინებული მაქვს, რომ საახალწლო სუფრას დაახლოებით ორას ლარამდე დავახარჯო. მაგრამ თუ ხელფასი არ მოგვცეს, აი, მაშინ უკვე არ ვიცი, რას გავაკეთებ. თუმცა, ერთი გამოსავალი არსებობს, პარლამენტის შემოსასვლელთან გავალ, მთელ მათხოვრებს მივყრი-მოვყრი, დავდგები და ჩემს მდიდარ კოლეგებს გამოვართმევ ფულს. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილს, ზაზა სიორიძეს, გოგი თოფაძეს, ზურაბ ტყემალაძეს და კიდევ სხვებს. თანაც, იმდენს გამოვართმევ, რომ ყველაფერი ორ-ორი ვიყიდო და ორჯერ ორასი ლარი დავხარჯო. მაგრამ იმედია, არ დამჭირდება".

ფიქრია ჩიხრაძე, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები": "ჯერჯერობით არ ვიცი, ახალ წელს სად შევხვდები. დედაჩემი დიდთოვლობის გამო რაიონიდან ვერ დაბრუნდა თბილისში. მარტო დავრჩი, ამიტომ ახალი წლის ღამეს სახლში ნამდვილად არ ვიქნები. თუმცა, ჩემს ბინას ლამაზად მოვრთავ, რადგან დაბრუნებულს საახალწლო განწყობა დამხვდეს. არც მინდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ხელფასი არ მოგვცენ. იმედია, ახალ წლამდე ერთი დღით ადრე მაინც დაგვირიგებენ. თუმცა, რას მოვასწრებთ! საერთოდ, წინასწარ არასოდეს ვსაზღვრავ, რამდენი უნდა დავხარჯო. ამჯერადაც ასეა. ძირითად თანხას მაინც მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენას მოვახმარ".

ფრაქცია "აღორძინების" ლიდერი ვალერი გელბახიანი ახალ წელს სუფრის ნაცვლად ლოგინში შეხვდება, რადგან ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ასე რომ, წინასაახალწლო სამზადისში გელბახიანი მონაწილეობას ვერ იღებს. "ჩემი მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები იზრუნებენ იმაზე, რომ ნამდვილი ქართული სუფრა გვქონდეს. ამიტომ დაახლოებით ორას დოლარამდე დავხარჯავთ. მართალია, პარლამენტში ჯერ ხელფასები არ აგვიღია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მხოლოდ ამ შემოსავალზე ვარ დამოკიდებული. ღმერთმა მიცოცხლოს ჩემი ძმა და მეგობრები, ისინი გვერდში მიდგანან და ყველაფერში მეხმარებიან. ასე რომ, არც ჩვენ, საახალწლო სუფრას დააკლდება რამე".

ელენე თევდორაძე, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები": "ყოველ ახალ წელს იმდენად ბანალურად და ერთფეროვნად ვხვდები, რომ სათქმელიც კი არაფერი მაქვს. წინასწარ არ ვფიქრობ, როგორი საახალწლო სუფრა მექნება და რამდენს დავხარჯავ. ხოლო თუ ახლა ხელფასიც არ იქნა, მაშინ არ ვიცი, რა მეშველება. ამჯერად მხოლოდ ოცდაათ ლარამდე მაქვს და ამ თანხას ყოველდღე ორ-ორი ლარი აკლდება, რადგან შვილიშვილი მთხოვს".

დავით ბერძენიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი: "წინასაახალწლო განწყობა ნორმალური მაქვს, თუმცა, აჯობებდა, რომ უკეთესი ყოფილიყო. როგორც ყველა ქართველი, ახალ წელს მეც ოჯახთან ერთად შევხვდები. მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავალ. სუფრაც ნამდვილი ქართული და ტრადიციული გვექნება. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ სუფრაზე სასმელი უნდა იყოს აღმოსავლურ-ქართული, ხოლო კერძები დასავლურ-ქართული. საახალწლოდ კახური ღვინო უკვე მაქვს. ძირითად სანოვაგეს ჩემი სიდედრ-სიმამრი ოზურგეთიდან ჩამოიტანენ. გზები რომ არ ჩაიკეტოს და ამ დოვლათის გარეშე არ დავრჩეთ, თადარიგი დავიჭირეთ და ისინი თბილისში ორი-სამი დღით ადრე ჩამოვლენ. ტკბილეულს და სხვა რაღაცებს კი თბილისში შევიძენ და ამ ყველაფრისთვის ასი ლარი მაქვს გათვალისწინებული. სიმართლე რომ გითხრათ, მეტის დახარჯვის არც საშუალება მაქვს და არც სურვილი".

ავტორი: ნინო ლოლაძე


კალენდარი
აპრილი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი