1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგედიიდან თორმეტწლიანი ციკლი გასრულდა და საქართველო კვლავ ახალი წლის მოლოდინშია. მიუხედავად მნიშვნელოვანი პერიოდის გასვლისა, იმდროინდელი მოვლენების შედეგები დღესაც არასახარბიელოდ იჩენს ხოლმე თავს. მაშინდელ ამბებს ბევრი საგაზეთო წერილი მიეძღვნა და ალბათ, მალე დისერტაციებიც დაიწერება. როგორ შეხვდნენ 1992 წლის 1 იანვარს ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში? ამის თაობაზე უამრავი ჭორი და სიმართლე აირია ერთმანეთში, ხშირად საქართველოს დედაქალაქში დანთებული საომარი ცეცხლის მონაწილენი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც არ ერიდებიან. არცთუ იშვიათად, სხვადასხვა დროს მათ მიერვე ნათქვამ ფრაზებს თავად უარყოფენ. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ძმათაშორის გაჩაღებული სისხლისღვრის შესახებ? ამის გასარკვევად თითოეულ მათგანს დავუკავშირდით და ახალი წლის პირველი დღის გახსენება ვთხოვეთ.
1991 წლის 31 დეკემბერი თენგიზ სიგუასთვის ერთი ჩვეულებრივი ახალი წლის დასაწყისი სულაც არ გამომდგარა: "ახალ წელს "იმელის" შენობის სადარბაზოში შევხვდი, სადაც სამხედრო ლაზარეთი იყო მოწყობილი და ყოველ წუთს დაჭრილები შემოჰყავდათ. სამი-ოთხი ქირურგი მუშაობდა. დაახლოებით ათი საათისთვის ამ ე.წ. სამხედრო ლაზარეთში შევედი და იქ დილის სამ საათამდე დავყავი. ეს იყო სახელდახელოდ მოწყობილი საოპერაციო. ერთ-ერთი იქ მყოფთაგანიც კი დამამახსოვრდა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, გვარად ქართველიშვილი, რომელმაც მთელი ღამე ჩვენთან ერთად გაათენა. ღამის ათი საათიდან სროლები შეწყდა. არაყი და კონიაკი არ გვქონია.
მედიკოსებს სპირტი ჰქონდათ, რომელიც წყალში გაურიეს, გააზავეს და ახალი წელი ასე მივულოცეთ ერთმანეთს. მეორე დღეს კი სროლები კვლავ გაგრძელდა, თუმცა ინტენსივობამ იკლო
ჯაბას და თენგიზ კიტოვანს კი, მხოლოდ მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე შევხვდი და მივულოცეთ ახალი წლის დადგომა."
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი: "ახალ წელს ჩემს ჯარისკაცებთან ვიყავი "იმელის" შენობაში".
- ახალი წლის დადგომა როგორ აღნიშნეთ და სროლები თუ იყო?
- სროლა არ ყოფილა, ჩვენ ვხედავდით, "ზვიადისტები" როგორ ქეიფობდნენ და როგორ ისროდნენ ჰაერში.
- როგორ ქეიფობდნენ?
- არ ვიცი, მერე კადრები რომ ვნახეთ, გვლანძღავდნენ, სადღეგრძელოებს იძახდნენ. ჩვენ ფხიზლად ვიყავით. ერთ ჯარისკაცსაც არ დაულევია, ერთმანეთისთვისაც არ მიულოცავთ, რა გვეახალწლებოდა, ომი იყო.
- თქვენ ერთი ჭიქა მაინც არ დაგილევიათ?
- არა, არ დამილევია.
- ჯარისკაცების გარდა ვინ იყვნენ თქვენ გვერდით?
- კოტე მიქელაძე, თენგიზ სიგუა... ალკოჰოლის მიღება აკრძალული გვქონდა.
- თენგიზ სიგუამ თქვა, სპირტში გავურიეთ წყალი და იმით აღვნიშნეთ ახალი წელის დადგომაო.
- არ ვიცი, არა მგონია.
- თუ იყო დაპირისპირებულ "მხარეებს" შორის გადაძახილი, ან ახალი წლის მილოცვა, ან შეტაკება?
- მსგავსი რამ არ მომხდარა, 2 იანვარს შემოტევა განხორციელდა, მაგრამ უკუვაგდეთ. ამის შემდეგ პატარ-პატარა შეტაკებებიც იყო...
- თქვენ საიდან გქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ "ზვიადისტების" ქეიფი დაგენახათ?
- ისინი მანათობელ ჭურვებს ჰაერში ისროდნენ და ყველაფერი ჩანდა.
ნუგზარ მოლოდინაშვილმა, რომელიც ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ე.წ. "ბუნკერში" იმყოფებოდა, ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა და გვითხრა: "არა, არა, აქედან არაფერი გამოვა. ამ შემთხვევაში არც წარსული მაინტერესებს, არც გასახსენებელია რამე და არც მინდა, რომ გავიხსენო. ეს საკითხი აღარ მაინტერესებს და არც არის საინტერესო, არა მარტო ჩემთვის, არამედ, მთელი საქართველოსთვის."
მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე: "საერთო განწყობა ისეთი იყო, როგორიც ათდღიან დაბომბვას შეეფერება. ქეიფის ხასიათზე ნამდვილად არავინ ყოფილა, ბევრი დეპრესიაშიც იყო ჩავარდნილი, მაგრამ რადგან ახალი წლის პირველი წუთები დგებოდა, მთხოვეს, იქნებ ხალხს ახალი წელი მიულოცოთო. სასადილო ოთახში ექიმები "ორივე მხრიდან" დაჭრილებს მკურნალობდნენ. ეს ფირზეცაა დაფიქსირებული. მაგიდასთან დავჯექი, იქვე იჯდა ორი მებრძოლი ქუთაისიდან და, რაც მთავარია, იმ კადრების კომენტირებისას ამბობენ, რომ თითქოს ვიგინები. მგონი, დიდი განსხვავებაა კაცს აგინებ, თუ იქ გამეფებული განწყობის გამო ანეკდოტს ყვები. ასევე აჩვენეს, როგორ შემოდის ახალგაზრდა ქალი. იქ ერთადერთი სავარძელი იყო, რომელზეც მე ვიჯექი და ის ქალბატონი ჩემი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა.
კომენტარი კი ყოველთვის უკეთდება ასეთი: თითქოს ახალგაზრდა ქალი მუხლებზე მეჯდა. მინდა გითხრათ, ის ქალბატონი, მარინე იშხნელი, რომელიც იშხნელების შვილიშვილი გახლდათ, ორი თვის წინ გარდაიცვალა."
- საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ახალი წლის დადგომა როგორ აღნიშნა?
- არავის ჰქონდა საახალწლო განწყობა. ბატონ ზვიადს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არ დაურღვევია, როგორც ასეთ დროს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. მან ერთადერთი განკარგულება გასცა, რომ შენობაში ალკოჰოლი არ მოხვედრილიყო. სხვათა შორის, სასმელი არც ყოფილა. კადრში ჩანს მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო და რამდენიმე ვაშლი.
- პრეზიდენტის მეუღლე ამ დროს სად იმყოფებოდა?
- ვერ გეტყვით, ალბათ "კოლხურ კოშკში".
- თქვენი ინფორმაციით, ახალი წლის ღამე ოპოზიციამ როგორ აღნიშნა და შეტაკება თუ მოხდა?
- ზუსტად ვერ გეტყვით, რაღაც კასეტები ქალაქში გავრცელდა, თუ როგორ ღრეობდნენ... ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა, რომ ახალ წელს ვინ როგორ აღნიშნავს, ჩემთვის ნაკლებ საინტერესოს წარმოადგენდა. ვიტყვი ერთს, ერთი კვირის მოპოვებულ თავისუფლებას ტყვია და ზარბაზანი ესროლეს. ხოლო, შეტაკება მოხდა თუ არა, ზუსტად არ მახსოვს.
იმ დროისათვის, ჯერ კიდევ ერთიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გიორგაძე: "ჩვენ 27 დეკემბერს გავთავისუფლდით, გარეთ რა ხდებოდა, დაწვრილებით არ ვიცი. ახალი წელი არ აღგვინიშნავს, ყველანი გულდამძიმებული ვიყავით."
- სად იმყოფებოდით?
- ზუსტად არც მახსოვს, სახლში ან მეგობართან ვიქნებოდი. ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაული შობაა, შობა კი ნამდვილად აღვნიშნე.
- ციხეში 22 დეკემბრის მოვლენებს რა გამოხმაურება მოჰყვა?
- ძალიან მძიმე, როცა ომია და ქართველი ქართველს ესვრის, ასეთ დროს კი არაფრის გაკეთება შეგვეძლო, უშიშროების იზოლატორი ხომ იქვე იყო. სხვათა შორის, კომუნისტების დროსაც კი უშიშროების იზოლატორში რაიმე ზეწოლა გამორიცხული იყო და ასეთი რამ არც იმ დროს ხდებოდა.
საგარეო საქმეთა ექსმინისტრი გიორგი ხოშტარია: "არც ერთ "მხარესთან" კავშირი არ მქონია, შინ ვიყავი. მოკრძალებულ სუფრასთან მე და ჩემმა მეუღლემ თითო ჭიქით დავილოცეთ. კარგ გუნებაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ."
რომან გვენცაძე: "იმ დროს საავადმყოფოში ვიწექი, 1991 წლის 23 დეკემბერს ორივე ფეხის ბარძაყში დავიჭერი და 8 იანვარს გამოვეწერე. რაც შეეხება ახალ წელს, სანამ ქვეყანა არ გაძლიერდება, მანამ მის აღნიშვნას არ ვაპირებ."
ჯაბა იოსელიანი: "27 დეკემბერს გამოვედი ციხიდან, რომელიც დაიწვა. გამოვედი და გაქანებული ომი იყო. შევკრიბე ყველა შეიარაღებული ფორმირების მეთაურები: ყარყარაშვილი, კიტოვანი, კვანტალიანი, ბესიკ ქუთათელაძე, ნოდარ გიორგაძე. მოწინააღმდეგეს შევუთვალეთ, რომ თავის ნებით წასულიყო ქვეყნიდან, გამსახურდიაზე მაქვს ლაპარაკი. ეს ხდება ჩემი გამოსვლიდან მესამე დღეს. შევუთვალეთ ნოდარ გიორგაძის მეშვეობით. თუმცა, ნოდარის პასუხი აღარ მოუტანია. ის ტელევიზიაში მოღალატედ ის გამსახურდიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 30 დეკემბრისთვის ჩვენი შტაბი განვათავსეთ ჭადრაკის სასახლეში, მაგრამ საომარი თვალსაზრისით, ეს ტერიტორია და თვითონ შენობაც, არახელსაყრელი აღმოჩნდა, ამიტომ, ავარჩიეთ მეცნიერებათა აკადემია, სადაც ვიყავი 31 დეკემბერს. საღამოს ჩემმა ბიჭებმა კონსერვები და სხვადასხვა სახის საჭმელი მოიტანეს, მეცნიერებათა აკადემიის სასადილოში დავსხედით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩემს ოთახში ავედი, ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ რუსლან მიქაბერიძე, ჩემი შვილი და ჩემი დაცვა. თითო ბოთლი შამპანური დავლიეთ და მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი. სასადილოში კი ბიჭები არაყს სვამდნენ, მთელი ღამე არ გვეძინა, მეორე დღეს კი სროლები კვლავ გაგრძელდა. სხვათა შორის, ჩემთან მოიყვანეს გრიშა ელისაშვილი, რომელიც ყოფილი მხედიონელი იყო და ჩვენს რიგებში იბრძოდა, შემდეგ კი ჩვენგან წავიდა და გამსახურდიას დაცვის წევრებს შეუერთდა. ის ზვიადმა ქალაქის მერის მოადგილედ დანიშნა. ომის დროს კი ბუნკერში იმალებოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენმა ბიჭებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს აიყვანეს, ღალატისათვის ბიჭებმა მოითხოვეს, რომ დაეხვრიტათ, მაგრამ მე გავუშვი, ახალი წელი იყო და...
ეს ამბავი ყარყარაშვილმა რომ გაიგო, მოვიდა და მითხრა, რატომ გაუშვი, ბატონო ჯაბა, მაგას ჩემი მეგობრები ჰყავს დახოცილიო. რა ვიცი, გავუშვი, ახალი წელია-მეთქი
როცა ამაფეთქეს, აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს გრიშა ელისაშვილი ყოფილა ამ ტერაქტის ხელმძღვანელი".
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტარი გიორგი ყარყარაშვილი აცხადებს: "ადამიანები იღუპებოდნენ და მათ დავტიროდით..."
- ახალი წლის დადგომა საერთოდ არ აღგინიშნავთ?
- ბრძოლები მიდიოდა, ადამიანების დაღუპვა ყოველწუთიერი პროცესი იყო, ასე რომ, როგორც ახალი წელი, ჩემთვის არ ყოფილა.
- იმ დღეს თუ მოხდა შეტაკება?
- როდესაც ისვრიან, შეტაკება ყოველთვის ხდება.
- ჯაბა იოსელიანი ამბობს, რომ გრიშა ელისაშვილი დატყვევებული ჰყავდა, რომელიც გაათავისუფლა. ამ დროს კი ბატონი გია ყარყარაშვილი შემოვიდა და თქვა, რატომ გაუშვი, მას ჩემი მეგობრები ჰყავს დახოცილიო. ამაზე თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით და ვინ არის გრიშა ელისაშვილი?
- ვიცი, რომ ის ახალი წელი ჩემთვის სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ მასეთი რამ თბილისის ბრძოლების დროს ნამდვილად არ მომხდარა. რაც შეეხება ელისაშვილს, იყო მასეთი პიროვნება, მაგრამ, მე, სულ რაღაც, 23 წლის ბიჭი, თითქოს სადღაც შევვარდი, ხტუნაობა დავიწყე და ვინმეზე არაკორექტული, ან ცუდი რამ ვთქვი, ეს აბსოლუტური ტყუილია. შეიძლება უბრალოდ მეთქვა, რატომ გაათავისუფლეთ-მეთქი.
- დაპირისპირებულ "მხარეებს" შორის გადაძახილი ან მილოცვები თუ გაისმოდა?
- იმ დღეს ახალი წელი არ არსებობდა...
ექს-ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მურმან ომანიძე ასეთ გამნარტებებს იძლევა: "იმ დროს ჰაერში ვიყავი, გროზნოდან ჩავფრინდი სოხუმში, საიდანაც მივფრინავდი სომხეთში. პრეზიდენტის დავალებით დუდაევთან ვიმყოფებოდი და პრეზიდენტ გამსახურდიასთან პირადი წერილი მიმქონდა."
- ამ დროს გამსახურდია მთავრობის სასახლეში იჯდა?
- ამ დროს ბუნკერში იყო და თბილისში ომიც მიმდინარეობდა. მისი დავალებით ბუნკერიდან რომ ამოვედი, გროზნოში დუდაევთან მივდიოდი, რადგანაც ალყაშემორტყმული პრეზიდენტის გაყვანის საჭიროება არსებობდა და სადმე ხომ უნდა წასულიყო!
- იმ წერილში რა ეწერა?
- ის დახურული წერილი პაკეტში იდო. მე უფლებამოსილება არ მქონდა და ჩემს სინდის-ნამუსს არ ვაკადრე, რომ წერილი, რომელიც ბატონი ზვიადის სახელზე იყო, გამეხსნა და წამეკითხა.
- რამდენადაც ცნობილია, 30 დეკემბერს, როცა ბუნკერიდან გამოხვედით, თქვენ "ანტიზვიადისტური" ინტერვიუ მიეცით.
- ეს მოხდა 20 იანვარს, სადაც ვთქვი, რომ ის იყო დისიდენტი, გახდა პრეზიდენტი და ამ პერიოდში მას პრეზიდენტობის საშუალებაც არ მისცეს. ანტიზვიადისტური იქ არაფერი ყოფილა.
ქალბატონი ირინა სარიშვილი: "ჩემთვის ყველა ახალი წელი ახალი წლის დასაწყისია. ახალ წელს, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, სახლში ვხვდები და 1991 წლის 31 დეკემბერსაც ჩვეულებრივ, შინ ვიყავი. მე მგონია, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, ახალ წელს მაინც ოჯახში შეხვდება. საერთოდ კი, ეს დღესასწაული სორტირებული არა მაქვს. 1991 წლის ახალი წელიც ჩვეულებრივი წლის დასაწყისი იყო".
წარსულის გახსენება და საუბარი ნოდარ ნათაძესაც გაუჭირდა: "ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი პერიოდი. ამიტომ, მიჭირს ამის შესახებ ლაპარაკი. ისე კი, 31 დეკემბერს სახლში შევხვდი. სახლში ვიჯექი, ყველანაირად უძლური. "ზემელის" აქეთ ვერ გამოვდიოდი. ჩიხში ვიყავი მომწყვდეული და ჭაში ჩაგდებული. ის ახალი წელი და განსაკუთრებით კი აღდგომა, ჩემთვის უმძიმესი პერიოდია და საშინლად მახსენდება".
ვერც ირაკლი წერეთელმა მოახერხა შეხვედროდა ახალ წელს დედაქალაქში და მით უფრო, ოჯახი წევრებთან: "1991 წლის დეკემბერში საერთოდ აღარ ვიმყოფებოდი თბილისში. ზვიადის ხელისუფლბის მიერ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და ჩემს რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად სვანეთში ვიმალებოდი, იქ ელექტროენერგია მუდმივად იყო. დამონტაჟებული გვქონდა ანტენა და რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს ტელევიზიით ვადევნებდით თვალყურს".
ვახუშტი კოტეტიშვილი: "მაშინ სახლი ამიფეთქეს მაგათ. ოცდაათ დეკემბერს გამაძევეს ჩემი სახლიდან და საერთოდ უბნიდან. იძულებული გავხდი გავქცეულიყავი. მათი ძირითადი მიზანი იყო ჩემი ბუნკერში ჩათრევა და მერე რას მიპირებდნენ, არ ვიცი. ამიტეხეს სროლა და გავიქეცი, მაშინ მეზობელმა დამმალა. ოცდათერთმეტ დეკემბერს, როგორც იქნა გავაღწიე, ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული; მოწყობილი იყო პიკეტები, გზები გადაკეტილი. ჩემს შესახებ გაცემული იყო ბრძანება, რომ სადაც არ უნდა ვენახე, მათ შტაბში უნდა მივეყვანე ცოცხალი თუ მკვდარი, მათი შტაბი კი "ბუნკერი" იყო. ყოველ ღამეს სხვადასხვა ოჯახში ვიყავი. ახალ წელს შევხვდი აწ განსვენებული მეგობრის - მურაზ ჯაფარიძის სახლში, რომელიც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. საერთოდ კი, კარგი არაფერი მახსენდება, ეს იყო კოშმარი. 31-მდე ასეთი რამ მოხდა - მომიგზავნეს ვიღაც პიროვნება, რომელმაც მერე მეზობლებში თქვა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილი უნდა ჩამეყვანა ბუნკერში ან ნებით ან ძალით, მაგრამ იარაღი ვერ დავადე, ვერ ვაკადრეო. მანამდე კი მელაპარაკა, რომ ჩამოდით, უბრალოდ გარკვევა უნდათ, თქვენ სახლში სნაიპერები გიზით თუ არაო. მე ვუთხარი, ამოდით, შვილო, დაათვალიერეთ-მეთქი. ამ პიროვნების სახელი და გვარი აღარ მახსოვს. ამ კაცის წასვლიდან მეორე დღეს დაიწყო ჩემი დევნა".
უზენაესი საბჭოს დეპუტატი, უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უშიშროების საბჭოს მდივანი, ზვიად ბოკუჩავა:
- ავტომატი "კალაშნიკოვი" მეჭირა ხელში, ვიდექი ჩიტაძის ქუჩაზე, ვიცავდი ეროვნულ დროშასა და ეროვნულ ხელისუფლებას.
- ახალი წლის დადგომა ერთი ჭიქითაც არ აღგინიშნავთ?
- დღევანდელი უშიშროების სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს იყო ჩვენი, ტრადიციონალისტთა კავშირის ოფისი, სადაც თანაპარტიელებთან ერთად, ავტომატით ხელში ვიცავდი ეროვნულ ხელისუფლებას, ეროვნულ დროშასა და სახელმწიფოებრიობას. ასეთი იყო 1992 წლის პირველი იანვარი. ალკოჰოლი ერთი წვეთიც კი არ მიგვიღია.
- ახალი წლის პირველ დღეს თუ მოხდა შეტაკება?
- არა, ღამით შეტაკება არ ყოფილა. უბრალოდ, ჰაერში გასროლით აღვნიშნეთ ახალი წლის დადგომა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010