იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილი პირები ახალი წლის დადგომას ისევე განსაკუთრებულად ელიან, როგორც ჩვეულებრივ, ციხის გარეთ. თუმცა, ახალ წელთან მათი შეხვედრა ჩვეულებრივზე უფრო არაჩვეულებრივია, თუნდაც იმიტომ, რომ "თავისუფლებაზე" გასვლის თარიღი ერთი წლით ახლოვდება.
ახალი წლისათვის მზადებას მსჯავრდებულები ერთი თვით ან კიდევ უფრო ადრე იწყებენ. თავდაპირველად, მათთვის მთავარ პრობლემას ახალი წლის ღამეს ახლობლებისათვის კუთვნილი პაემნისთვის განკუთვნილი თავისუფალი ოთახების განაწილებაა, რისთვისაც მსჯავრდებულები სპეციალურ სიას ამზადებენ. აქ ყველაფერი დასწრებაზეა. მსჯავრდებულები ოჯახის წევრებს უთანხმებენ დღეს და რიცხვს, როდის არის შესაძლებელი მათთვის დაწესებულებაში მისვლა. ურიგოდ შესვლა მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ხდება, როცა რომელიმე მსჯავრდებული ან მისი ოჯახის წევრი 31 დეკემბერს დაწესებულებაში მისვლას გადაიფიქრებს.
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების შეტანა კანონით აკრძალულია. ახალი წლის სუფრა კი ამ ატრიბუტის გარეშე წარმოუდგენელია. მსჯავრდებულები აქაც პოულობენ გამოსავალს. მზადდება ციხის სასმელი ე.წ. "ბრაგა", იგივე "ჟანგიანი არაყი". სასმლის მოსამზადებლად საფუარი, პურის ფქვილი და შაქარია საჭირო. აღნიშნულ პროდუქტებს პროპორციული წესით აზავებენ წყალში, რის შემდეგადაც გარკვეული დროის შემდეგ მიიღება "ბრაგა". მსჯავრდებულთა განცხადებით, "ციხის" სასმელი არც ისე ცუდია.
აკრძალული სასმლის მომზადების აღკვეთის მიზნით, შაქრისა და ფქვილის დაწესებულებაში შეტანისათვის არსებობს ფიქსირებული ნორმა, რომელიც იმდენად მცირეა, რომ არათუ სასმლის, არააკრძალული საკვების მოსამზადებლადაც კი არ არის საკმარისი. თუმცა, პატიმრები ნაცნობებისა და ახლობლების წყალობით, აკრძალული პროდუქტის დაწესებულებაში შეტანას მაინც ახერხებენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასაახალწლო პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ახლო მდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში შაქრის ფასი ბაზრობაზე ფიქსირებულ ფასთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით იმატებს.
გარდა "ბრაგისა"F, ახალი წლის მობრძანებას მსჯავრდებულები სხვადასხვა მარკისა და ფასის შუშხუნა, ოჯახის ან ბაზრობაზე ნაყიდი ღვინითა და არყით ლოცავენ. მართალია, ალკოჰოლური სასმლის შეტანა დაწესებულებაში მკაცრად აკრძალულია და ამ პროცესის აღკვეთას ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ სასმელების "ზონაში" შეტანა მაინც ხერხდება. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ხერხი არსებობს. ეს არის დაწესებულების "ადმინისტრატორისათვის" ან გუშაგისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ამ მომსახურებისათვის ფიქსირებული "სტავკა" არ არსებობს - ინდივიდუალურია.
ადმინისტრატორისთვის ფულის მიცემის შემთხვევაში სასმლის შეტანა ზედმეტი გართულების გარეშე ხდება, რასაც ვერ ვიტყვით გუშაგზე, რომელმაც პოლიეთილენის ბოთლში მოთავსებული სასმელი "ვიშკიდან" "ზონაში" უნდა გადააგდოს. ხშირ შემთხვევაში ასეთი მცდელობა მარცხით მთავრდება. პოლიეთილენის ბოთლი სკდება და სასმელიც იღვრება.
მსჯავრდებულთა ნაწილი ახალ წელს საცხოვრებელ ბარაკებში რამდენიმე მსჯავრდებულთან ერთად, ნაწილი კი "პაემნის ოთახში" ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება.
საახალწლო სუფრის მომზადება მთლიანად პატიმართა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თავისუფლებააღკვეთილი პირები, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრები საახალწლო მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. აგროვებენ პატიმრისთვის ამანათს, რომელიც საშუალოდ 200-300 ლარი ჯდება. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დაწესებულებებში შესვლა და კუთვნილი პაემანი რთულდება, ვინაიდან იქ შესვლის მსურველი ძალიან ბევრია. ამიტომ მსჯავრდებულთა ახლობლებს "ზონაში" შესვლისათვის რიგში დგომა უწევთ. ადმინისტრაცია ამ პრობლემის მოგვარებას მაქსიმალურად ცდილობს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ საახალწლოდ სახლში წასვლა ყველას ეჩქარება. დაწესებულებაში შემსვლელ მოქალაქეთა საგულდაგულო შემოწმების შემდეგ მსჯავრდებულები და მათი ახლობლები სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში ე.წ. "სვიდანიებში" შედიან. სწორედ აქ ოჯახის წევრებს მსჯავრდებულთა მიერ მომზადებული სიურპრიზები, საახალწლო საჩუქრები, მორთული ნაძვის ხე ხვდებათ. ნაძვის ხისთვის საჭირო სათამაშოებს პატიმრები კონსერვის ქილებისგანაც ამზადებენ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ პატიმართათვის ახალი წლის მოსვლა განსაკუთრებულია. "ამ დღეს ყველა მოუთმენლად ველით. ჩვენ ახალ წელს სხვაგვარად აღვნიშნავთ. აქაური ახალი წელი უფრო ლამაზი, მაგრამ ცრემლნარევია. ჩემი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქ, ზონაში, ახალ წელთან შეხვედრა ყველაზე კარგია. არც "მაშხალების" გასროლა გვავიწყდება, რომელსაც სტუმრად მოსულ ბავშვებთან ერთად, სიამოვნებით ვისვრით".
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ახალი წლის სუფრაზე მსჯავრდებულები მომავალ წელთან შეხვედრისას პირველ სადღეგრძელოდ "თავისუფლების" სადღეგრძელოს სვამენ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010