მიუხედავად ქართველების ჩვეული სიზარმაცისა, არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც ახალ წელსაც არ წყვეტენ მუშაობას. მეტიც, ბევრისთვის 31 დეკემბერი ერთ-ერთი სამორიგეო ღამეა.
ალო, გილოცავთ ახალ წელს...
ვარდო თაბუკაშვილი, სატელეფონო სადგურის, 34-ის უფროსი ინჟინერი: "პრაქტიკულად, ახალი წელი ჩემთვისაც სტუდენტობიდან მოყოლებული დღესასწაული არ არის. მაშინ 2 ან 3 იანვარს ყოველთვის გამოცდები გვქონდა და ახალ წელს ჭიქების ნაცვლად წიგნებს ვუჭახუნებდით ერთმანეთს. მერე, როცა მუშაობა დავიწყე, ახალი წლის ღამეს ყოველთვის მორიგე ვიყავი. თქვენც იცით, ისეთი დატვირთვაა ახალი წლის ღამეს, რომ პასუხისმგებელი პირი აუცილებელია სადგურში. ამ ღამეს შესაბამისად დაზიანებები მეტია და ისე ვეჩვევით პასუხს "ავტოდარბაზი 34 გისმენთ", რომ შემდეგ სახლშიც ტელეფონზე მექანიკურად იმავე სიტყვებით ვპასუხობთ ხოლმე. იყო ასეთი შემთხვევაც - სახლში მორიგეობის შემდეგ ვბრუნდებოდი, ჩემი მგზავრობის საფასური ნაცნობმა გადაიხადა, ჩასვლისას მძღოლს ვეუბნები - ჩემი ტელეფონი გადახდილია-მეთქი. შარშან ახალი წლის მილოცვა გვინდოდა სამეგრელოში 11-99-ზე. ოპერატორი ახალი წლის ღამეს ჩვენს გაწბილებას მოერიდა და საჩუქრად 11-98-ზე შეგვაერთა - თქვენი ნომერი გამორთულია, ახლოს ეგ იყო და იქნებ მეზობლებიც ყოფილიყვნენო.
"ატეესში" მუშაობას ერთი უპირატესობა აქვს, იმდენჯერ გვილოცავენ ახალ წელს, რომ მთელ წელს გვყოფნის".
მამუკა პირველი, დაცვის თანამშრომელი: "შარშან მაღაზია "ბენეტონს" ვიცავდი. ეს მაღაზია უცხოელს ეკუთვნოდა. მარტო ვმორიგეობდი, მხოლოდ საჭმელი წავიღე, სასმლის წაღებას მოვერიდე. დანიშნულების ადგილზე 12-ის ნახევარზე მივედი. მაღაზიის მეპატრონემ თვითონ მიყიდა შამპანურები, - მარტომ რომ არ მოიწყინოო. ჩავკეტე კარი, გავიშალე სუფრა, დავიდგი გვერდით ტელეფონი, შევავსე ჭიქა და დავრეკე ძმაკაცთან. მის ოჯახში პირველი სტუმარი მე ვიყავი. ყველა სადღეგრძელო მასთან ერთად დავლიე და ცოტა ხანში სხვებიც შემოგვიერთდნენ. ასეთი ახალი წელი მანამდე არასოდეს მქონია. თქვენ ოცი ოჯახის შემოვლას შეძლებდით ერთ ღამეში?"
სანამ ახალი წელი მოსულა...
კრუპიე კირა: "31 დეკემბერს საერთოდ 10 საათამდე ვმუშაობთ. მაგრამ მთელი დღის სიტუაციაა ძალზე სასაცილო. იმ დღეს ყველა ისეთი განწყობით მოდის, რომ საახალწლოდ აუცილებლად მოიგებს. შარშან ამ მიზნით ცნობილი ნათელმხიველი "ზორო" გვეწვია დედასთან ერთად. მოვიდა "რულეტკასთან", თან ხელში ფურცელი უჭირავს, რომელზეც რაღაც ციფრები უწერია. იმ ღამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მკითხავთან და ნათელმხილველთან ფეხი არ უნდა მიადგა. ფურცელზე მონიშნული ციფრები, რომლებიც "ზორომ" იწინასწარმეტყველა, რომ მოიგებდა და "რულეტკის" ისრის არჩევანი ერთმანეთს არაფრით დაემთხვა. ასე დაგვრჩა ნათელმხილველი "ზორო" მოგების გარეშე. მთელი კაზინო ამაზე იცინოდა".
ჩვენ გვიცავს ჩვენი არმია
მამუკა გორდეზიანი: "მე თბილსის ერთ-ერთ პოლკში ახალწვეულთა სერჟანტი ვიყავი. განაწესი ასეთია, ახალწვეული სანამ ფიცს არ დადებს, მისი გაშვება არ შეიძლება. ახალი წელი მოდიოდა და 114 ახალწვეული იმაზე ოცნებობდა, ერთი დღით სახლში წასულიყო. ჯერ ოფიცრებს ვუთხარი, - მარტო მე 114 კაცს ვერ მოვუვლი და ახალ წელს ყველა ერთად შევხვდეთ-მეთქი. ოფიცრებმა 30-30 ლარი დამიტოვეს, ახალ წელს მათ გარეშე რომ არ მომეწყინა: დავიბარე ახალწვეულები და ვუთხარი, ვისაც უნდა სახლში წასვლა, საახალწლოდ რაღაც მოიტანოს-მეთქი. მოკლედ, ახალ წელს 14 კაციღა დამრჩა და იმდენი საჭმელ-სასმელი მქონდა, რომ ჩვენც და უკან დაბრუნებულ ახალწვეულებს ძველით ახალ წლამდე გვეყო".
სტილისტი დონარა: "ჩვეულებრივად 6 საათამდე ვმუშაობთ, მაგრამ, რადგან ბოლო წლებში მოდაში შემოვიდა ახალი წლის ვარსკვლავებთან ერთად რესტორნებში აღნიშვნა, ამიტომ 31-ში 10 საათამდე ვაგრძელებთ ხოლმე მუშაობას. კლიენტის სიები რამდენიმე დღით ადრე დგება. ამის გადამკიდემ შარშანდელი ახალი წელი ლამის ქუჩაში გავატარე. იმ დღეს რამდენი დავვარცხნე, სათვალავი ამერია. 10 საათი ხდება და ბოლო კლიენტი დამიჯდა. ვუთხარი - დღეს უკვე დავამთავრე მუშაობა-მეთქი. მაგრად შემეხვეწა - შეყვარებულმა "არაგვში" დამპატიჟა, იქ მთელი მისი ახლობლები იქნებიან და მინდა განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეო. შემეცოდა და უარი ვერ ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ვარცხნილობა მოფიქრებული არ ჰქონდა. ვარჩიეთ და თმის დახვევა გადაწყვიტა. ფართო სახე ჰქონდა და ვუთხარი - დახვეულს გასწორებული აჯობებს-მეთქი. არაფრით დაიშალა და დავუხვიე. ბიგუდების მოხსნა და გოგონას ტირილი ერთი იყო. ნამდვილად არ უხდებოდა, არადა უკვე 11-ს 15 წუთი აკლდა. იქით სახლში მელოდებიან, აქეთ ეს ტირის - ასე შეყვარებულს ვერ დავენახვებიო და რის ვაი-ვაგლახით ჩემი საგულდაგულოდ დახვეული თმა გავუსწორე. 12-ის ნახევარია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წელს სახლში ვეღარ მოვხვდები. მაგრამ ჩემმა კლიენტმა და მისმა შეყვარებულმა სახლშიც დროზე მიმიყვანეს მანქანით, შამპანურიც მიყიდეს და ჩემი შვილისთვის სათამაშო ცხენიც გამატანეს. ერთი თვის შემდეგ ჩემს ჭირვეულ კლიენტს საქორწინო ვარცხნილობა ისევ მე გავუკეთე. თქვენ არ გინდათ, საახალწლო სიაში შეგიყვანოთ?"
როცა ახალ წელს სიახლე არ მოაქვს...
მართალია, ავტოინსპექციის თანამშრომლებისაგან განსაკუთრებული კურიოზი არ გვაქვს, უბრალოდ, ისინი ამ ღამით ყველაზე ლმობიერნი არიან ნასვამი მძღოლების მიმართ და ეჭვი გვაქვს, რომ ამაში დამნაშავე ნარჩემაშვილის დარიგებული ფოჩიანი კამფეტებია. თურმე, შს მინისტრებს ერთი ძვირფასი ტრადიცია ჰქონიათ. ახალი წლის ღამეს რკინის მინისტრები თოვლის ბაბუის როლს ასრულებენ. ტრადიცია, ალბათ, წელსაც არ დაირღვევა.
რაც შეეხება "საქენერგოს", გულით რომ გინდოდეს ახალი წლის მისალოცად დარეკვა, ნურას უკაცრავად, "საქენერგოს" ჯენტლმენი მამაკაცი თანამშრომლები, ქალებს სახლში უშვებენ, თავად ქალაქის ყველა ტელეფონს რთავენ, საგანგებოს გარდა და სანუგეშოდ გეტყვით, პირველს ჩამქრალი უბნების და მეცხრე ბლოკის სადღეგრძელოს სვამენ.
გელა გეწაძე, სასწრაფო დახმარების ექიმი: "ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ყველაზე ნაკლებად ექიმის, პოლიციელის და მეხანძრის დანახვა უხარიათ. შესაბამისად, თუ მართლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობა არ არის, არავინ გვიძახებს. ასე რომ, ყველაზე ნაკლებად სასურველი სტუმრები ვართ. სიმართლე თუ გინდათ, ახალ წელს არც ჩვენ გვიხარია მეკვლედ მისვლა".
ავთო მახარაშვილი, სახანძროს პრესცენტრი: "მეხანძრეები ასე ხუმრობენ: როცა დომინოს ვთამაშობთ, ე.ი. მშვიდობაა. ახალი წლის ღამეს თამაშის მაგივრად სიმბოლურად აღვნიშნავთ ხოლმე და საბედნიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გამოძახებაც არ არის. წინა წელს სულ 3-4 უმნიშვნელო შემთხვევა იყო. ერთხელ ასეთი შემთხვევაც გვქონდა - გამოიძახეს ბრიგადა და ხანძრის მაგივრად გაშლილი სუფრა დაგვახვედრეს".
ბიჭია, ბიჭი...
ნუკრი ქსნელაშვილი, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლი, ექიმი: "ამ დღეს ისევე ვართ მზად, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში. ახალ წელს ყველას ურჩევნია ოჯახში იყოს, მაგრამ ამ დღეს ახალი სიცოცხლის მიღება ათჯერ უფრო მეტი სიხარულია, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. აღსანიშნავია, რომ XXI საუკუნის პირველი ბავშვი, ისიც ბიჭი, საქართველოში ჩვენს საავადმყოფოში დაიბადა".
ყველაზე ორიგინალურები...
ზაზა როსტომაშვილი, მეტროს თანამშრომელი: "ჩვენთან, მიწისქვეშ დღეს და ღამეს მნიშვნელობა არა აქვს. იმათ რა უჭირთ, ვინც ცას უყურებს, ფეიერვერკით მაინც აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, ჩვენთან არსაიდან ხმა, არსით ძახილი" სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სამაგიეროდ, სადღეგრძელოები გვაქვს ყველასგან განსხვავებული. მაგალითად: წასულებისას ჭერში ვასხამთ, - მიუვიდეთო - ჩვენს ზევით ისინი არიან. როგორც მეზღვაურს მიწის დანახვა უხარია, ისე ჩვენ - მზის. ამიტომ ჩვენში ახალი წლის მთავარი სურვილი მზეგრძელობა და დღეგრძელობაა".
სეზონური სამსახური
გოდერძი კიპაროიძე, 005-ის ტაქსის მძღოლი: "ჩვენ ახალ წელს ჩვეულებრივი სამუშაო დღე, უფრო სწორად, ღამე გვაქვს. თან აქ, ჩვენთან არის "თოვლის ბაბუები გამოძახებით". ასე რომ, სულ რომ არ იყოს გამოძახება, მათი წაყვანა მაინც მოგვიწევს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში თოვლის ბაბუის ერთ-ერთი მოვალეობა საჩუქრების მიტანასთან ერთად, ერთი-ორი ჭიქის აწევა, ოჯახის დალოცვაა. ამის გამო, როდესაც სამი საათისათვის ნუცუბიძის პლატოდან დარეკეს და თოვლის ბაბუა მოითხოვეს, აღმოჩნდა, რომ იმ წუთში ფხიზელ და სამუშაო მდგომარეობაში მყოფი თოვლის ბაბუა არ იყო. გავიხედე, იქვე აწყვია საჩუქრები, თოვლის ბაბუის ტანსაცმელი თავის წვერ-ულვაშით, მეც ავდექი, გამოვეწყვე, ავიღე საჩუქრები, დავჯექი საჭესთან და წავედი. თანაც ვფიქრობ, რომ თოვლის ბაბუის და ტაქსის ფულიც მე დამრჩება. მივედი კორპუსთან, ავედი VI სართულზე, ვხედავ კარი ღიაა, ჩავთვალე, რომ ჩემთვის იყო კარი გაღებული და თამამად შევედი, თან გაზეპირებულ ტექსტს ვიძახი. შესასვლელში ვხედავ, რომ ქალი ფეხსაცმელს იხდის. ჩემს დანახვაზე კივილი დაიწყო - დიმიტრი, დიმიტრი მიშველეო. გამოვიდა დევივით კაცი და მეუბნება - თოვლის ბაბუა ხარ თუ ვინ ხარ, აქედან მოუსვიო. მეზობელ კარზე უკვე სიფრთხილით დავრეკე. აქ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. გადავეცი 3 საჩუქარი 5-5 ლარის ღირებულების. წამოსვლის წინ მასპინძელი მაძლევს 15 ლარს. ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ საჩუქრის ღირებულება იყო, გარდა ამისა, თოვლის ბაბუას თავისი გადასახადი აქვს და დაბლა ტაქსის მძღოლიც მელოდება-მეთქი. ოჯახის უფროსმა ფულიც მომცა, ღვინოც დამალევინა, ბოლოს ისიც მომაძახა - შენ, ძმაო, თოვლის ბაბუა კი არა ნამდვილი ყაჩაღი ყოფილხარო".
მოკლედ, გილოცავთ ახალ წელს ყველას, ვინც მუშაობთ და ვინც ქეიფობთ. ღმერთმა "სასწრაფო", სახანძრო და მილიცია არა დაგაჭირვოთ და ეს, მგონი, მათაც არ ეწყინებათ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010